როცა ქუჩაში შემხვედრ ადამიანს ჩვენნაირი სამოსი აცვია, ხშირად არ გვსიამოვნებს და გარდერობის განახლებაზე ვფიქრობთ. სამწუხაროდ, ქალაქში არსებული მაღაზიების თითქმის ერთნაირი საქონელი არ გვაძლევს სხვებისგან განსხვავებულად ჩაცმის საშუალებას. თუმცა, არსებობს რამდენიმე ხერხი იმისათვის, რომ მასისგან განსხვავებულიც ვიყოთ და ამავდროულად სტილურიც. ამისათვის საუკეთესო საშუალებაა კერვა ან ქსოვა _ მოიფიქრეთ დიზაინი და მიმართეთ მკერავს. იმისათვის, რომ სასურველი შედეგი მიიღოთ, არ დაგეზაროთ მკერავთან რამდენჯერმე მისვლა და ამ საქმეს მხოლოდ მას ნუ მიანდობთ. რაც შეეხება ქსოვას, შეიძლება ნათესავებს ან მეგობრებს შორის აღმოაჩინოთ ადამიანი, რომელიც კარგად ქსოვს და მას სთხოვოთ დახმარება. ქსოვის სწავლა თქვენც ადვილად შეგიძლიათ და დასაწყისში პატარა აქსესუარების მოქსოვასაც შეძლებთ.
შეიძინეთ რამდენიმე სხვადასხვა ფერის უბრალო მაისური და გააფორმეთ თქვენი გემოვნებით. ამაში დაგეხმარებათ სხვადასხვა სახის ბისერები, ნაქარგები, რომლებიც იყიდება სპეციალურ მაღაზიებში და ფერადი საღებავი, რომელიც რეცხვისას არ გადადის. მისი შეძენა საკანცელარიო მაღაზიებშიც შეგიძლიათ. სულაც არ არის საჭირო მხატვარი ან პროფესიონალი მკერავი იყოთ, რომ არაფრით გამორჩეულ ნივთებს განსაკუთრებულობა შესძინოთ. მიაკერეთ ისინი ხელით ან სპეციალური წებო გამოიყენეთ. თუ მაინც ვერ მოახერხებთ, დაიხმარეთ მეგობრები, მათ შორის აუცილებლად აღმოჩნდება ვინმე, ვისაც ხელსაქმე ეხერხება. მსგავსი საშუალებებით შეგიძლიათ გააფორმოთ ჯინსის შარვლებიც და თქვენს შარვალს განსაკუთრებულობა შემატოთ.
გარდა ამისა, გადახედეთ თქვენს ძველ გარდერობს. შეგიძლიათ ძველი ნივთები გადააკეთოთ და სულ სხვა სახე მისცეთ. მაგალითად, თუ გაქვთ შემორჩენილი უკვე მოდიდან გადასული ე.წ. შლაქსები, შეგიძლიათ ბოლოები ჩაუკეროთ და მოდური”ბუტილკა” მიიღოთ. ან სულაც გადაჭერით მუხლამდე და საკმაოდ მოდური შორტი გამოგივათ.
და ბოლოს, თქვენი იმიჯი შეგიძლიათ შეცვალოთ თქვენი ან თქვენი მეგობრის მიერ დამზადებული სხვადასხვა აქსესუარით. ასეთი სამკაული სხვას ხომ არავის ექნება.
0 коммент.:
Отправить комментарий