მოვიდა ზაფხული და მანდილოსნების გარდერობში იმატა ჭრელაჭრულა, სიფრიფანა მარაოებმა, ჩალის შლიაპებმა და თხელძირიანმა სანდლებმა. ისღა დაგვრჩენია, ხელში ზღვის დიდი ჩანთები მოვიმარჯვოთ და პლაჟისკენ გავეშუროთ. მაგრამ ყველაზე მთავარი საზღვაო ატრიბუტი _ საცურაო კოსტიუმი არ უნდა დაგვავიწყდეს.
როგორც წესი, ჩვენი გარდერობიდან ყველაზე დიდი "პოპულარობით" სწორედ ეს ნივთი სარგებლობს. მისი ჩაცმა ხომ ყოველ დღეს გვიწევს, ამიტომაც მისი შეძენისას დიდი ყურადღება გვმართებს.
არავისთვისაა საიდუმლო, რომ გოგონები მონაცემებით: 90-60-90-ზე ძალიან იშვიათად გვხვდებიან, ყველა მანდილოსანს სხეულის თავისებური ფორმა აქვს, ამიტომაც საცურაო კოსტიუმი ყველასთვის ინდივიდუალურია.
თუ განიერი მხრები გაქვთ, მოერიდეთ შორი-შორს განლაგებული ბრიტელების ტარებას. სასურველია, საცურაო კოსტიუმი კისერზე შესაბნევი თასმებით შეიძინოთ. ეს ვიზუალურად აპატარავებს განიერ მხრებს. ნუ მიიჩნევთ დახურულ საცურაო კოსტიუმს წარსულის გამოძახილად, ეს ასე არ არის. არსებობს ამ ტიპის ძალიან მოდური და კომფორტული საცურაო კოსტიუმები, ღრმად ამოღებული ზურგით, რომელიც ასევე თქვენი სტილია.
თუ პატარა მკერდი გაქვთ, არ უნდა შეიძინოთ საცურაო კოსტიუმი უბრეტელო ან/და გაერთიანებული ტოპით, უმჯობესია წინ ბაფთასავით შესაკრავი ტოპი შეარჩიოთ. ვისაც დიდი მკერდი აქვს, წვრილბრეტელებიანი ტოპი მოუხდება. თუ გსურთ, რომ სხეულის ამ ნაწილზე ნაკლები ყურადღება მიიქციოთ, საერთოდ, უბრეტელო ტოპი ჩაიცვით, ეს ვიზუალურად შეამცირებს მკერდის ზომას.
ვისაც ვიწრო მხრები და განიერი თეძოები აქვს, დაშვენდება საცურაო კოსტიუმი ორ ფერში _ ზედა ნაწილი მყვირალა ფერის უნდა იყოს, შესაძლოა ჭრელიც, ქვედა კი _ მუქი. ნუ დაგავიწყდებათ, განიერ გვერდებს ტოტებიანი საცურაო კოსტიუმი არ შვენის, ეცადეთ, მისი ქვედა ნაწილი რაც შეიძლება ვიწრო იყოს და ცოტა მაღალწელიანიც, რაც ფეხებს უფრო გრძელს და კოხტას გამოაჩენს.
მან, ვისაც გრძელი ფეხები, მაგრამ დაბალი წელი აქვს, რაც შეიძლება დაბალწელიანი ქვედა ნაწილი და მაქსიმალურად ღია ტოპი უნდა ატაროს, ვისაც პირიქით, მაღალი წელი და დაბალი ფეხები აქვს, მან მაღალწელიანი ქვედა უნდა ჩაიცვას.
თუ ზამთრის განმავლობაში წონაში მოიმატეთ და ამ ზაფხულში დიეტისთვის სულაც არ გცხელათ, ნუ შეშინდებით და ნუ მოიკლებთ ზღვაზე ცურვის სიამოვნებას: დახურული და მუქი ფერის საცურაო კოსტიუმი მოირგეთ, ღრმად შეისუნთქეთ, მხრებში გაიმართეთ და თამამად გაემართეთ მცხუნვარე მზის გულზე გასარუჯად.
0 коммент.:
Отправить комментарий