ალბათ ბევრ თქვენგანს, განსაკუთრებით კი მათ, ვისაც ბათუმის უნივერსიტეტში ხშირად უხდება მისვლა, შეუნიშნავს ერთი ელეგანტური, ქერა ქალბატონი, რომელიც ყოველთვის კარგად გამოიყურება და როგორც ერთ-ერთ საუნივერსიტეტო კონცერტზე აღმოჩნდა, ძალიან კარგადაც მღერის.
გაიცანით, ეს ნათია ფარტენაძეა, ფილოლოგი… ჰყავს ქმარი და ერთი შვილი, 15 წლის ბექა.
ქალბატონ ნათიას სტილზე სასაუბროდ სახლში ვეწვიე, აღმოჩნდა, რომ ის არამარტო სტილური ქალი, არამედ შესანიშნავი დიასახლისიცაა. მას შემდეგ, რაც მის მიერ მომზადებული უგემრიელესი კერძებით გამიმასპინძლდა, სტილზე საუბარიც დავიწყეთ.
“ჩემი დღე დილით შვიდის ნახევარზე იწყება, ერთ საათს საკუთარ თავს ვუთმობ და მერე თითქმის მთელ დღეს ოჯახს და სამსახურს.” კითხვაზე, თუ როგორ ახერხებს ყოველთვის ფორმაში ყოფნას, მიპასუხა _”უბრალოდ, უნდა გინდოდეს. თუ ქალს უნდა კარგ ფორმაში იყოს, როგორი დატვირთული დღეც არ უნდა ჰქონდეს, მაინც მოახერხებს. რა თქმა უნდა, ყოველდღე ვერ იქნები შესაბამის განწყობაზე, მაგრამ უნდა გახსოვდეს, რომ ქალი ხარ და ფორმაში ყოფნა აუცილებელია. დაღლილს, ღამის 3 საათზეც გამიკეთებია მანიკიური, რადგან ვიცი, რომ მეორე დღეს სამსახურში უნდა ვიყო და თავი უნდა მოვიწესრიგო”.
თავის მოვლის განსაკუთრებული მეთოდები არ აქვს, ამბობს, რომ ხშირად იმასაც არ აკეთებს, რაც საჭიროა, ამისთვის დრო აღარ რჩება. სამაგიეროდ, დიდ ყურადღებას აქცევს მაკიაჟს, უკვე ბევრი სახის სცადა და იცის, ყველაზე მეტად რომელი უხდება _ “მსუბუქ მაკიაჟს დასვენების დღეებშიც ვიკეთებ, რომ არ გავიკეთო, ისე ვგრძნობ თავს, თითქოს ავად ვარ”. ამბობს, დიეტაზე არასდროს ვყოფილვარო, მიუხადევად ამისა, შესანიშნავ ფორმაშია. მხოლოდ ერთხელ, მეუღლესთან ერთად სცადა, სამი კილოგრამი დაიკლო და შემდეგ ერთ კვირაში ხუთი კილოგრამი მოიმატა.
უყვარს გარეგნობაში მკვეთრი ცვლილებები _ “ერთფეროვნება მალე მბეზრდება, მხოლოდ თმის ფერს ვერ შევიცვლი, ძალიან შევეჩვიე და სხვა ფერი ვერ წარმომიდგენია. არც თმის ფაქტურა მიწყობს ხელს, რომ ვარცხნილობა ძალიან ხშირად შევიცვალო, თუმცა ვცდილობ როგორმე მაინც შევცვალო”.
რაც შეეხება სამოსს, ნათიასთვის მთავარია უხდებოდეს, ბრენდსა და ღირებულებას მნიშვნელობა არა აქვს. _ “სამოსი უნდა გიხდებოდეს და შენს სტილში ჯდებოდეს, თუ არ მომიხდა, რაც არ უნდა ძვირადღირებული იყოს, ვერ ჩავიცმევ, იაფფასიანი მირჩევნია”.
კერვა ბავშვობიდან ეხერხება, ყველა სამოსში თავისი შტრიხი აქვს შეტანილი, როცა კონკრეტული სამოსი მობეზრდება, შეუძლია გადააკეთოს და ისე ატაროს. თუმცა, სამოსის შეკერვას მაინც მზა ტანსაცმლის ყიდვა ურჩევნია _ “რამდენჯერმე შევიკერე კაბა, მაგრამ არ მომეწონა, გადაკეთება იყო საჭირო და სამოსი, რომელიც გადაკეთებას ექვემდებარება, აღარ მიზიდავს”. მართალია, ფასს მისთვის მნიშვნელობა არ აქვს, მაგრამ უყვარს ხარისხიანი სამოსი, ამიტომაც ხშირად ძვირს იხდის _ “თუმცა, ვერ ვიტყვი, რომ ჩემს გარდერობში ყველაფერი ძვირადღირებულია, მთავარია იყოს კომფორტული და მიხდებოდეს”.
სამოსს ბაზრობაზეც ყიდულობს, არც “სექენდ ჰენდის” წინააღმდეგია, უბრალოდ იქ სასიარულოდ დრო აღარ რჩება, მაღაზიებში უფრო სწრაფად არჩევს სასურველ სამოსს.
ნათიას სუსტი წერტილი სამკაულებია, თუმცა ძვირფას ლითონებს ხარისხიანი ბიჟუტერია ურჩევნია _ “ეს კარგად იცის ჩემმა მეუღლემ და როცა სადმე მიდის, აუცილებლად ჩამოაქვს ჩემთვის რამე სამკაული.”
სილამაზის სალონების ხშირი სტუმარია და სხვა ოცნებებთან და მიზნებთან ერთად, ერთი პატარა, საინტრესო ოცნებაც აქვს _ უნდა საკუთარი სალონი ჰქონდეს. ამბობს, რომ ძალიან მნიშვნელოვანია, როცა ქალი გრძნობს გარშემომყოფთა სიმპათიებს, ეს ერთგვარი სტიმულიცაა, რომ ყოველთვის კარგად გამოიყურებოდეს _ “დილით, სარკეში რომ შევიხედავ და ვხვდები, კარგად გამოვიყურები, ესეც უდიდესი სტიმულია, შემდეგ მთელი დღე კარგად მიდის”.
გარდა ოჯახისა და სამსახურისა, ნათიას კიდევ ერთი მნიშვნელოვანი საქმე აქვს – აბიტურიენტებს ამზადებს. ალბათ, ძალიან რთულია ასეთი დატვირთული დღის მიუხედავად, ყოველთვის ფორმაში იყო, მით უმეტეს, რომ როგორც ამბობს, მაკიაჟი და მსგავსი ნივთები ჩანთით არასდროს უტარებია.
საინტერესო საუბარში დროც მალე გავიდა და ნათიას ბოლო კითხვაც დავუსვი _ რას ურჩევდით მანდილოსნებს იმისთვის, რომ ყოველთვის ფორმაში იყვნენ? პასუხი ასეთი იყო _ “ქალმა არასდროს უნდა დაივიწყოს რომ ქალია, იზრუნოს საკუთარ გარეგნობაზე და ყველაფერი კარგად იქნება, როგორც პირად ცხოვრებაში, ასევე კარიერაში”.
1 коммент.:
genacvale natushki dzaaan magari xar da miyvarxar
Отправить комментарий