იშვიათად თუ შეხვდები მანდილოსანს, რომელსაც შეუღებავი, ბუნებრივი თმის ფერი ჰქონდეს. თმას იღებავს ყველა _ ახალგაზრდა თუ ასაკოვანი, მანდილოსანი და მამაკაცი. მაგრამ რამდენად უსაფრთხოა საღებავი თმისთვის? ლია ვარშანიძე, სილამაზის სალონ ”იმიჯის” სტილისტი: ”ძვირადღირებული საღებავები შედარებით უკეთესი ხარისხისაა, განსაკუთრებით კარგი ხარისხისაა L’OREAL -ის საღებავები, ასევე არაუშავს GARNIER -ს და WELLA -საც. ეს საღებავები 15 ლარამდე ღირს. საერთოდ, უბრალო, 6 ლარზე ნაკლები ღირებულების საღებავები, უვარგისია.
რაც შეეხება ხნას, ადრე ხარისხიანი ხნა იყიდებოდა, რომელიც თმის ძირებს ამაგრებდა. მაგრამ ახლა უხარისხოა და ამ ხნით შეღებილი თმა სხვა საღებავსაც აღარ იღებს”.
ლია ვარშანიძე ამბობს, რომ სასურველია ახალგაზრდებმა თმა არ შეიღებონ, რადგან თმის ბუნებრივი ფერი უფრო მომხიბვლელია. სტილისტის თქმით, როცა თმას ფერს უცვლი, მას შემდეგ ინტენსიური მოვლა სჭირდება, რაც მეტ დანახარჯებსა და დროს მოითხოვს. თუ მაინც გადაწყვეტთ თმის შეღებვას, აუცილებელია სწორად შეარჩიოთ ფერი _ ”ზუსტი ტონალობის შესარჩევად მიმართეთ სპეციალისტს, მიუხედავად იმისა, სახლში იღებავთ თმას თუ სალონში. იმ ფერმა, რომელიც თქვენს მეგობარს უხდება, შეიძლება თქვენს თმაზე სულ სხვა ტონალობა მიიღოს” _ ამბობს სტილისტი. გახსოვდეთ, რომ შეღებვის შემდეგ საჭიროა სისტემატურად გამოიყენოთ სპეციალური შამპუნები. გარდა ამისა, დაგჭირდებათ სპეციალური, ე.წ. ”მასკები”, რომლებიც შეღებვის შემდეგ უნდა გაიკეთოთ, იგი აღადგენს დაზიანებულ თმას. როგორც შამპუნები, ასევე აღნიშნული ”მასკები”, შეგიძლიათ შეიძინოთ აფთიაქში და სტილისტის კონსულტაციის მიხედვით გამოიყენოთ.
რაც შეეხება ჭაღარა თმას, სასურველია თვეში ერთხელ შეიღებოთ. უფრო ხშირი ღებვისგან თმა შეიძლება დაზიანდეს. განსაკუთრებით მოსაფრთხილებელია არაჯანსაღი და დაზიანებული თმა. როგორც სტილისტი ამბობს, თმას განსაკუთრებით ქერად შეღებვისას ზიანდება.
ზოგჯერ თმა საღებავს რთულად იღებს, რაც შესაძლებელია ჯანმრთელობასთან დაკავშირებულ პრობლემებზე მიუთითებდეს: ”ფეხმძიმობის დროს თმა საღებავს არ იღებს, ასევეა მენსტრუაციის პერიოდშიც. საერთოდ, ადამიანის თმის სტრუქტურისა და სახის კანის მიხედვით ადვილად შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების გამოცნობა”.
ხშირად მანდილოსნები წარბებისა და თმის შესაღებად ერთსა და იმავე საღებავს იყენებენ, რაც არ არის რეკომენდებული. ”წარბების შესაღებად სპეციალური საშუალება არსებობს და მისი თმის საღებავით შეღებვა დაუშვებელია, მაგრამ თუ მაინც გადაწყვეტთ თმის საღებავით წარბიც შეიღებოთ, წარბზე საღებავს ორ წუთზე მეტხანს ნუ გაიჩერებთ” _ გირჩევთ სტილისტი.
0 коммент.:
Отправить комментарий