ერთი შეხედვით, მამაკაცის მოხიბლვა ძალიან ადვილია, ამიტომ მანდილოსნები ხშირად ამბობენ, რომ ნებისმიერ მამაკაცს მოხიბვლავენ. და მაინც, რა მოსწონთ მამაკაცებს მანდილოსნებში? რა თვისებს აფასებენ ისინი ყველაზე მეტად?
თუ მანდილოსნები მამაკაცის მხრიდან ყურადღებას ანიჭებენ უპირატესობას (რაც ჩვენს რუბრიკაში დაახლოებით ერთი თვის წინ გამოქვეყნებული მსგავსი სტატიისთვის ჩატარებულ მინიგამოკითხვითაც დადასტურდა), საინტერესოა, რას აქცევენ მამაკაცები ყურადღებას.
სტატიის მოსამზადებლად ამჯერადაც მინიგამოკითხვა ჩავატარე და სხვადასხვა ასაკის მამაკაცს მივმართე კითხვებით: როგორი უნდა იყოს მანდილოსანი რომ მათი ყურადღება მიიქციოს? რა თვისებებს აფასებენ მამაკაცები მანდილოსნებში?
25 წლის ლაშა ბაჟუნაიშვილმა მითხრა, რომ ძალიან ბევრ თვისებას და დეტალს აქცევს ყურადღებას _ “ქალი უპირველესად უნდა იყოს მოწესრიგებული. ვიდრე მას გაიცნობ, მისი გარეგნობა უნდა გეუბნებოდეს, რომ ის არის მოწესრიგებული როგორც შინაგანად, ისე გარეგნულადაც. გაცნობის შემდეგ კი მეორე ეტაპზე გადავდივარ და მასში ვეძებ მიზანდასახულობას, თავშეკავებულობას, მოკრძალებულობას, კარგ ხასიათს და რა თქმა უნდა, ელემენტარულ ყურადღებას”. ლაშა ამბობს, რომ ყურადღება მხოლოდ მამაკაცს არ მოეთხოვება და გარდა ზემოთ ჩამოთვლილი თვისებებისა, არის სხვა კრიტერიუმებიც, “რომლებიც მხოლოდ ერთადერთ მანდილოსანს მოეთხოვება და რომელიც მე უკვე ნაპოვნი მყავს…”.
22 წლის კახა კირკიტაძე ამბობს, “პირველ რიგში, აუცილებელია ქალს ჰქონდეს თბილი ღიმილი და მზერა. მისმა ღიმილმა ისე უნდა გაგიტაცოს, რომ სრულიად უცხოსთანაც კი მიხვიდე და გამოესაუბრო. მე მოვქცეულვარ ასე და არ მინანია… გარდა ამისა, ქალი დიდი რისკიცაა ცხოვრებაში, თუმცა აუცილებელი, ის ცხოვრების გარკვეულ სტიმულს გმატებს. ზედმეტია იმაზე საუბარი, რომ ქალს ჩაცმულობა და ვარცხნილობა მოწესრიგებული უნდა ჰქონდეს”. კახა ამბობს, რომ მთავარია შინაგანი თვისებები და “ცოტა ჯიუტიც რომ იყოს, არაუშავს”. კახას ყველაზე მეტად ქალის შარმი იზიდავს _ “არაა აუცილებელი ქალი მზეთუნახავი იყოს, მთავარია შარმი ჰქონდეს”.
ჟურნალისტი და მსახიობი კახა, რა თქმა უნდა, კარგი მოსაუბრე აღმოჩნდა და კითხვაზე, თუ როგორ უნდა მიიქციოს მანდილოსანმა მისი ყურადღება, მიპასუხა _ “ყურადღების მიქცევა და მამაკაცის მოხიბვლა არ ისწავლება, ეს ყველაფერი ქალს ბუნებრივად უნდა გამოსდიოდეს. არაბუნებრიობა გამაღიზიანებელია, რაც არ გამოგდის, არ უნდა გააკეთო, მამაკაცის თვალს არაფერი გამოეპარება. თუმცა ზოგჯერ შეიძლება არ შევიმჩნიოთ ბევრი რამ. ქალები ფიქრობენ, რომ მამაკაცებზე ჭკვიანები არიან, დაე, იფიქრონ, რას ვკარგავთ”.
