უჯრედებიანი სამოსი პრაქტიკულია ყოველდღიურად სატარებლად, ოფისსა და ოფიციალურ მიღებებზეც კი. ამ ქსოვილის შეიძლება იყოს გარდერობში თითქმის ყველა სამოსი: ქურთუკი, შლიაპა, ქვედაბოლო, კაბა, შარვალი, პერანგი და ა.შ.
თუმცა, მიუხედავად ერთი შეხედვით უბრალოებისა, ასეთი ნახატი ქსოვილის ერთ-ერთ ყველაზე რთულ ნახატად მიიჩნევა და როგორც ცნობილი დიზაინერები ამბობენ, ეს ქსოვილი საკმაოდ `საშიშია~. თუმცა, ეს არც დიზაინერებისა და არც მოდის მიმდევრებისთვის არ წარმოადგენს პრობლემას და უჯრედებიანი შარვლებისა და პერანგების შემდეგ, სულ უფრო მოდური ხდება ასეთი ნაჭრის კაბები. უჯრედებიანი კაბა სხვადასხვაგვარი შეიძლება იყოს: მკაცრიც, ქალურიც და სექსუალურიც. მთავარია, იგი სწორად შევარჩიოთ, რადგან თუ შარვლისა და პერანგის შერჩევისას ნახატის ზომისა და ფერის `დეფექტს~ შესაბამისი სამოსის შეხამებით გამოასწორებთ, კაბასთან მიმართებაში ეს მეთოდი არ გამოდგება.
ქსოვილზე უჯრედები შეიძლება იყოს პატარა, საშუალო ან დიდი ზომის. პატარა უჯრედებიანი სამოსის ფერის არასწორად შერჩევით სილუეტი შეიძლება არეულად და დაბლანდულად გამოჩნდეს. თუმცა, თუ ორი ფერის კომბინაციას აირჩევთ, სადაც კვადრატები გარკვევით გამოჩნდება, შესაძლებელია ფიგურის კორექტირებაც. მსხვილი უჯრედები ვიზუალურად ადიდებს, ამიტომ სავსე ქალბატონებს განსაკუთრებული სიფრთხილე მართებთ. თუ გსურთ შენიღბოთ ზედმეტი წონა, აირჩიეთ საშუალო ზომის დიაგონალური უჯრედები, ის შეუმჩნეველს გახდის პრობლემურ ადგილებს და ყურადღებას ნახატზე გადაიტანს. ამავე დროს ასეთ ქსოვილს შეუძლია `ბოროტად გეხუმროთ~ და თუ მჭიდრო კაბას ჩაიცმევთ, წელი `დაიკარგება~. მასთან სასურველია ქამარი ატაროთ ან სხვა მოდელი შეარჩიოთ. გახსოვდეთ, რომ უჯრედებიანი კაბა ერწყმის სხეულს, სილუეტი უფრო კვადრატული ხდება და სიმაღლე ვიზუალურად მცირდება.სანამ უჯრედებიან სამოსს იყიდდეთ, დარწმუნდით, რომ იგი იდეალურად `ზის~ თქვენს ტანზე. საქმე იმაშია, რომ უჯრედებიანი სამოსი სპეციფიკურია და შეიძლება ზომის შერჩევისას შეცდომა დაუშვათ, მოერიდეთ პატარა ზომებს, უკეთესია ერთი ზომით დიდს თუ შეიძენთ.
უჯრედებიან კაბასთან რეკომენდებულია ერთფეროვანი ნივთებისა და ნაკლები აქსესუარების ტარება. დასაშვებია კლასიკური, წელს ოდნავ ზემოთ, მჭიდრო `ჟაკეტის~ ჩაცმაც. უკეთესია, ამ დეტალების ფერი კაბის უჯრედების ფერს ემთხვევოდეს.
ზაფხულში უჯრედებიან კაბასთან ატარეთ ქამარი ან მსუბუქი შარფი, რომლის ფერიც უჯრედების ერთი რომელიმე ტონალობის იქნება. ქამარი სასურველია მშვიდი ფერის იყოს, რადგან ამ დროს მისი დანიშნულება საერთო სახის შევსებაა და არა წელის მონიშვნა.
შეეცადეთ, ერთდროულად არ ჩაიცვათ რამდენიმე სახის უჯრედებიანი სამოსი. მაგრამ თუ უჯრედებიან კაბას უჯრედებიან ქურთუკს შეუხამებთ, უჯრედების ზომა და სტილი ერთნაირი უნდა იყოს და მათ ერთი რომელიმე ფერი მაინც უნდა ჰქონდეთ საერთო. საერთოდ კი, უჯრედებიანი სამოსი ყველაზე მეტად ერთფეროვან სამოსს უხდება და უმჯობესია, უჯრედებიანი მხოლოდ ერთი სამოსი ჩაიცვათ.
უჯრედებიანი სამოსი
03:09
khatia.Lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий