”მოდა გადადის მოდიდან, სტილი _ არასოდეს” _ ამბობდა კოკო შანელი, რომელმაც საკუთარი განუმეორებელი სტილის შექმნით ნამდვილი რევოლუცია მოახდინა 20-იანი წლების მოდაში. ამ ერთი ფრაზით შანელმა ახსნა ყველაზე მნიშვნელოვანი განსხვავება ”მოდისა” და ”სტილის” განსაზღვრებებს შორის. სტილი _ ყველა ადამიანის იმიჯის ძირითადი ელემენტია და უფრო ფართო მნიშვნელობისაა, ვიდრე ცვალებადი მოდა. სტილი ინდივიდუალობის პირველი ნიშანია, რომელიც ბევრს ამბობს ადამიანის პიროვნებაზე.
სამოსის სტილი პატარა დეტალებისა და აქცენტების ნაზავია. ასეთი აქცენტი შეიძლება იყოს სამოსის ნებისმიერი დეტალი _ აქსესუარებით და ფეხსაცმლით დაწყებული, სამოსის ქსოვილის და ფერების ჩათვლით. თანამედროვე საზოგადოებაში უამრავი განსხვავებული სტილია, რომელთა დახმარებით შეგიძლიათ საკუთარ იმიჯზე განუსაზღვრელი რაოდენობის ექსპერიმენტი ჩაატაროთ.
დღეს არსებული სამოსის სტილის კლასიფიკაცია საკმაოდ რთულია, რადგან ადამიანის სტილი შეიძლება ჩამოყალიბდეს ასაკის, სოციალური სტატუსის, პროფესიის, პირადი შეხედულებებისა და რომელიმე სუბკულტურაზე კუთვნილების მიხედვითაც კი. თუ ასაკისა და პროფესიის მიხედვით შერჩეული სტილის შემთხვევაში ყველაფერი მარტივადაა, პირადი შეხედულებების მიხედვით ათეულობით სტილია შექმნილი. მათ რიცხვშია სამოსის კონსერვატიული სტილი, მინიმალიზმი, გლამურული, ექსტრავაგანტური და ა.შ.
რამდენიმე ცნობილი ჩაცმის სტილის შექმნისთვის კი უნდა ვუმადლოდეთ სხვადასხვა სუბკულტურას _ ადამიანების ერთობას, რომლებიც უმრავლესობისგან ღირებულებებით, მეტყველებით, მანერებით, სამოსით გამოირჩევიან. სწორედ სუბკულტურების ”ხარჯზე” გაჩნდა სტილის ისეთი მიმდინარეობები, როგორიცა: გოთიკური, ჰიპი, პანკი, ემო. მართალია, თავიდან სხვადასხვა სტილი მხოლოდ ვიწრო წრეში იყო პოპულარული, მაგრამ დღეს ამგვარ სამოსს ხშირად ნახავთ ცნობილი დიზაინერების კოლექციებში.
დღეს აქტუალური რამდენიმე სტილის ჩამოყალიბებას კი თავად ისტორიამ შეუწყო ხელი, ასე, მაგალითად, ”დენდი” _ სტილი, რომელიც დიდ ბრიტანეთში ჩამოყალიბდა ჯერ კიდევ XIX საუკუნეში. თავის დროზე ქალურობის ნამდვილ ეტალონად იქცა ”New Look” სტილი, რომელსაც კრისტიან დიორს უნდა ვუმადლოდეთ და ა.შ.
ყველა ადამიანს უნდა ჰქონდეს საკუთარი სტილი _ მისი პიროვნების გამომხატველი. მთავარია, სტილის შერჩევისას ვიყოთ ინდივიდუალურები და არა მიმბაძველები. სხვისგან რაიმეს გადმოტანის დროსაც კი, უნდა ვეცადოთ, შევცვალოთ არსებული დეტალები და იდეალურად მოვირგოთ იგი.
0 коммент.:
Отправить комментарий