კობა ფარტენაძე პროფესიით ეკოლოგია, იგი რადიო "აჭარის" სინოპტიკოსად მუშაობს და თუ ბათუმელი ხარ, აუცილებლად გეცოდინება, ყოველთვის საინტერესოდ და კოხტად ჩაცმული სიმპათიური ახალგაზრდა. მართალია, კობა დიდ ყურადღებას აქცევს საუთარ გარეგნობას, მაგრამ ადამიანთან ურთიერთობისას ვიზუალურობას გადამწყვეტ მნიშვნელობას არ ანიჭებს. თუმცა მიაჩნია, რომ ჩაცმულობა დიდ როლს თამაშობს ადამიანზე გარკვეული წარმოდგენის შესაქმნელად _ "ადამიანის ჩაცმულობა გაცნობისას ერთგვარ განწყობას მიქმნის. შეიძლება არ ეცვას კარგად და ძალიან დადებითი პიროვნება აღმოჩნდეს, მაგრამ ვიზუალურად მიმზიდველი ადამიანი უფრო მეტ ყურადღებას იქცევს. ასეთ დროს მექმნება შთაბეჭდილება, რომ იგი ცხოვრებაშიც უფრო მოწესრიგებულია. სამწუხაროა, რომ მოვლილი მამაკაცი გარშემომყოფთა გადაჭარბებულ ყურადღებას იწვევს, როგორც მამაკაცების, ისე ქალების მხრიდან. ვფიქრობ, ეს ყველაფერი ჩვენს პროვინციალიზმსა და სიბნელეზე მიუთითებს”. თუმცა კობა მიიჩნევს, რომ ქართველი მამაკაცების თავის მოვლასთან დაკავშირებული სტერეოტიპი ნელ-ნელა იმსხვრევა.
კობა სტიქაროსანია და თავის მოვლას რელიგიური თვალსაზრისითაც განიხილავს _ "ადამიანი ღვთის ხატებაა და უნდა იყოს იგი მოვლილი, რა თქმა უნდა, მიუღებელია ყველაფერი გადამეტებული, მაგრამ ის, რომ მამაკაცმა დაიცვას სისუფთავე, გაიპარსოს წვერი და არ დაემსგავსოს ცხოველს, სავსებით დასაშვებია”.
ის, რომ საქართველოში მუდამ ერთფეროვნად და ერთი ფერის ტანისამოსი აცვიათ, სიახლეს არ წარმოადგენს - "ეს ალბათ ისევ სოციალური განწყობის პრობლემას უკავშირდება. _ მიიჩნევს კობა _ პარიზისთვის სავიზიტო ბარათი შეიძლება შარფი იყოს, სკანდინავიისთვის _ შლიაპა, ლონდონისა და ნიუ იორკისთვის _ გრაფიტის ხელოვნება, საქართველოსთვის კი შავი ფერი _ შავ ფერში გამოწყობილი, მაპატიეთ და შურით გაჟღენთილი სახეები”.
კობა ისევე, როგორც დღეს ბევრი ახალგაზრდა, ვერაფერს ხედავს მიუღებელს იმაში, რომ მამაკაცმა თავს უფრო მეტად მოუაროს. იმისათვის, რომ სტილურად და მიმზიდველად, თანაც უბრალოდ კარგად გამოიყურებოდე, აუცილებლად უნდა იყო ის, ვინც ხარ _ "ეცადე, გამოიყურებოდე ახალგაზრდულად, გეცვას გემოვნებით და იყო საკუთარ თავში დარწმუნებული".
0 коммент.:
Отправить комментарий