თმა ადამიანის გარეგნობის ერთ-ერთი მნიშვნელოვანი ნაწილია. მოწესრიგებული თმა და სწორად შერჩეული ვარცხნილობა ხშირად პირად ცხოვრებაში ან კარიერაში წინსვლის საფუძველი ხდება.
სილამაზის სალონ „schwarzkopt “- ის სტილისტის, მადლენა ბერიძის რჩევით, ყოველდღიური ვარცხნილობის შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ სახის ფორმა და მოყვანილობა, თმის ფერი და მსგავსი ან მიახლოებული ვარცხნილობა უნდა შევარჩიოთ. „პატარა, მომრგვალო ფორმის სახეს პატარა ცხვირითა და ლამაზი ნაკვთებით, გადაწეული თმები უხდება. იმ ქალბატონებმა კი, რომლებიც უკმაყოფილონი არიან თავიანთი ნაკვთებით, ყოველდღიურ ცხოვრებაში უნდა ატარონ გაშლილი თმები. ოღონდ ამ შემთხვევაში აუცილებლად გასათვალისწინებელია სახის ფორმა“.
ძირითადად სახის ოთხი ტიპი არსებობს: ოთხკუთხედი, ოვალური, გულისებრი და მრგვალი. ოთხკუთხედი სახის მქონე ქალბატონებს მოუხდებათ ე.წ. „იტალიანკა“, ეს ვარცხნილობა ფარავს სახის კუთხეებს. თუ მაღალი შუბლიც აქვთ, სასურველია “ჩოლკა“ ატარონ.
იმ ქალბატონებმა კი, რომლებსაც გულისმაგვარი სახე აქვთ, უნდა ატარონ ან შუაზე გაყოფილი გრძელი „ჩოლკა“, ან მთლიანი „ჩოლკა“, ოღონდ გვერდზე გადაწეული. რაც შეეხება ოვალურ სახეს, მას სწორი თმები და გვერდზე გაყოფილი „ჩოლკა“ უხდება. მრგვალი სახის შემთხვევაში კი უნდა გავიკეთოთ ვაცხნილობა, რომელიც აგრძელებს სახეს და არ აფართოებს, ანუ ქვევით დავარდნილი ვარცხნილობები, ამ შემთხვევაშიც „იტალიანკა“ და მსგავსი ვარცხნილობებია სასურველი. რეკომენდებულია გრძელი, სწორი ჩოლკის ტარებაც. ქალბატონებმა, რომელთაც პატარა შუბლი აქვთ, საერთოდ არ უნდა ატარონ “ჩოლკა”. საერთოდ, სწორი, წინ ჩამოყრილი “ჩოლკა” აგრძელებს სახეს და ცხვირს, ამიტომ მოგრძო ცხვირის მქონე ქალბატონებმა გვერდით გადაწეული “ჩოლკა” უნდა ატარონ.
რაც შეეხება არა ყოველდღიურ, გამოსასვლელ ვარცხნილობას, მისი შერჩევისას აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, სად მივდივართ. წვეულების, საღამოს ვარცხნილობა უფრო კლასიკურია, აწეული თმებით, მაგრამ იგი სამოსის და სახის მიხედვით უნდა გავიკეთოთ. როგორც მადლენა ბერიძემ გვითხრა, მოდაშია უფრო ბუნებრივი ვარცხნილობები, ადრინდელი დაჭიმული თმის ნაცვლად, თმა სადადაა შეკრული და ნაწილი ოდნავ ჩამოყრილია. ასე ვარცხნილობა უფრო ბუნებრივია. რაც შეეხება ვარცხნილობას შთაბეჭდილების მოხდენის მიზნით, მაგალითად გასაუბრებაზე, პირველ პაემანზე და ა.შ., ამ შემთხვევაში უნდა გაიკეთოდ ბუნებრივი ვარცხნილობა, უნდა გამოიყურებოდეთ კარგად და არა გადაპრანჭულად.
იმ ადამიანებს კი, რომლებსაც სამსახურის სპეციფიკიდან გამომდინარე ყოველდღიურად კლასიკური ვარცხნილობის ტარება უხდებათ, მადლენა ბერიძე ურჩევს, გაიკეთონ ნაწნავი ან „კუდი“, რათა ყოველდღიური ვარცხნილობა საღამოს ვარცხნილობას არ დაემსგავსოს. გარდა ამისა, უნდა გავითვალისწინოთ, რომ თმის ხშირად აწევა არ არის რეკომენდებული, რადგან ამ დროს თმა დაჭიმულია, რაც თავის კანის დაზიანებას და თმის ცვენას იწვევს.
ვარცხნილობის მიხედვით ადამიანის ხასიათის გაგებაც შეიძლება, მაგალითად ქალბატონები, რომლებიც ყოველდღიურად ატარებენ უბრალოდ აწეულ თმას ე.წ. „კუდით“, მოუცლელები და დაბნეულები არიან; ძალიან დაბალზე შეჭრილი და წითლად ან სხვა მყვირალა ფერად შეღებილი თმები გაბედულ, თავგადასავლების მოყვარულ და თავდაჯერებულ ქალბატონებს აქვთ. გარდა ამისა, ბუნებრივად ხვეულთმიანი ადამიანები საინტერესო, შემოქმედი და რომანტიკოსი ადამიანები არიან.
0 коммент.:
Отправить комментарий