აუცილებლად წასაკითხი წიგნები

არ დავიწყებ საუბარს მოდურ წიგნებზე, რომელთა წაკითხვა აუცილებელია გარკვეულ წრეში მოხვედრისთვის ან იმისთვის, რომ ნაკითხ და განათლებულ ადამიანად მიგიჩნიონ. იმ წიგნების შესახებ, რომელთა წაკითხვა აუცილებელია თქვენი სულიერი მდგომარეობისთვის და მათი წაუკითხაობა საკუთარი თავის წინაშე ჩადენილი დანაშაული იქნება, ფილოსოფოსი გიორგი მასალკინი გვესაუბრა.
"ბოლო დროს აღარ ვწუწუნებ, რომ ახალგაზრდები ბევრს არ კითხულობენ, რომ ჩვენ დროს "სამი მუშკეტერი" ოროსანსაც უნდა ჰქონოდა წაკითხული. ახლა სხვა დროა, აუდიო-ვიზუალური საშუალებების შემოტევა, ახალი ტექნოლოგიური გარემო და წიგნები ნელ-ნელა თმობენ თავის პოზიციებს. თუმცა, არის რამდენიმე წიგნი, რომელიც მიმაჩნია, რომ ყველა კულტურულმა ადამიანმა უნდა წაიკითხოს. უპირველეს ყოვლისა, ყველამ უნდა წაიკითხოს ბიბლია. გარდა იმისა, რომ ეს კარგია სულიერებისთვის, ამის გარეშე ვერაფერს გაიგებთ ვერც თანამედროვე ლიტერატურაში და ვერც ხელოვნებაში".
გიორგი მასალიკინი ძველი ბერძნული მითებისა და ლეგენდების წაკითხვასაც გვირჩევს, რადგან უამრავი სიტყვა და ფრთოსანი გამოთქმა სწორედ აქედან მოდის. `ვურჩევდი, წაიკითხონ ჰომეროსის როგორც "ილიადა", ასევე "ოდისეა".
რაც შეეხება ქართულ ლიტერატურას, გიორგი მასალკინი ჭაბუა ამირეჯიბის “დათა თუთაშხიას” და გურამ დოჩანაშვილის ნებისმიერი ნაწარმოების წაკითხვას გვირჩევს. _ "შეიძლება ვიღაცამ მკითხოს _ რატომ ნოდარ დუმბაძე არა? მე ვიტყოდი, რომ თუ აუცილებლობაზე მიდგა საქმე, "დათა თუთაშხია" და დოჩანაშვილი აუცილებელია".
კლასიკური ლიტერატურიდან აუცილებელად უნდა ვიცნობდეთ მე-19 საუკუნის რუსულ ლიტერატურას, ლევ ტოლსტოის ერთი რომანი მაინც უნდა გვქონდეს წაკითხული, მაგალითად "ომი და მშვიდობა", ასევე დოსტოევსკის, `ძმები კარამაზოვები~.
"კარგია ჰემინგუეი, სიყვარულსა და თავგადასავლებზე წერს, რაც მთავარია, კარგად და საინტერესოდ"
გიორგი მასალკინს აუცილებლობად მიაჩნია ალბერ კამიუს "უცხოს" ან "შავი ჭირის" წაკითხვაც _ "ნობელის პრემიის ლაურეატი, ფილოსოფოსი... მე-20 საუკუნის ფილოსოფია მთლიანად კონცენტრირებულია მის რომანებში. "შავ ჭირში" ქალაქში მზადდება კარანტინი, ვერავინ გადის და ვერ შედის, რა ემართებათ ადამიანებს ასეთ სიტუაციაში, როდესაც სიკვდილი თვალწინაა. ნაწარმოების თემატიკა რელიგიურ-ფილოსოფიურია."
კუნძულზე მოხვედრისას კი გიორგი მასალკინი, როგორც ამბობს, ჯერომ სელინჯერის რომელიმე ნაწარმოებს წაიღებდა.
"წიგნი აჩვევს ანალიტიკას, წარმოდგენის უნარს უღვივებს ადამიანს. თუ შენ არ იცი ტოლსტოი, ძალიან ბევრ რამეს ვერ მიხვდები თანამედროვე კინემატოგრაფში. ვერ მიხვდები კოელიოს, თუ არ იცი მარკესი და მარკესს ვერ გაიგებ, თუ არ იცი ფრანსუა რაბლე, ყველაფერი გადაჯაჭვულია. დღეს მოდურია ჯეიმს ჯოისი, მასში ძველი ბერძნული მითოლოგიაა გადმოცემული და თუ არ იცი მითოლოგია, ვერ გაიგებ ჯოისსაც. მთავარია შეგიყვარდეს, ერთს მეორე მოყვება. რომც არ წაიკითხო, არაფერი დაშავდება, გამდიდრება შეიძლება ამის გარეშეც შეძლოთ, უბრალოდ სულიერება დაიკარგება..."
თუ გადაწყვიტეთ გიორგი მასალკინის მიერ ჩამოთვლილი წიგნებიდან რომელიმე წაიკითხოთ, მათი ნახვა შესაძლებელია როგორც საჯარო, ასევე უნივერსიტეტის ბიბლიოთეკაში. თუ რომელიმე მათგანმა თქვენზე დიდი შთაბეჭდილება მოახდინა და გადაწყვეტთ, რომ იგი აუცილებლად უნდა გახდეს თქვენი საკუთრება, მიმართეთ წიგნის მაღაზიებს. მაგალითად, "ლამპარში" ("ინტელექტი") ბიბლია 28 ლარი ღირს და მასში შესულია როგორც ძველი, ასევე ახალი აღთქმა; "დათა თუთაშხიას" რამდენიმე გამოცემაა და ფასი 12 ლარიდან იწყება. რაც შეეხება ტოლსტოისა და დოსტოევსკის, მათი მოთხრობების კრებულები იყიდება, მაგრამ რომანების ახალი გამოცემები არაა და მათი ნახვა ბიბლიოთეკაში შეგიძლიათ. ჰემინგუეისა და სელინჯერის ნაწარმოებებს კი 10 ლარად შეიძენთ.
წიგნის მაღაზიაში მითხრეს, რომ ამ სიას დაამატებდნენ ნოდარ დუმბაძის ნაწარმოებებს, კლასიკოსებიდან კი ბალზაკსა და რემარკს, რომლებიც შესული არიან სერიაში _ "მსოფლიო ლიტერატურის კლასიკოსები'.
თუ თქვენთვის სასურველი წიგნი მაღაზიაში არ აღმოჩნდა, ყოველი თვის პირველ შაბათს ხელოვნების მუზეუმის მიმდებარე ტერიტორიაზე, წიგნის ბაზრობაზე, უამრავი ძველი და ახალი წიგნის შეძენაა შესაძლებელი. ამ წიგნებიდან თუ რომელიმე ჯერ კიდევ არ გაქვთ წაკითხული, მინდა მოგილოცოთ, რადგან, როგორც დოჩანაშვილის ერთ-ერთი გმირი ამბობს, პირველად წაკითხვის სიამოვნება წინ გაქვთ.

