ზაფხული წარმოუდგენელია სხვადასხვა სამკაულისა და ბიჟუტერიის გარეშე. სამკაულებს ვატარებთ ყველგან _ სამსახურში, ქუჩაში და ზღვაზეც კი. თუმცა აუცილებელია, ვიცოდეთ სამკაულების ტარების წესები, სასაცილოდ რომ არ გამოვიყურებოდეთ.
პირველ რიგში უნდა შევარჩიოთ საკაულები ასაკის შესაბამისად. ახალგაზრდა გოგონებს შეუძლიათ ატარონ ფერადი ბიჟუტერია, რომელიც ფერით და სტილით ეხამება სამოსს. გამონაკლისი შეიძლება იყოს საქორწინო ბეჭედი პატარა თვლით მარცხენა ხელის არათითზე. ახალგაზრდა გოგონებისთვის შესაფერისი ძვირფასი სამკაულია მარგალიტის მძივი, მედალიონი ან ჯვარი შავ ხავერდზე, ოქროს საათი წვრილი სამაჯურით.
ქალბატონების ბიჟუტერია უნდა იყოს ხარისხიანი. ვერცხლის ნაკეთობები ძვირფასეულობად არ მიიჩნევა, მაშინაც კი, თუ მასში არის ნახევრადძვირფასი თვლები, თუ რა თქმა უნდა, ისინი იუველური ნაწარმი არაა. ამ შემთხვევაში სამკაულის გაკეთება შეგიძლიათ არაოფიციალურ სამოსთან დღის მეორე ნახევარში. ვერცხლი ბრილიანტის თვლით და სხვა ძვირფასი თვლებით, მხოლოდ ოფიციალურ სამოსთან უნდა გაიკეთოთ. ეს წესი ეხება ოქროს სამკაულებსაც.
მნიშვნელოვანია, სამკაული შეარჩიოთ თქვენი საერთო სტილის მიხედვით. თუ თქვენ ატარებთ ფერად, ნათელ, ღია და მჭიდრო სამოსს, შეგიძლიათ აირჩიოთ მასიური აღმოსავლური სამკაულები. თუ უფრო მკაცრად იცმევთ, სამკაულებიც ასეთივე უნდა იყოს _ მშვიდი, არა მყვირალა, თხელი სამაჯურები და ძეწკვები, ბეჭდები პატარა თვლებით.
გარდა ამისა, აუცილებლად გაითვალისწინეთ, რომ არ უნდა ატაროთ ბევრი სამკაული ერთად, აქაც შეიძლება კლასიკური წესით _ “არაუმეტეს სამისა” ისარგებლოთ _ არ ატაროთ სამზე მეტი სამკაული ერთდროულად. გახსოვდეთ ისიც, რომ საათიც სამკაულად მიიჩნევა. თუმცა თუ თქვენ ბიჟუტერიას ანიჭებთ უპირატესობას, არაფერი დაშავდება, სამაჯურთან და საყურესთან რამდენიმე ბეჭედსაც თუ გაიკეთებთ. საახალწლო ნაძვის ხის მსგავსი იმიჯი ”ემუქრებათ” მეტისმეტად ნათელი სამკაულების მოყვარულებს, ამ შემთხვევაში უკეთესია დაშვებულ რაოდენობას არ გადააჭარბოთ.
სამკაულების არჩევისას მნიშვნელოვანია თქვენი სიმაღლისა და პროპორციების გათვალისწინებაც. პატარა, გამხდარ გოგონას დიდი, თვლებიანი ბეჭედი არ მოუხდება, ისევე, როგორც პატარა თხელი სამკაულები დაიკარგება თქვენს ფონზე, თუ ტანწერწეტა არ ხართ.
ასევე, გახსოვდეთ, რომ სამკაულს შეუძლია პრობლემური ადგილების როგორც დაფარვა, ასევე გამოჩენა. ამიტომ,ნუ გაიკეთებთ მეტისმეტად მყვირალა და ნათელ სამკაულს, გაიკეთეთ ისეთი სამკაული, რომელიც ყურადღებას არ მიიქცევს. ერთ-ერთი ყველაზე ხშირი შეცდომა, რომელსაც მანდილოსნები უშვებენ სამკაულების ტარებისას, არის ყელსაბამის არასწორი სიგრძე. ეს სამკაული ყურადღებას იპყრობს ყელისკენ და ამიტომ შეიძლება გამოაჩინოს დადებითი ან შენიღბოს უარყოფითი მხარე. მაგალითად, ფართე ყელი შეიძლება შევნიღბოთ გრძელკულონიანი ძეწკვით ან რამდენიმეფენიანი კოლიეთი. თუ მაღალი და გამხდარი ყელი გაქვთ, თავი აარიდეთ გრძელ ბუსებს და V-ს ფორმის ძეწკვებს, თქვენ მოგიხდებათ მოკლე ყელსაბამი. ცნობილია, რომ 40-50-სანტიმეტრიანი ძეწკვები ან ბუსები უხდება თითქმის ყველა სამოსს, გარდა კაბებისა და პერანგებისა დიდი საყელოთი.
გახსოვდეთ, რომ ყველა აქსესუარს თავისი დრო აქვს _ უბრალო ოქროს სამკაულები დღისით, ყოველდღიურად შეიძლება ვატაროთ, თვლებიანი ძვირფასი ლითონები კი _ საღამოს. საათი ბრილიანტებით საღამოს აქსესუარია. სამსახურისა და დასვენებისთვის განსხვავებული აქსესუარები უნდა შეარჩიოთ. დიდი, ნათელი სამკაულები ოფისში ისეთივე შეუფერებელია, როგორც საღამოს კაბა. საოფისე სამკაულებისთვის ძირითადი მოთხოვნებია: ხარისხი, მკაცრი ფორმა და ელეგანტურობა, ასევე ზედმეტად ნათელი ფერის არარსებობა.
თვლებიან სამკაულებთან დაკავშირებისას გახსოვდეთ, რაც უფრო დიდია ქვის ზომა, მით უფრო ნაკლებად ბუნებრივად გამოიყურება იგი. ასევე, გაითვალისწინეთ, რომ თუ ერთმანეთს არ შეუხამებთ ბიჟუტერიას და ძვირფას ლითონებს, თავს აარიდებთ სამკაულების ტარების ყველაზე სერიოზულ შეცდომებს.
რაც შეეხება სამკაულების ნაკრებს, რაც გულისხმობს ერთსა და იმავე გაფორმების საყურეებს, ბეჭედს, სამაჯურს და ყელსაბამს და რომლის ტარებაც განსაკუთრებით მოსწონთ ქართველ ქალბატონებს, ყველა მათგანი ერთდროულად არასოდეს უნდა ატაროთ. ატარეთ საყურე სამაჯურთან და ყელსაბამი ბეჭედთან, ამ შემთხვევაში შეიძლება საქორწინო ბეჭდის ტარებაც.
0 коммент.:
Отправить комментарий