თბილისამდე მგზავრობა მატარებლის ყველაზე იაფფასიანი კუპეთი 23 ლარი ღირს, მიკროავტობუსით კი _ 20 ლარი, თუმცა არსებობს მგზავრობის კიდევ ერთი, მეტად სათავგადასავლო და რაც მთავარია, სრულიად უფასო საშუალება _ ავტოსტოპი. მას, ვისაც მოგზაურობის ამ ხერხზე არაფერი სმენია, ვეტყვი, რომ ავტოსტოპი პირდაპირ მაგისტრალიდან, სასურველი მიმართულებით მიმავალ მანქანებზე გაყოლას გულისხმობს. დანიშნულების ადგილამდე მოგზაურმა შესაძლოა რამდენიმე მანქანა გამოიცვალოს, რაც თავისთავად ახალ ნაცნობობასა და თავგადასავლებთანაა დაკავშირებული. დღეს მგზავრობის ამ საშუალებას ბევრი მიმართავს, ჰოდა ავტოსტოპით მგზავრობის წესების შესახებს, წორედ მათ დავეკითხე.
არჩილ ტოტოჩავა უკვე რამდენიმე წელია ავტოსტოპით მგზავრობს და მისი თქმით, ასე გაცილებით უფრო სწრაფად ჩადის დანიშნულების ადგილამდე: `თბილისამდე, ყველაზე მეტი 9 საათს მომწევია მგზავრობა, ისიც იმიტომ, რომ გზიდან სადღაც გადავუხვიეთ, ისე 5-7 საათი სავსებით საკმარისია~. არჩილის თქმით, თბილისამდე შესაძლოა რვა მანქანა გამოიცვალო, ან მხოლოდ ორი, ყველაფერი გამართლებაზეა.
"ზურგჩანთით, რომ გხედავენ, უფრო აჩერებენ, თუნდაც შიგ არაფერი გედოს. ჩაცმულობას რაც შეეხება, სასურველია ღია ან ჭრელი ფერები გეცვათ, რათა ღამითაც ადვილად შეგამჩნიონ. მანქანას ხელი მაშინ უნდა დაუქნიო, როცა იგი ჯერ კიდევ შორსაა შენგან _ ეს იმიტომ, რომ მძღოლმა შენთან მოსვლამდე გადაწყვიტოს, აპირებს თუ არა შენს წაყვანას, წინააღმდეგ შემთხვევაში შეიძლება ჩაგიქროლოს და შემდეგ უკან დაბრუნება შეეზაროს. მანქანაში აუცილებლად უნდა გაიღიმო და ილაპარაკო _ სიჩუმისთვის არავის აყავხარ» _ ამბობს არჩილ ტოტოჩავა.
არჩილის თქმით, ორზე მეტი ადამიანი მანქანის გასაჩერებლად არ უნდა დადგეს. ხოლო თუ მგზავრი გოგონაა, ამ შემთხვევაში მანქანის გაჩერების შანსი გაცილებით იზრდება.
ბათუმიდან თბილისისკენ მიმავალი მოგზაურის "ტრასა" შესაძლოა ბნზ-დან ან ქობულეთიდან დაიწყოს. ჩემი რესპონდენტის მარშრუტი ჩოლოქის ხიდიდან იწყება, იქამდე კი მსუბუქი ავტობუსით ჩადის. "ყოველი შემთხვევისთვის, ჯიბეში ავტობუსით მგზავრობის ღირებულება _ 20 ლარი, მაინც უნდა გედოთ, თუმცა მე ორი ლარითაც მიმგზავრია" _ ამბობს იგი.
უცხო ქვეყანაში ყოფნისას ფული და საბუთები ჯიბეში უნდა გედოთ და არა ზურგჩანთაში, ეს იმიტომ რომ შეიძლება ვინმე გიჟს გადაეყაროთ და ჩანთის მიტოვება მოგიწიოთ. თუმცა ნუ შეშინდებით, ავტოსტოპით მგზავრობის მოყვარულები ამბობენ, რომ საქართველოში გადაადგილების ეს ხერხი საკმაოდ უსაფრთხოა. ასე რომ, იმოგზაურეთ თამამად და ბედნიერი მგზავრობა!
1 коммент.:
yleoba aris saaqartveloshi
Отправить комментарий