გიორგი თუთბერიძე კი ამბობს _ “ქალს ბევრი თვისება აქვს ისეთი, რაც მამაკაცისთვის უცხო და საინტერესოა, ალბათ ყველაზე მეტად ამიტომაც იზიდავს ქალი მამაკაცს. რთულია კონკრეტულად ჩამოვაყალიბო თუ რა თვისება მომწონს მანდილოსანში, თუმცა მე თვითონ კარგად ვიცი, თუ როგორი უნდა იყოს მანდილოსანი რომ ჩემი ყურადღება დაიმსახუროს. საერთოდ კი, ქალში ის თვისებაა მოსაწონი, რომელიც ყოველთვის მოსწონდათ და არც არასდროს არ იცვლება. ეს არის: ქალური სინაზე, კდემამოსილება და ხასიათის სიმტკიცე”. როგორც გიორგი ამბობს, აღიზიანებენ “ზედმეტად თავდაჯერებული, კარიერისტი ქალები, რომლებიც ყველანაირად ცდილობენ ყურადღების ცენტრში მოქცევას”.
19 წლის სტუდენტი და ტელეჟურნალისტი მიშიკო კოპლატაძე კი ფიქრობს, რომ ქალი ლამაზი და საინტერესო უნდა იყოს _ “ყოველ დღეს რაღაც ახალი უნდა აღმოაჩინო მასში, სინაზესთან შერწყმული უნდა ჰქონდეს ქალური ძალა, რაც, ვფიქრობ, მიმზიდველს ხდის მანდილოსანს. უნდა იყოს იმდენად მოწესრიგებული, რომ მის გვერდით მყოფ მამაკაცს არ მისცეს მოდუნების საშუალება. ქალმა უნდა შეძლოს, გაცნობიდან რამდენიმე წლის შემდეგაც გქონდეს სურვილი ყველაზე დიდი სიგიჟე ჩაიდინო მისთვის”. მიშიკო ამბობს, რომ ქალი ზომიერად ინტელექტუალური და ენერგიულიც უნდა იყოს _ “ყურადღებას ვაქცევ მეტყველებასაც. მნიშვნელოვანია ჩაცმულობაც, არაა აუცილებელი ცნობილი ბრენდის ტანსაცმელი ეცვას, უბრალოდ ფერები და სტილი უნდა ჰქონდეს გემოვნებით არჩეული. მომწონს ხელოვანი მანდილოსნები. ასევე საკმაოდ დიდ მნიშვნელობას ვანიჭებ და ყველაზე ხშირად მამახსოვრდება მანდილოსნის სურნელი, სუნამო. არ მომწონს ზედმეტი მაკიაჟი და არაბუნებრიობა.”
მიუხედავად ზემოთ ჩამოთვლილი უამრავი თვისებისა, მიშიკო კოპლატაძე ამბობს, რომ ერთი თვისება შეიძლება ძალიან მოეწონოს ერთ მანდილოსანში და იმავე თვისებამ სხვასთან გაღიზიანება გამოიწვიოს.
როგორც ხედავთ, მინიგამოკითხვით აღმოჩნდა, რომ მამაკაცები უფრო პრეტენზიულები არიან და უფრო მეტ რამეს აქცევენ ყურადღებას, ვიდრე ქალები. თუ მანდილოსნების გამოკითხვისას გამოიკვეთა, რომ მათთვის ყურადღება ყველაზე მნიშვნელოვანია, მამაკაცები სრულიად განსხვავებულ თვისებებს ასახელებენ, თუმცა თუ კარგად დავაკვირდებით, შევნიშნავთ, რომ რამდენიმე მათგანმა ქალის ბუნებრივობა გამოარჩია. ასე რომ, ძვირფასო მანდილოსნებო, იყავით ბუნებრივები, მე კი ისღა დამრჩენია, წარმატებები გისურვოთ მამაკაცის გულისკენ მიმავალ გზაზე!..
1 коммент.:
Perfecttttttt...
Отправить комментарий