როგორ მოვიქცეთ იმ შემთხვევაში, როცა პატარა დაგვიანებით იდგამს ენას ან არასწორად მეტყველებს. ამ პრობლემის შესახებ #1 საