რეფლექსოთერაპია, კერძოდ კი აკუპუნქტურა, ჩინური მედიცინის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული მეთოდია. რეფლექსოთერაპევტ ეთერი მარგალიტაძის თქმით, ამ თერაპიით შესაძლებელია ორგანიზმის ბიოლოგიურად აქტიური წერტილების გააქტიურება ან დათრგუნვის საშუალებით სხვადასხვა ორგანოთა სისტემაზე მოქმედება და ამა თუ იმ დაავადების მკურნალობა.
რეფლექსოთერაპია ეფექტურია ბრონქიტის, გასტრიტის, ჰიპერტონიის, ნევროზის მწვავე ვირუსული და ბაქტერიული ინფექციების დროს. რეფლექსოთერაპევტი ამბობს, რომ ეს თერაპია ყველაზე ეფექტური და უსაფრთხო საშუალებაა სიგარეტზე თავის დანებების მსურველებისთვის. "ჩემი პაციენტები ძირითადად ჭარბი წონის მქონენი და მწეველები არიან. დანარჩენი კი უფრო ტრადიციულ მეთოდებს ანიჭებენ უპირატესობას. ზოგ პაციენტს ნემსის ხსენება აშინებს, მაგრამ შემიძლია დაგარწმუნოთ, რომ ეს შიში საფუძველს მოკლებულია, რადგანაც ნემსის დიამეტრი, რომლითაც ეს პროცედურა ტარდება, ძალიან პატარაა (მილიმეტრის 1/3) და ტკივილის შეგრძნებაც შესაბამისად ნაკლებია".
რეფლექსოთერაპიული პროცედურა ძირითადად ყურის ხრტილოვან ნაწილზე ტარდება. თუ პაციენტს გასტრიტი ან ბრონქიტი აწუხებს ამ წერტილს ემატება რამდენიმე კორპორალური წერტილი. ეთერი ამბობს, რომ "პროცედურის ჩატარებამდე პაციენტს სიგარეტი 5-7 საათის განმავლობაში არ უნდა ჰქონდეს მოწეული, ამიტომ პაციენტების უმრავლესობა პროცედურისთვის დილის საათებს ამჯობინებს. პროცედურის შემდეგ კვლავ 3-5 საათით საჭიროა მოწევისგან თავის შეკავება. პროცედურები 7-10 დღის შუალედით ტარდება. მისი ხანგრძლივობა 20 წუთიდან 40 წუთამდე მერყეობს. შედეგის მისაღწევად მაქსიმუმ 3 პროცედურაა საჭირო. თითოეული პროცედურის ფასი 10-25 ლარია".
რამდენადაც გასაკვირი არ უნდა იყოს, რეფლექსოთერაპია უფრო ეფექტურია იმ მწეველებისთვის, რომლებიც დიდი ხანია ეწევიან. მაგალითად, ადამიანი, რომელსაც მწეველის ოცწლიანი "სტაჟი" აქვს, უფრო ადვილად ანებებს თავს, ვიდრე ის, ვინც 2-3 წელია ეწევა. ეფექტი იმაში მდგომარეობს, რომ პროცედურის შემდეგ მოწევის შემთხვევაში პაციენტს უჩნდება არასასიამოვნო გემოსა და სუნის შეგრძნება, ზოგჯერ გულის რევაც, თავბრუსხვევა, რაც აიძულებს მოწევაზე თავის დანებებას.
რეფლექსოთერაპევტი გაფრთხილებთ, რომ პროცედურა უკუნაჩვენებია ონკოლოგიური პაციენტებისთვის, აგრეთვე ეპილეფსიის ან ფსიქიკურად დაავადებულთათვის, ასევე ყურის ჩირქოვანი ინფექციების დროს.
0 коммент.:
Отправить комментарий