მართალია, უკვე საკმაოდ დაცხა, მაგრამ ქალისთვის თხელი კოლგოტი მეტად მნიშვნელოვანი ნიუანსია გარეგნობაში. კოლგოტის შეძენისას გასათვალისწინებელია რამდენიმე პრინციპი, რომ მას სწორი/სასურველი ეფექტი ჰქონდეს.
პირველ რიგში, სწორად უნდა შეარჩიოთ კოლგოტის ფერი. ხორცისფერი კოლგოტის ყიდვისას სასურველია გოლგოტის ფერი ესადაგებოდეს არა ფეხის, არამედ ხელის კანის ფერს, წინააღმდეგ შემთხვევაში, შეიძლება თქვენი ფეხები დანარჩენ სხეულთან შედარებით უფრო გაფითრებული გამოჩნდეს. ამგვარად შერჩეული კოლგოტების ერთ-ერთი პლუსი ისიცაა, რომ თუ შემთხვევით თვალი წაუვა, არც ისე შესამჩნევი იქნება, რასაც ვერ ვიტყვით შავი ფერის კოლგოტზე. თუმცაღა გარკვეული პლუსებით ისიც ხასიათდება _ შავი ფერი ყველა ფერზე მეტად ასუსტებს ფეხს ვიზუალურად. დღეს ბაზარზე თითქმის ყველა ფერის კოლგოტის ყიდვა შეიძლება, მაგრამ გაითვალისწინეთ, რომ მათგან ღია ფერები: ვარდისფერი, ცისფერი, სალათისფერი _ ვიზუალურად ადიდებს ფეხს. შავი, ბორდოსფერი და იასამნისფერი კი _ პირიქით.
არსებობს ასევე ორნამენტებით გაფორმებული კოლგოტები, თუმცა მათი ჩაცმა ყოველთვის ვერ იძლევა სასურველ შედეგს. თხელ კოლგოტზე პატარა ორნამენტი მიმზიდველია იმ შემთხვევაში, როცა დანარჩენი სამოსი დახვეწილი და სადაა. რაც შეეხება კლასიკურ ბადე-კოლგოტებს, მათი ტარება მხოლოდ უნაკლოდ სწორ და გამხდარ ფეხებზე შეიძლება, ისიც განსაკუთრებულ შემთხვევებში, თუმცა ფაქტია, რომ მათი ტარება ზედმეტად ვულგარული ქალის იმიჯს ქმნის.
თუკი კოლგოტის ჩაცმას თხელ, მომდგარ კაბაზე აპირებთ, სასურველია, მისი ზედა ნაწილი ბანდაჟის ტიპის იყოს, ასე სილუეტი უფრო კოხტა და მოხდენილი გამოჩნდება.
რაც შეეხება კოლგოტებს ლიკრის ეფექტით, მარკაზე აუცილებლად უნდა ეწეროს: “Lycra only by DUPONT”, შეფუთვაზე მისი მაჩვენებელი უნდა იყოს არა უმეტეს _ 30% - ისა. თუ ლიკრის შემადგენლობა 35%-ია, ე.ი. იგი მხოლოდ კოლგოტის წელზეა დაყოლილი, ყველაზე მისაღები რაოდენობა არის _ 12-17%. წარწერა "Lycra 3D” _ ნიშნავს, რომ კოლგოტში ლიკრის შემცველობა არ არის.
კოლგოტების სისქე დენების მიხედვით იზომება _ რაც უფრო მაღალია მათი მაჩვენებელი, მით უფრო მეტია მისი სისქე.
მოერიდეთ ისეთი კოლგოტის შეძენას, რომლის კოლოფიც გახსნილია, შესაძლოა შიგთავსი გარე მონაცემებს არ დაემთხვეს.
0 коммент.:
Отправить комментарий