ეს კითხვა არც ისე ხშირად ისმის, მაგრამ ალბათ ყველა მამაკაცს უფიქრია ამაზე. მართალია, ყველა ქალი ინდივიდუალურია და სხვადასხვა კრიტერიუმებით აფასებს მამაკაცს, მაგრამ არის რამდენიმე თვისება, რასაც ქალები ყველაზე მეტად აქცევენ ყურადღებას. ამ თვისებების გაგების მიზნით ჩავატარე მინიგამოკითხვა სხვადასხვა ასაკის ქალბატონებს შორის. აღმოჩნდა, რომ ქალები ყველაზე მეტად ყურადღებას აფასებენ. 20 წლის ნათია კვირიკაძემ მითხრა, რომ ქალის მოხიბვლა ელემენტარული ყურადღებით შეიძლება, ძვირფასი საჩუქრების გარეშე: “ჩემი აზრით, იმისათვის, რომ ქალი მოხიბლოს, მამაკაცი უნდა იყოს: ჭკვიანი, ყურადღებიანი, ინტელექტუალური, წინდახედული, უნდა ჰქონდეს იუმორის გრძნობა, საინტერესო შინაგანი სამყარო _ ეს ყველაფერი მიზნის მიღწევამდე მიიყვანს მამაკაცს”.
ყურადღებას ანიჭებს უპირატესობას 21 წლის ხათუნა ვარშანიძეც. გარდა ამისა მას მამაკაცი რომ მოეწონოს, მისთვის რამე განსხვავებული, არაორდინალური უნდა გააკეთოს. “მამაკაცი უნდა იყოს სერიოზული. ასევე, აუცილებელია ყურადღებას აქცევდეს გარეგნობას, ყოველთვის უნდა გამოიყურებოდეს ლამაზად და მოდურად”.
32 წლის ირინე ცინცაძე კი მამაკაცის თვისებებს შორის ღირსებას და ვაჟკაცობას გამოარჩევს, ამბობს, რომ კარგი მამაკაცი არც აზიატი უნდა იყოს და არც ზედმეტად თანამედროვე, ეს ორივე თვისება შერწყმული უნდა იყოს.
როგორც ჩემი მინიგამოკითხვის შედეგად აღმოჩნდა, ქალები მამაკაცებში ხელოვნების ნიჭსაც აფასებენ. ეს 20 წლის სალომე გეგეშიძემ მითხრა _ “ერთ-ერთი, რასაც ძალიან ვაფასებ მამაკაცში, გიტარაზე დაკვრაა.”
რაც შეეხება მამაკაცის ფიზიკურ მხარეს, მანდილოსნები ამბობენ, რომ ამას გადამწყვეტი მნიშვნელობა არ აქვს. 20 წლის დეა ნიქაბაძე ამბობს: “ფიზიკურობას არ აქვს ჩემთვის არსებითი მნიშვნელობა, მთავარია, იყოს ჭკვიანი და ინტელექტუალური, ჩემზე მეტი უნდა იცოდეს, რათა მისგან რაღაც ვისწავლო. ცოტა გიჟიც უნდა იყოს, ანუ საყვარელი ადამიანისთვის ბევრი რაღაცის გაკეთება უნდა შეეძლოს. აუცილებლად უნდა მენდობოდეს და ჩემი საუკეთესო მეგობარიც უნდა იყოს, ერთგული და გულახდილი”.
21 წლის ხატია ყურშუბაძე კი მამაკაცის მთავარ ღირსებად ქალის მიმართ თავმდაბლობას და რომანტიკულობას მიიჩნევს: “მამაკაცი უნდა იყოს მოსიყვარულე და ლამაზ სიტყვებსა და წუთებს ცხოვრების ბოლომდე უნდა ჩუქნიდეს ქალს.” გარეგნობას არც მისთვის აქვს გადამწყვეტი მნიშვნელობა.
მამაკაცებო, იმედია, ჩემ მიერ მოპოვებული ინფორმაციები დაგეხმარებათ მანდილოსნების გულის მოგებაში. წარმატებებს გისურვებთ!..
0 коммент.:
Отправить комментарий