სტუდენტური ცხოვრება ბევრ სირთულეებთანაა დაკავშირებული, ერთ-ერთი მათგანია კვება _ გოგონებსაც და ბიჭებსაც ერთნაირად ეზარებათ სადილის მომზადება. არადა, ყოველ დღე ფენოვანი ხაჭაპურით დანაყრება საკმაოდ ძვირია და ჯანმრთელობისთვისაც საზიანოა. ახალგაზრდა ორგანიზმს ნოყიერი და ვიტამინებით სავსე სადილი სჭირდება. ჩემი რეცეპტი სწორედ სტუდენტებისთვისაა განკუთვნილი და თანაც ძალიან მარტივია დასამზადებლად.
საშუალო ზომის ქვაბში ჩაასხით წყალი, ჩაყარეთ ცალკე ტაფაზე მოთუშული წვრილად დაჭრილი ხახვი (თუკი ხახვი არ გიყვართ, არომატისთვის მხოლოდ მოთუშული ხახვის ზეთიც შეიძლება), ჩაამატეთ კუბიკებად დაჭრილი 3-4 ცალი კარტოფილი, სტაფილო, თუ სახლში ბულგარული წიწაკაც მოიძებნა, წვრილად დაჭერით და ისიც ჩაამატეთ. შემდეგ ქვაბი გაზქურაზე შედგით და დუღილის დაწყებისას დაამატეთ 1-2 ს/კ ზეთი. მოგვიანებით, ჩააყარეთ ცოტა მარილი (თუ ცხარეს მოყვარული ხართ, დაფქული პილპილიც შეიძლება) და ჩვენი "საიდუმლო ინგრედიენტი" _ გალლინა ბლანცა-ს 2-3 ცალი კუბიკი. გაითვალისწინეთ, რომ კუბიკები მარილსაც შეიცავენ, ამიტომ ზედმეტად ნუ გადაამლაშებთ წვნიანს. გარდა გემრიელი არომატისა, ეს კუბიკები წვნიანს საუცხოო, ოქროს ფერსაც შესძენს. ჩვენი კერძისთვის სასურველია სოკოსა და ბოსტნეულის კუბიკები, თუმცა არც ქათმის ბულიონის კუბიკები იქნება ურიგო.
არსებობს კიდევ ერთი "საიდუმლო ინგრედიენტი” _ `"ანაკომისა" და "მივინას" ფირმის მზა სუპები, ოღონდ არ დაგავიწყდეთ, რომ წვნიანის დამზადება მხოლოდ ამ ნახევარფაბრიკატებით არც გემრიელია და არც სასარგებლო, ამიტომ ჯობია, ისინი კერძის ერთ-ერთ ინგრედიენტად გამოვიყენოთ. წვნიანში მარილთან ერთად ანაკომის სუნელები უნდა ჩაყაროთ, თან წვრილად დაჭრილი მწვანილები დაამატოთ. ბოლოს, როცა უკვე წვნიანი თითქმის მზადაა, გამორთეთ გაზი, ქვაბში კი ორი ცალი ანაკომის დატეხილი მაკარონი ჩააყარეთ, დაელოდეთ კიდევ 5–10 წუთი და წვნიანიც მზადაა.
გემრიელად მიირთვით!
0 коммент.:
Отправить комментарий