“მამაკაცის გაცნობისას რატომღაც დიდ ყურადღებას ვაქცევ მის ხელებს, რადგან ასე შეიძლება გავიგო ზოგი რამ მისი პიროვნების შესახებ” _ ამბობს 21 წლის ინა ახალაძე. ხელები ადამიანის სავიზიტო ბარათი რომაა, ცხადია, მაგრამ მას ძირითადად ქალები აქცევენ ყურადღებას. ფრჩხილების მოვლა და მით უმეტეს ამისათვის სალონში მისვლა, ქართველი მამაკაცებისთვის რატომღაც მიუღებელია. 20 წლის ნინო თურმანიძე კი ფიქრობს, რომ “მამაკაცმა ყურადღება უნდა მიაქციოს ფრჩხილებს. მართალია, ქართველი მამაკაცებისთვის სალონში შესვლა ფრჩხილების მოსაწესრიგებლად არავაჟკაცურად მიიჩნევა, მაგრამ მოუვლელი ხელები უფრო არავაჟკაცურია”.
“მამაკაცს მოწესრიგებული ფრჩხილები კი უნდა ჰქონდეს, მაგრამ ამისათვის სალონში წასვლა არაა საჭირო, სახლის პირობებშიც შეიძლება ფრჩხილების მოვლა” _ ამბობს ლაშა ველიაძე.
თამაზ დარჩიძე კი ფიქრობს, რომ სალონში ფრჩხილების მოწესრიგება უკვე მოდად იქცა, რაც მას არ მიაჩნია სწორად _ “ფრჩხილების მდგომარეობა მეტყველებს იმაზე, თუ რამდენადაა მამაკაცი მოწესრიგებული ყველა სხვა საქმიანობაში, რომელიც შეიძლება არანაირ კავშირში არ იყოს ფრჩხილებთან. ფრჩხილების მოსაწესრიგებლად სალონში სისტემატური ვოიაჟი გაზვიადებულია”.
ჟურნალისტ ქეთევან დუმბაძისთვისაც მნიშვნელოვანია მამაკაცს მოვლილი ხელები ჰქონდეს _ “მოვლილი ხელები მნიშვნელოვანი დეტალია პიროვნებაზე შთაბეჭდილების მოსახდენად. ინტერვიუს ჩაწერისას, მეტყველი კადრების ასახვისთვის, ტელეჟურნალისტები და ოპერატორები ერთ-ერთ აქცენტს პიროვნების თვალებთან ერთად მის ხელის თითებზეც ვაკეთებთ. მაგრამ მამაკაცი, რომელიც ფრჩხილების მოვლისთვის სალონში რეგულარულად დადის, ჩემზე ზედმეტად გადაპრანჭული ადამიანის შთაბეჭდილებას ტოვებს.”
ჩემი მინიგამოკითხვის მონაწილე როგორც მამაკაცები, ისე ქალების უმეტესობა მიიჩნევს, რომ ფრჩხილების მოვლისთვის სალონში “ვიზიტი” გადაჭარბებულია. მიუხედავად ამისა, დასკვნა ასეთია: ქალებს არ მოსწონთ მამაკაცის მოუვლელი ხელები. ჩემი აზრი კი ასეთია: მთავარია ხელები კარგად გამოიყურებოდეს და არა აქვს მნიშვნელობა, სად მოიწესრიგებს _ სალონში თუ სახლში.
0 коммент.:
Отправить комментарий