სამოსის შერჩევისას განსაკუთრებული მნიშვნელოვანია მისი ფერი, რადგან ფერებს აქვს როგორც სიმბოლური და ემოციური დატვირთვა, ასევე ადამიანის კარგად ან ცუდად წარმოჩენის უნარიც.
იმის გარკვევა, თუ რამდენად მოგიხდებათ ესა თუ ის ფერი, საკმაოდ რთულია, მაგრამ შესაძლებელი. მაგალითად, ცნობილია, რომ შავგვრემან ადამიანებს თეთრი ფერი უხდებათ და პირიქით. საერთოდ, შავი და თეთრი ფერი ყველაზე ნეიტრალური და პოპულარული ფერებია. მაგრამ არ შეიძლება მათი “ბოროტად გამოყენება”. მართალია, შავი ფერი ყველას უხდება და ხშირად ზედმეტი კილოგრამების დაფარვაშიც გვეხმარება, მაგრამ სხვა მხარესაც უნდა მივაქციოთ ყურადღება _ უბრალო შავი სამოსი მოსაწყენია გარშემომყოფთათვის. თუ მოგწონთ ეს ფერი და თქვენთვის მოსახერხებელია მისი ტარება, შეეცადეთ, გაახალისოთ იგი. შეგიძლიათ ტანისამოსს პატარა ნაქარგი გაუკეთოთ. თუ ქარგვა არ გეხერხებათ, შეიძინეთ გამზადებული ნახატი შესაბამის მაღაზიაში და მიაკერეთ სამოსს. შავ სამოსთან ატარეთ რომელიმე მხიარული ფერის აქსესუარი, მაგალითად, დიდი წითელი მძივებისგან გაკეთებული ყელსაბამი. ზედმეტი წონის დასაფარავად კი სულ არაა აუცილებელი მუქი ფერის სამოსი, ჩაიცვით ფერადი მაისური და ე.წ. “ჟილეტი”. რაც შეეხება თეთრ ფერს, უკეთესია ქათქათა თეთრის ნაცვლად კრემისფერ, სპილოს ძვლისფერ სამოსს მიანიჭოთ უპირატესობა, მათთან სხვა ფერის სამოსის შეხამება უფრო ადვილია.
ფერების შეხამებისთვის არაა აუცილებელი ფეხსაცმელი და ზედატანი ერთნაირი ფერის იყოს. ფერად სამოსს შეიძლება შეუხამოთ ასეთივე ფერის ან რამდენიმე ტონალობით განსხვავებული პატარა აქსესუარიც.
ცნობილი დიზაინერები გვირჩევენ, რომ ერთდროულად მხოლოდ სამი ფერი გამოვიყენოთ, უკეთესია თუ მათგან ერთი ნეიტრალური იქნება. არაა სასურველი მხოლოდ ერთი ფერის გამოყენებაც, არ აქვს მნიშვნელობა რომელი ფერი იქნება ეს. რაც შეეხება ზედმეტად მხიარულ ფერებს, როგორიცაა სალათისფერი, ნარინჯისფერი, მკვეთრი ყვითელი და ა.შ. მათი ყოველდღიურად ტარება არ არის სასურველი. ასეთი ფერების პატარა აქსესუარები კი გაახალისებს თქვენს იმიჯს. წითელი ფერი იშვიათად და მოკრძალებულად უნდა ატაროთ, ძირითადად მცირე დეტალის სახით, თუმცა თუ ყურადღების მიქცევა გსურთ, ამ შემთხვევაში იგი იდეალური ვარიანტია.
2 коммент.:
ui ra sayvareli var :-*
ჰო, ძალიან :* :* :*
Отправить комментарий