4 коммент.:

ჩეშირის კატა комментирует...

არ მიყვარს, როდესაც ლაპარაკობენ აუცილებლობაზე :) აუცილებელი, ცხოვრებაში ძალიან ცოტა რამეა :)
თავად წიგნებს რაც შეეხება:
წიგნს წერს ორი ადამიანი. ავტორი და მკითხველი ) როგორც არ უნდა გაისარჯოს ავტორი, თუ მკითხველი წიგნის დონემდე არ არის "ასული", ის მას ვერ გაიგებს. ტყუილად წაკითხვას კი, გინდ წაგიკითხავს, გინდ არა :)
ბატონი გიორგი ამბობს, რომ აუცილებლად უნდა წაიკითხო ბიბლია, რომ გაიგო ხელოვნება და კულტურა. მე პირიქით ვიტყოდი. უნდა იყო ძალიან განათლებული, ძალიან ბევრი რაღაც უნდა გქონდეს წაკითხული და ნასწავლი, რომ ბიბლია გაიგო ) წინააღმდეგ შემთხვევაში, უბრალოდ ფურცლების გადაშლას რა აზრი აქვს :)

Sophie שרה Golden комментирует...

ჩეშირის კატავ, ნატო, ვიცოდი, რომ ძალიან ჭკვიანი იყავი და კიდევ უფრო დავრწმუნდი.
ზუსტად მაშინ მიდის საქმე ცუდად, როცა ბიბლიას უცოდინარი ადამიანები კითხულობენ და დღეს უმეტესად ასე ხდება.
ნამდვილად არ არსებობს ცხოვრებაში "უნდა" წასაკითხი წიგნი.
მე, მაგალითად, რაბლე არ წამიკითხავს და არც ვაპირებ, მაგრამ მჯერა, რომ მარკესსაც ვუგებ და ჯოისსაც. ასეთი რაღაცები სულ არ არის პირდაპირპროპორციული.
მე ვიცი ადამიანები, მთელი დოსტოევსკი–შექსპირი გადაბრუნებული აქვთ, მაგრამ შინაგანი ინტელექტის ნასახი არ გააჩნიათ.

Sukho комментирует...

ყველაფერი პირობითია

Анонимный комментирует...

აუცილებლად?! მგონი წიგნებთან მიმართებაში, ძალიან თამამი სათაურია. პატივს ვცემ გიას, მაგრამ როცა პოსტის ავტორი მავალდებულებს "აუცილებლად" წავიკითხო რაღაც, უმჯობესია რამე ახალი და უცხო შემომთავაზოს, ვიდრე ჯოისი, ჰემინგუეი და დოჩანაშვილი.

Отправить комментарий