ამბობენ, რომ თვალები სულის სარკეა. სწორედ ამიტომ ადამიანთან უთიერთობისას დიდი მნიშვნელობა აქვს თვალებს. მანდილოსნები საათობით დგანან სარკესთან, რათა მაკიაჟის საშუალებით თვალს სასურველი ფორმა და მოცულობა მისცენ. მაგრამ თვალზე მაკიაჟის არასწორად დადებით შეიძლება საწინააღმდეგო ეფექტი მივიღოთ. ამიტომ აუცილებელია ვიცოდეთ, როგორ გავიკეთოთ მაკიაჟი სწორად.
თვალს განსაკუთრებულ მომხიბვლელობას მატებს გრძელი და აპრეხილი წამწამები, ამიტომ განსაკუთრებული ყურადღება გმართებთ ტუშის გამოყენებისას _ ფუნჯი ქვემოდან ზემოთ ისე უნდა ატრიალოთ, რომ მისი ხელში ბრუნვა არ შეაჩეროთ. ასევე, კოსმეტოლოგები გვირჩევენ, რომ ტუში არ დავიდოთ თვალის ქვედა წამწამზე. იმისათვის, რომ წამწამები უფრო ხშირი და მუქი იყოს, მაკიაჟის მოცილების შემდეგ დაიბანეთ თვალები თბილი წყლით და შემდეგ წამწამებზე ზეითუნის ზეთი წაისვით.
რაც შეეხება ხელოვნურ წამწამებს, სილამაზის სალონ ”სხივის” კოსმეტოლოგი, მაკა ქათამაძე ამბობს, რომ მათი გამოყენება თამამადაა შესაძლებელი და არანაირ საფრთხეს არ წარმოადგენს თვალისთვის. ოღონდ სასურველია შეიძინოთ ხარისხიანი წამწამები პარფიუმერიულ ან ოპტიკურ მაღაზიებში.
თვალებისთვის სასურველი ფორმის მისაცემად იყენებენ თვალის ჩრდილს. ხშირად მანდილოსნებს ქვედა ქუთუთოს ირგვლივ აღენიშნებათ სიმუქე. მაკიაჟის დროს პირველ რიგში სწორედ იგი უნდა დავფაროთ კორექტორით და მხოლოდ ამის შემდეგ გამოვიყენოთ ჩრდილები. თუ გსურთ თვალს ნუშისებრი ფორმა მისცეთ, მაკიაჟი დაიწყეთ ღია ფერის ჩრდილით და წარბის მიდამოში გაამუქეთ. საერთოდ, ჩრდილის დადებისას გაითვალისწინეთ, რომ ღია ჩრდილით უნდა აღნიშნოთ ის, რასაც გსურთ, რომ სიმკვეთრე მიანიჭოთ, ხოლო მუქი შესანიღბად გამოიყენოთ. თუ თვალი ბუნებრივად ამობურცულია, გამოიყენეთ ღია ფერის ჩრდილები, ხოლო ღრმა თვალის ბუდის შემთხვევაში რეკომენდებულია შემდეგი მაკიაჟი: წარბებს ქვემოთ დაიდეთ ღია ფერის ჩრდილი (სხეულისფერი, ოქროსფერი), ქვედა ქუთუთოზე კი _ ღია ცისფერი. წამწამების ზრდის კიდეს უნდა გაესვას ფანქარი და წამწამებს მოცულობითი ტუში. ჩამოწეული ზედა ქუთუთოს შემთხვევაში სასურველია ფანქარი არ გამოიყენოთ.
ფანქარი გვაძლევს საშუალებას, ვიზუალურად შევამციროთ ან გავზარდოთ თვალი. თვალის ვიზუალურად გადიდებისთვის შიდა კუთხესთან დაიდეთ მუქი ფერის ჩრდილი, კიდესთან კი _ ღია. შემდეგ გამოიყვანეთ თვალის შიდა კუთხე ფანქრით. დიდრონი თვალები პატარა რომ გამოჩნდეს, ფანქარი თვალის შიგნით წაისვით, ხოლო თვალის ჭრილის გასადიდებლად _ ზედა და ქვედა ქუთუთოზე.
თუ გინდათ მაკიაჟი ძნელად შესამჩნევი იყოს, ნუ გამოიყენებთ ჩრდილებს და ხელოვნურ წამწამებს, გამოიყენეთ მხოლოდ თვალის ფანქარი და ტუში.
0 коммент.:
Отправить комментарий