გემრიელი სალათები ზაფხულისთვის

ზაფხულის ცხელ დღეებში რთულია ცხელი წვნიანის როგორც მომზადება, ისე მირთმევა. ამ დროს უმჯობესია გრილი და მსუბუქი კერძები მიირთვა. სწორედ ამიტომ, მარტივად დასამზადებელი საზაფხულო სალათის რამდენიმე რეცეპტს შემოგთავაზებთ:

1.მარილიან წყალში მოხარშეთ ბრინჯი (300-400გრ.) და საგულდაგულოდ გაწურეთ ან დატოვეთ საწურზე 40 წუთით. შეურიეთ სამი საშუალო ზომის კუბიკებად დაჭრილი კიტრი, 200 გრამი მაიონეზი, სულ ცოტა ცერეცო და მარილი გემოვნებით. ცხარეს მოყვარულებს შეუძლიათ კერძს მწვანე წიწაკაც დაუმატონ.

2.უგემრიელესი და ყველასთვის საყვარელი `კრაბის სალათის~ დამზადების წესი:

ნელ ცეცხლზე მოხარშეთ ბრინჯი (2 ჭიქა ბრინჯი 4 ჭიქა წყალთან შეფარდებით), შემდეგ გაავლეთ ცივი წყალი და გადაწურეთ. ბრინჯში აურიეთ დაჭრილი კრაბის ჩხირები, ორი მოხარშული კვერცხი, კუბიკებად დაჭრილი ორი პატარა კიტრი და მწვანე ხახვი, დაამატეთ ცოტა კამა, მარილი და შავი პილპილი გემოვნებით.

3. კიდევ ერთი, მარტივი და გამაგრილებელი სალათი არაჟნითა და სალათის ფურცლებით მზადდება. იგი, ძირითადად, ცხელი კერძების გარნირად გამოიყენება. დაჭრილ სალათის ფურცლებს მოაყარეთ მარილი და ცოტა შაქარი, მოასხით წყალნარევი ძმარი, შემდეგ კი მოაყარეთ წვრილად დაჭრილი ხახვი, ქინძი და კამა. ზემოდან მოასხით ერთი ჭიქა ათქვეფილი მაწონი ან არაჟანი და კერძიც მზადაა.

4. და ბოლოს, სალათი ახალი ბოსტნეულით. ჩამოთვლილ კერძთაგან მას შედარებით მეტი ინგრედიენტი სჭირდება, კერძოდ:

  • მწვანე სალათი _ 200გრ;
  • ახალი კიტრი _ 300გრ;
  • ახალი პომიდორი _ 300გრ;
  • ვაშლი _ 3 ცალი;
  • ალუბალი ან ქლიავი _ 100გრ;
  • სტაფილო _ 150გრ;
  • ოხრახუში, კამა ან ცერეცო _ 50გრ;
  • ლიმონი _ 1;
  • არაჟანი _ 100გრ;

შაქარი და მარილი გემოვნებით. ხილ-ბოსტნეული სხვადასხვა ფორმით უნდა დაიჭრას. კიტრი, პომიდორი და ვაშლი თხელ, პატარა ნაჭრებად დაჭერით, გახეხეთ სტაფილო, ალუბალს ამოაცალეთ კურკა. სასალათე თეფშის შუა გულში დაყარეთ ძმრითა და მწვანილებით შეზავებული დაჭრილი მწვანე სალათი, ირგვლივ კი მოუწყვეთ დაჭრილი ბოსტნეული და ხილი. დააწურეთ ლიმონი, მოასხით არაჟანი და ზედ წვრილად დაჭრილი მწვანილი მოაყარეთ.

გემრიელად მიირთვით!

0 коммент.:

Отправить комментарий