დარწმუნებული ვარ, მკითხველის უმრავლესობა საკუთარ თავს დადებით ადამიანად აფასებს. თუმცა ხშირად ჩვენი დაუფიქრებელი საქციელი ძალიან ახლობელი ადამიანის დაკარგვის მიზეზი გამხდარა. საუბარი იმაზე თუ როგორ შევინარჩუნოთ მეგობრები, ძალიან შორს წაგვიყვანს. ამიტომ საპირისპირო მაგალითი განვიხილოთ.
მეგობრის დაკარგვას საგრძნობლად გაგიმარტივებს ეს რჩევები:
ყოველთვის, შეხვედრისას გამოიჩინე ცოტა ზედმეტი გულწრფელობა და აუცილებლად უთხარი მას, რომ იგი გასუქებულა (თუ სიგამხდრის პრობლემა აქვს და მოგეჩვენა, რომ უფრო გამხდარია, არც ეს დაუმალო). მოიკითხე მისი (ან მისი ოჯახის წევრების) სამსახურის და ხელფასის ამბავი და არ დაგავიწყდეს, მის ყოველ მიღწევაზე შემდეგი ფრაზით პასუხი: "რა გინდა, დასაწყისისთვის მშვენიერია"!
შემდეგი ეტაპი _ მასსა და მის საქციელზე საუბრისას ყოველთვის შეადარე იგი საკუთარ მაგალითებს _ თანაც არ დაგავიწყდეს, რომ შენი მაგალითი აშკარად უპირატესი უნდა იყოს მოსაუბრესთან მიმართებაში.
ურთიერთობისას გამუდმებით აკრიტიკე მისი იდეალები (საყვარელი მსახიობი, მწერალი, წიგნი, ფილმი და ა.შ.), დაიწუნე ყოველი მისი არჩევანი _ შენ ხომ მართლა არ მოგწონს მის მიერ შერჩეული წიგნი, ჰოდა, რატომაც არ უნდა უთხრა ამის შესახებ მას. დაე, იცოდეს, შენი გემოვნება და, საერთოდ, ეცადე მასზე და მის ინტერესებზე ნაკლები ისაუბრო, ეცადე ურთიერთობისას ყურადღების ცენტრში მუდამ შენ იყო, ხოლო თუკი საკუთარ თავზე სასაუბრო არაფერი გაქვს, მოუყევი მას შენი ნაცნობების უინტერესო ისტორიები, თანაც რაც შეიძლება გრძელი ამბები შეარჩიე, რომ კარგად დაქანცო იგი.
ყოველთვის, როცა კამათისას მტყუანი აღმოჩნდები _ არასოდეს აღიარო დამარცხება; რაც არ უნდა "შეუპასუხებელი" არგუმენტი მოიყვანოს, შენ მაინც "ვირზე შეჯექი" და მუდამ შენი იმეორე, არც იფიქრო მისი მოსმენა. იმ შემთხვევაშიც კი, თუ საბოლოოდ კამათი ახლობლის სასარგებლოდ დასრულდა, არ დაგავიწყდეს, რომ ბოლო სიტყვა შენია: "ხო კი, მასეა, მაგრამ მე მაინც..."
დღეობაზე, ან ნებისმიერ დღესასწაულზე მეგობრის ნაჩუქარი საჩუქარი მისივე თანდასწრებით გულახდილად განიხილე. არ დაგავიწყდეს არასასურველი საჩუქრის გახსნისას სახეზე შესაბამისი ემოციის აღბეჭდვა.
და ბოლოს, იმ შემთხვევაში თუ "გამოუსწორებლად დადებითი პერსონა" შეგხვდა და პირველი ნაბიჯიც მან გადმოდგა, შერიგების შემდეგ მაინც არ აღიარო დანაშაული და მერწმუნე, მიზანიც მიღწეულია.
თუკი ამ სტატიის წაკითხვისას საკუთარი თავი ამოიცანი, ან სამომავლოდ აპირებ ვინმეს ჩამოშორებას მსგავსი "პოლიტიკით", მომილოცავს, შეგიძლია დარწმუნებული იყო იმაში, რომ შენს ირგვლივ სულ მალე, მხოლოდ საკუთარი ოჯახის წევრებიღა დარჩებიან. თუკი არაფერს იღონებ შენი საშინელი ბუნების გამოსასწორებლად, მეგობრები მხოლოდ სოციალურ ქსელებშიღა დაგრჩება და ისიც მხოლოდ სახელად, როგორც ხდება ხოლმე… ასამდე უცხო ადამიანი კონტაქტებში, რომელთაგან 80-პროცენტი შენს ენაზეც კი არ ლაპარაკობს.
0 коммент.:
Отправить комментарий