სხეული და სუნი ჩვენი განუყოფელი ნაწილია. საკუთარი არომატის ძიება უფრო მეტია, ვიდრე საკუთარი თავის გალამაზება.
გადავწყვიტე საინტერესო ისტორიები მომეძიებია პარფიუმერულ საშუალებებზე. სუნამოს დიდი ხნის ისტორია აქვს. მას უძველესი დროიდან ამზადებდნენ და მოიხმარდნენ. კუნძულ კვიპროსზე ნაპოვნია უძველესი სუნამოს ბოთლი, იგი შექმნილია 4000 წლის წინ. მისი ინგრედიენტებია: ზეითუნის ზეთი, მირტი, დარიჩინი, დაფნა, ბერგამოტი და ანისი. ათასი წლის შემდეგ ამ საქმის შესწავლა ეგვიპტელებმაც დაიწყეს, თუმცა ისინი სუნამოს მხოლოდ და მხოლოდ ფარაონის რიტუალისთვის იყენებდნენ. არქეოლოგებმა ეგვიპტელების სუნამოები მავზოლეუმში აღმოაჩინეს. მართალია, საფრანგეთი თანამედროვე პარფიუმერიის ცენტრად მიიჩნევა, მაგრამ სუნამო ამ ქვეყანაში პოპულარული გახდა მხოლოდ რენესანსის ეპოქაში. თანამედროვე სუნამო ალკოჰოლის ხსნარისა და სურნელოვანი ზეთების ნაზავია. ამ ტექნოლოგიის გამოყენებით პირველი არომატი შეიქმნა 1370 წელს უნგრეთის დედოფლის, ელიზაბედისთვის.
რაც შეეხება სუნამოების სახეობებს, ყველაზე მდგრადი და კონცენტრირებული პარფიუმერული პროდუქცია პარფიუმია parfum an extrait de parfum) -20- 30% კონცენტრაციით, სწორედ ამიტომაა იგი საკმაოდ ძვირი. პარფიუმს მოსდევს პარფიუმერული წყალი (eau de parfum an parfum de toilette) 15 - 20 % კონცენტრაციით 90%-იან სპირტში. იგი საკმაოდ მდგრადი საშუალებაა, სურნელს ინარჩუნებს 4-6 საათის განმავლობაში. შემდეგია ტუალეტის წყალი (eau de toilette) კონცენტრაციით 10 -20%, რომლის სურნელიც საშუალოდ 3-4 საათს გასტანს.
იმისათვის, რომ სუნამომ შეინარჩუნოს ახალი და მდგრადი არომატი, სასურველია განახლდეს ოთხ საათში ერთხელ. სუნამოს სურნელი უფრო ხანგრძლივად შენარჩუნდება, თუ მას დაიპკურებთ სხეულის გარკვეულ წერტილებში: კეფა, ყურის უკანა ნაწილი, მკერდის ქვემოთ, იდაყვების შიდა მხარე, მუხლის უკანა მხარე და საერთოდ, იმ ადგილებში, სადაც მაჯისცემა იგრძნობა: მაჯაზე, იდაყვის მოხრის არეში და ასე შემდეგ.
პარფიუმერული ან ტუალეტის წყალი შესაძლებელია სამოსზეც იპკუროთ, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ ღია ფერის და გამჭვირვალე სამოსზე შესაძლებელია სუნამომ ლაქა დატოვოს. ძირითადად კი სუნამოს ტანსაცმელზე მიპკურება მაშინაა რეკომენდებული, როცა ჰაეროვანი სამოსი გაცვიათ: მოძრაობაში არომატი რამდენიმე მეტრის მანძილზე გავრცელდება. თუ არომატი მძიმე და რთულია, მაშინ ის ჰაერში გაასხურეთ და მაშინვე არომატის ღრუბელში დადექით, რათა იგი კარგად შეისრუტოს თქვენმა კანმა და ტანსაცმელმა.
სუნამოს შესაძენად, ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე განთავსებული რჩევის მიხედვით, დილით, თანაც თბილ ამინდში უნდა წახვიდეთ. შეძენამდე კი იგი მაჯაზე იპკურეთ, მასში შემავალ სპირტს აორთქლება აცალეთ და მერე გადაწყვიტეთ, იყიდოთ თუ არა.
ასევე გაითვალისწინეთ, რომ სუნამო ბევრი ადამიანის სავიზიტო ბარათია, ზოგჯერ ადამიანებს მათი სუნამოს სურნელითაც კი ვიმახსოვრებთ ხოლმე, ან კონკრეტული სუნამო ცხოვრების გარკვეულ პერიოდს შეიძლება გვახსენებდეს. სურნელმა შეიძლება ადამიანი შეგაყვაროთ ან პირიქით _ შეგაძულოთ. ასე რომ, განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ მის შერჩევას და გახსოვდეთ ცნობილი ფაქტი, რომ თუ თქვენი სუნამოს არომატს თვითონაც გრძნობთ, გარშემომყოფები შეიძლება შეწუხდნენ მისით. ეს განსაკუთრებით ეხება მეტისმეტად ტკბილ სუნამოებს, რომლებსაც ღირებულების მიუხედავად, ძალიან მძაფრი სურნელი აქვთ.
ერთი რჩევა მანდილოსნებისთვის: თუ თაყვანისმცემელმა თავი მოგაბეზრათ, გაარკვიეთ, რომელი სუნამო აღიზიანებს ყველაზე მეტად და შეხვედრის წინ იპკურეთ ხოლმე.
0 коммент.:
Отправить комментарий