სათვალე ბევრი ქალისთვის სტილის განუყოფელი ნაწილი ხდება. ხშირად ოპტიკურ სათვალეს მხოლოდ იმიჯის შესავსებად იყენებენ. იმ ადამიანებს კი, რომლებსაც ნამდვილად სჭირდებათ იგი, ხშირად აქვთ კომპლექსი და ცდილობენ, სათვალე საერთოდ არ ატარონ. როგორც სათვალეების მაღაზია “რონიკოს” ოფთალმოლოგმა, მარიკა ჩიტორელიძემ გვითხრა, სათვალე ტარების საჭიროების შემთხვევაში აუცილებლად დროულად უნდა შევარჩიოთ და ვატაროთ იგი, თვალი უფრო რომ არ დაზიანდეს: “სათვალე ექიმმა უნდა შეგირჩიოთ, მისი თვითნებურად შერჩევა დაუშვებელია. არასწორად შერჩეული სათვალე ვნებს მხედველობას”. ოფთალმოლოგი ამბობს, რომ ადამიანმა საკუთარი თავი უნდა დაარწმუნოს სათვალის საჭიროებაში და შეეცადოს, სწორად შეარჩიოს სტილი, რომელიც მოუხდება.
ოპტიკური სათვალის შერჩევა საკმაოდ რთული ამოცანაა. კარგად რომ გამოიყურებოდეთ, საჭიროა სათვალის ფორმა შეარჩიოთ თქვენი სახის შესაბამისად. სათვალის ჩარჩოს არჩევისას გაითვალისწინეთ, რომ ჩარჩოს ზედა ხაზი უნდა იმეორებდეს წარბების ფორმას. სათვალე ახდენს ცხვირის ზომის კორექტირებასაც: თუ სათვალეს თვალებთან ახლოს ატარებთ, ეს ცხვირს უფრო დიდს გამოაჩენს, ხოლო ცხვირის შუაზე დაყენებული სათვალე სიგრძეში ვიზუალურად შეამცირებს მას. სათვალის მინებმა შეიძლება გაზარდოს ან დააპატარაოს თვალის ზომა, ამიტომ განსაკუთრებული სიფრთხილე გვმართებს მაკიაჟის გაკეთებისას. ახლომხედველების სათვალე ვიზუალურად აპატარავებს თვალს, ამიტომ მაკიაჟმა უნდა გაადიდოს იგი _ თვალები სქლად შეიღებეთ, აუცილებლად გამოიყენეთ ტუში. შორსმხედველთათვის განკუთვნილი სათვალე კი თვალს ვიზუალურად ადიდებს და ამობურცულ იერს აძლევს, ამიტომ თვალები უფრო სუსტად და ბუნებრივად უნდა შეიღებოთ, უკეთესია გამოიყენოთ მშვიდი ტონები და უარი თქვათ კაშკაშა ფერებზე.
როგორც ”რონიკოში” გვითხრეს, ზოგიერთი მზის სათვალის ოპტიკური დანიშნულებით გამოყენებაცაა შესაძლებელი. ამიტომ, თუ მაინც გაქვთ სათვალის ტარების კომპლექსი, შეგიძლიათ ქუჩაში ასეთი სათვალე ატაროთ, ოღონდ ძვირი დაგიჯდებათ. გარდა ამისა, შეგიძლიათ გამოიყენოთ სხვადასხვა სახის ლინზები. მათგან ერთ-ერთი საუკეთესოა ჟანგბადგამტარი ლინზა, რომლის ტარებაც ხუთი დღე-ღამის განმავლობაში მოუხსნელადაა შესაძლებელი. არის ერთდღიანი ლინზებიც, რომლებსაც არ სჭირდება მოვლა, სასურველია ასეთი ლინზა მგრძნობიარე თვალების მქონე ადამიანებმა ატარონ. გარდა ამისა, შეგიძლიათ ატაროთ ფერადი კონტაქტური კოსმეტიკური ლინზა. გახსოვდეთ, რომ ყველა ლინზას აქვს ტარების თავისი რეჟიმი, რომელიც არ უნდა დაარღვიოთ.
1 коммент.:
momecona statia, sasargeblo rchevebia:)) me satvales ar vatareb, magram linzebis yidvaze ki davfiqrdi, tan feradis:))))))))
Отправить комментарий