ორსული და ჩაცმულობა

ორსულობა ქალისთვის ყველაზე სასურველი და უმნიშვნელოვანესი პერიოდია _ ცხოვრებაში ყველაზე ძვირფასი საჩუქრის მოლოდინი. ამ დროს ქალი ბუნებრივ მშვენიერებას იძენს, მაგრამ არ უნდა დაგავიწყდეთ თქვენი ქალურობისა და მომხიბვლელობის ხაზგასმა ჩაცმულობაში.

თუკი ორსულობის პირველ თვეებში ხართ და გსურთ, რომ ისევ ისეთივე მომხიბვლელი და სასურველი დარჩეთ, როგორიც მანამდე იყავით, ნუ შეშინდებით, რამე სტილური ყოველთვის გამოიძებნება, მთავარია თავი კომფორტულად იგრძნოთ. თუ გსურთ, რომ მოხდენილი და გამხდარი ჩანდეთ, ვერტიკალურზოლებიანი ქსოვილი შეარჩიეთ, შეახამეთ მასიური ზედა ტანი ბოლოში დაწვრილებულ ქვედაწელთან ან შარვალთან. ხოლო მან, ვისაც ფართო თეძოები აქვს, ზედმეტად გრძელ კაბებს უნდა მოერიდოს. ასევე დიდი ყურადღება გმართებთ მოკლე სარაფნის შეძენისას, მუცელი სარაფნის წინა ნაწილს ზევით წევს, რამაც შესაძლოა დისკომფორტი შეგიქმნათ. უპირატესობა მიანიჭეთ თავისუფალ, მაგრამ არა დიდი ზომის სამოსს. რამდენად უსიამოვნოც არ უნდა იყოს, დაივიწყეთ იმის შესახებ, რომ ტანსაცმელი "ზუსტად უნდა გაჯდეთ ტანზე" _ ის, რაც ამ კვირაში ზუსტად თქვენზეა ზედგამოჭრილი, მეორე კვირაში შესაძლოა საერთოდ არ მოგერგოთ. თუმცა ეს იმას არ ნიშნავს, რომ წინასწარ სამი ზომით დიდი კაბა უნდა იყიდოთ _ ეს არ არის ლამაზი და ხშირად არც კომფორტული.

ყოველ კვირაში სხვადასხვა ზომის სამოსის ყიდვა დიდ ხარჯებთანაა დაკავშირებული, ამიტომ სასურველია შეიძინოთ თავისუფალი, ელასტიკური სამოსი, რომელიც თქვენს მუცელთან ერთად "გაიზრდება”. სასურველია შარვალს ელასტიკური წელი-ქამარი ჰქონდეს, სარაფნებს კი თასმებით _ შესაკრავი ზურგი, რომლის დარეგულირებაც ნებისმიერი წონითი ცვლილებისას შეგეძლებათ.

ორსული ქალები განსაკუთრებით მწვავედ მკერდთან დაკავშირებულ ცვლილებებს განიცდიან. იმისთვის, რომ მკერდის სილამაზე და ჩვეული ფორმა ორსულობისას და მშობიარობის შემდეგაც შეინარჩუნოთ, აუცილებელია სპეციალური აზღუდის (ბიუსჰალტერის) ტარება, რომლის შეძენაც აფთიაქშია შესაძლებელი.

ორსულის გარდერობში ასევე ერთ-ერთი მნიშვნელოვანი დეტალია ფეხსაცმელი. როგორც წესი, ორსულობის თვეების მატებასთან ერთად უნდა მოიკლოს ფეხსაცმლის ქუსლის სანტიმეტრებმა. საზაფხულოდ დაბალძირიანი ფეხსაცმლის დიდი არჩევანია მაღაზიებში. შეარჩიეთ ფერადი ესპადრელები, All Star-ის ფირმის უთასმო კედები და ნებისმიერი ისეთი ფეხსაცმელი, რომლის ჩასაცმელადაც დახრა და ზედმეტი ძალისხმევა არ დაგჭირდებათ.

და საერთოდ, თუ გსურთ, რომ გარშემომყოფთა ყურადღება მუცლიდან სხეულის სხვა ნაწილზე გადაიტანოთ, ატარეთ თვალისმომჭრელი აქსესუარები. ფერადი ბუსები და სამაჯურები, თხელი ხსოვილის შარფები და კოხტა საყურეები ნებისმიერ სამოსს განუმეორებელ ეფექტს, თქვენ კი სინაზესა და მომხიბვლელობას შეგმატებთ.

0 коммент.:

Отправить комментарий