ქალბატონების მომხიბვლელობა და ეფექტურობა ძირითადად მაკიაჟზეა დამოკიდებული. თუმცა იგი საკმაოდ რთულად გასაკეთებელია და ყურადღებას მოითხოვს. სწორად შერჩეულ მაკიაჟს დიდი “ძალა” აქვს და შესაძლებელია იგი წარმატების საფუძველიც კი გახდეს, არასწორად შერჩეული კი _ პირიქით.
მაკიაჟს ირჩევენ სტილის, მოდური ტენდენციებისა და გემოვნების მიხედვით. მაკიაჟის გაკეთება სახის გაწმენდით უნდა დაიწყოთ. შემდეგ სახეზე თანაბრად წაისვით ტონალური კრემი ან პუდრი, ისე, რომ ადვილად შესამჩნევი არ იყოს. რადგან ისინი სახის ნაკლის დასაფარავად გამოიყენება, ტონალური ან პუდრი მაქსიმალურად უნდა უახლოვდებოდეს თქვენი კანის ფერს. საერთოდ კი, სასურველია ტონალური კრემის ნაცვლად პუდრი გამოიყენოთ, რადგან იგი შედარებით ნაკლებად აზიანებს კანს. რაც შეეხება რუჟს (ე.წ რუმიანა), მას იყენებენ სახისთვის სასურველი ფორმის მისაცემად, მაგრამ თუ არ იცით მისი სწორად გამოყენება, უკეთესია, საერთოდ უარი თქვათ მასზე.
შემდეგი ეტაპი ტუშის, პომადის, თვალის ფანქრისა და სხვა სახის საღებავების გამოყენებაა. ტუჩს სასურველი ფორმა შესაძლებელია კონტურის საშუალებით მივცეთ. აუცილებელია, კონტურის ფერი ემთხვეოდეს პომადის ფერს. ბევრ ქალბატონს მიაჩნია, რომ ტუჩებსგადაცილებული პომადა ვიზუალურად ზრდის მათ, სინამდვილეში კი ასე არ არის და ზედმეტი პომადა უფრო ცუდ ეფექტს იძლევა, ვიდრე პატარა ტუჩები.
მაკიაჟი წარმოუდგენელია ტუშის გარეშე. მისი გამოყენებისას კი გასათვალისწინებელია კანისა და თმის ფერი. ქერა ქალბატონებს ყავისფერი ტუში მოუხდებათ, შავგრემანმა ქალბატონებმა კი შავი ფერის ტუში უნდა გამოიყენონ. ტუშის გამოყენებისას ფუნჯი ქვემოდან ზედა მიმართულებით ისე ამოძრავეთ, რომ მისი ხელში ბრუნვა არ შეაჩეროთ. ასე არც წამწამები გადაგეწებებათ და ზედმეტ ტუშსაც არ დაიდებთ. დაიმახსოვრეთ, რომ ქვედა წამწამზე ტუშის დადება არ არის მიზანშეწონილი, გარდა ფოტო და ვიდეოგადაღებებისას.
თვალის ჩრდილის გასაკეთებლად ქუთუთო მთლიანად უნდა დაფაროთ საშუალო ტონის ჩრდილით, შემდეგ თვალს ზედა და ქვედა მხარეს კონტურით გაუკეთეთ კორექცია. თუ გსურთ თვალს ნუშისებრი ფორმა მისცეთ, ჩრდილის გაკეთება ღია ფერით დაიწყეთ და წარბის მიდამოში გაამუქეთ. თვალის ფანქრის გამოყენებისას უნდა გაითვალისწინოთ თქვენი თვალის ფორმა _ შიგნით წასმული ფანქარი ვიზუალურად აპატარავებს თვალს, ქუთუთიზე წასმული კი _ ადიდებს.
მაკიაჟის ერთ-ერთი განუყოფელი ნაწილია წარბების კორექციაც. თავდაპირველად წარბი სალონში, პროფესიონალის მიერ უნდა დამუშავდეს. როცა წარბს მისცემთ სასურველ ფორმას, შემდეგ მისი კორექცია სახლის პირობებშიცაა შესაძლებელი.
და ბოლოს, მაკიაჟის გაკეთებისას აუცილებლად გაითვალისწინეთ თმის, თვალის, ტანსაცმლის ფერი და რაც მთავარია ის, თუ სად მიდიხართ. სადღესასწაულო და ყოველდღიური მაკიაჟი მკვეთრად განსხვავდება ერთმანეთისგან.
არ დაგავიწყდეთ, რომ ძილის წინ მაკიაჟი აუცილებლად უნდა მოიშოროთ, წინააღმდეგ შემთხვევაში ზიანს მიაყენებთ კანს.
0 коммент.:
Отправить комментарий