შორტები

როგორც სამოსი, შორტი პირველად ინგლისურ კოლონიურ ჯარში გამოჩნდა მე-19 საუკუნის ბოლოს და მალე ევროპაში გავრცელდა როგორც სპორტული, ცოტა ხნის შემდეგ კი როგორც ყოველდღიური სამოსი. მე-20 საუკუნეში საბჭოთა კავშირშიც და, შესაბამისად, საქართველოშიც შორტები, როგორც მასიური სამოსი, პიონერებს ეცვათ. მოზრდილებს არ აძლევდნენ შორტების ტარების უფლებას, მამაკაცებს ამის გამო არ ემსახურებოდნენ მაღაზიებში და სადალაქოებში, ხშირად აპატიმრებდნენ კიდეც. ახლა ყველაფერი შეიცვალა და შორტები მიიჩნევა როგორც სპორტულ, ასევე ყოველდღიურ სამოსად.

ზაფხული შორტის გარეშე წარმოუდგენელია, მით უმეტეს, ბათუმში და მით უმეტეს ზღვაზე. აუტანელი სიცხის გამო შორტი აცვია ყველას, მიუხედავად ასაკისა და ფიგურისა.

მართალია, შორტები ზაფხულში ძალიან კომფორტული და პრაქტიკულია, მაგრამ სასაცილოდ რომ არ გამოვიყურებოდეთ, სანამ გარდერობში ახალ შორტებს შევიტანთ, უნდა გავარკვიოთ, როგორი შორტი შეიძლება მოგვიხდეს.

შორტებს შეუძლია ხაზი გაუსვას ფეხების დეფექტს, მაგრამ შეუძლია დაფაროს კიდეც ის. მთავარია, შორტის შერჩევისას დიდი ყურადღება მიაქციო არა მოდას, არამედ იმას, რამდენად გიხდება.

ვის როგორი შორტი უხდება და როგორ სამოსს ეხამება? _ როგორც სხვადასხვა ინტერნეტსაიტიდან გავარკვიე, ერთნაირად მოდურია როგორც მოკლე, ასევე გრძელი შორტები. ძალიან მოკლე შორტები ლამაზი ფეხების დემონსტრირების საშუალებას გვაძლევს, თუმცა უნდა გვახსოვდეს, რომ თუ არ გვაქვს შესაბამისი ფიგურა, უკეთესია დავივიწყოთ მათ შესახებ. ასეთი შორტები უხდებათ გამხდარ გოგონებს...

იდეალური ფიგურა თუ არ გაქვს, ეს ჯერ კიდევ არ არის შორტებზე უარის თქმის საფუძველი. ასეთ შემთხვევაში შეგიძლია შეარჩიო მუხლამდე (ან ოდნავ მოკლე/გრძელი) შორტები. აქვე ერთი მნიშვნელოვანი ნიუანსი: სავსე მკერდიანმა მანდილოსნებმა უკეთესია ნებისმიერ შორტებთან არა დეკოლტე, არამედ დახურული მაისური ატარონ.

ახალი ტენდენციაა ფართე შორტები, როგორც მოკლე, ასევე გრძელი. თუ გადაწყვეტ, რომ ატარო ასეთი შორტი, გახსოვდეს _ იგი ვიზუალურად აპატარავებს ფიგურას. გამხდარ, მოხდენილ ფეხებსა და წელზე ძლიერ შეკრული ფართე შორტების მორგება შეიძლება აღმოჩნდეს არა სექსუალური, არამედ კომიკური. მით უმეტეს თუ თეძოებზე ბუნებისგან საჩუქრად გერგო ზედმეტი კილოგრამები.

როგორც სტილისტები ამბობენ, სეზონის ჰიტია ჯინსის შორტები, მაგრამ საჭიროა მათი სწორად კომბინირება. მათ იდეალურად ეხამება ნახევრადგამჭვირვალე ქსოვილის პერანგები და `ბლუზკები~. მიღებული კომპლექტი ეფექტურია სწორედ სხვადასხვა სტრუქტურის ქსოვილის კონტრასტით. აქსესუარად გამოდგება ხელზე შემოხვეული ატლასის შარფი.

არის მინიშორტები მამაკაცის შარვლის სტილში, რომელიც, როგორც წესი, საქმიან სამოსს მიეკუთვნება და განსაკუთრებულად კარგად ერწყმის თხელი ნაჭრისგან შეკერილ სხვადასხვა სახის პერანგს. თუმცა, ზოგადად და მით უმეტეს საქართველოში, რთულია ასეთი სახის სამოსი საქმიან სტილს მივაკუთვნოთ.

რაც შეეხება უკვე საკმაოდ მოდურ მაღალწელიან შორტებს, იგი ვიზუალურად აგრძელებს ფიგურას და სილუეტს უფრო ლამაზს ხდის, უფრო ქალურად და მომხიბვლელად გამოიყურები. სტილისტები გვირჩევენ, შევარჩიოთ მსუბუქი ქსოვილისგან დამზადებული მაღალწელიანი შორტები. ტანზე ზედმეტად მომდგარი მოდელები ან კიდევ შორტები დაკერებული ჯიბეებით ბევრს არ უხდება და ხშირად ცვლის სხეულის პროპორციებს. განსაკუთრებით კარგია შორტები ქამრიანი წელით. მას იდეალურად ეხამება ოდნავ გრძელი (წელს ქვემოთ) პერანგები და ტოპები.

გაითვალისწინეთ _ .. “შპილკები” შორტებს არ უხდება: მაღალი ქუსლები ასეთ სამოსს ვულგარულს ხდის. შორტებთან ატარეთ საზაფხულო ფეხსაცმელები, .. “ბალეტკები”, ასევე შესაძლებელია სანდლები მცირე ქუსლით.

დაიმახსოვრეთ, “დრესკოდის” მიხედვით შორტები მიუღებელია გასვენებასა და სადღესასწაულო საღამოზე. მხიარული, მეგობრული საღამოებისთვის კი თავისუფლად შეგიძლიათ შეარჩიოთ სასურველი მოდელი.

და ბოლოს, მიუხედავად იმისა, გაქვთ თუ არა იდეალური ფიგურა, არ ღირს კატეგორიული უარი თქვათ შორტებზე. უბრალოდ, შეეცადეთ შეარჩიოთ ისეთი მოდელი, რომელიც ლამაზად და არა სასაცილოდ წარმოგაჩენთ.

0 коммент.:

Отправить комментарий