შეიძლება ითქვას, რომ მზის სათვალე წელიწადის ყველა დროს არ კარგავს აქტუალობას. ის მხოლოდ მოდური აქსესუარი არაა, მისი ძირითადი ფუნქცია ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვაა. სათვალეების მაღაზია ”რონიკოს” მენეჯერი, ია ვარშანიძე, გირჩევთ, რომ არ შეიძინოთ ქუჩაში იაფფასიანი სათვალე _ ”თვალი რომ არ დაზიანდეს, სათვალეს ხარისხიანი ლინზები უნდა ჰქონდეს, რომლებიც რეალურად დაგიცავთ ულტრაიისფერი გამოსხივებისგან”.
როგორც ”რონიკოში” მითხრეს, არსებობს მზის სათვალეების ოთხი კატეგორია, იმის მიხედვით, თუ ულტრაიისფერი სხივების რამდენ პროცენტს ატარებს ესა თუ ის სათვალე. ზაფხულისთვის, ქალაქში სატარებლად, რეკომენდებულია მესამე კატეგორიის სათვალე: ”იაფფასიანი, უბრალო სათვალეების ტარებას, ჯობია საერთოდ არ ატაროთ, რადგან უბრალო სათვალე ულტრაიისფერი სხივებისგან ვერ გიცავთ და ის საღებავები, რომლებითაც დაფარულია მისი შუშა, აზიანებს თვალს ” _ გვითხრა ია ვარშანიძემ.
ოფთალმოლოგები გვირჩევენ, რომ სათვალეები სპეციალიზებულ მაღაზიებში შევიძინოთ და უპირატესობა მივანიჭოთ დიდშუშებიან, ფართოჩარჩოიან სათვალეს, ის ყოველი მხრიდან კარგად ფარავს თვალს. როდესაც სათვალეს მოიზომებთ, შეათვალიერეთ თქვენგან რამდენიმე ნაბიჯით დაშორებული საგნები. თუ გამოსახულება გამრუდებული ან გადანაცვლებულია, ეს ნიშნავს, რომ სათვალე არ ვარგა.
გარდა ულტრაიისფერი სხივებისგან დაცვისა, მზის სათვალეები მოდის მიმდევართათვის აუცილებელი აქსესუარია. სათვალის არჩევა აუცილებელია საერთო სტილის და სახის ფორმის მიხედვით. ამასთან დაკავშირებული რჩევები სხვადასხვა უცხოურ ინტერნეტსაიტზე მოვიძიე. მრგვალი სახის მქონე ადამიანებს მოუხდებათ კვადრატული ფორმის სათვალეები, არ მოუხდებათ დიდი სათვალე, რომელიც ლოყებს თითქმის ფარავს, ეს უფრო ამრგვალებს ვიზუალურად სახის ფორმას. იმ ადამიანებმა, რომლებსაც ოთხკუთხედი სახე აქვთ, უნდა ატარონ მკაფიოდ მომრგვალებული ჩარჩოს მქონე სათვალეები და არა _ კვადრატული და წაწვეტებული. გრძელი სახის მქონე ადამიანებისთვის კი საუკეთესო ვარიანტია დიდი ზომის სათვალეები, პატარა სათვალე უბრალოდ დაიკარგება სახეზე. გაუმართლათ გულის ფორმის სახის მქონე ადამიანებს, რადგან მათ თითქმის ყველა ფორმის სათვალე უხდებათ, გარდა ძალიან მუქი და ზედმეტი აქსესუარებით გაფორმებული სათვალეებისა. რაც შეეხება ოვალური სახის მქონე ადამიანებს, მათ აქვთ სრული თავისუფლება სათვალეების არჩევაში.
ასევე, თუ გაქვთ პატარა სახე, მოერიდეთ სათვალეს წვრილი ჩარჩოთი.
0 коммент.:
Отправить комментарий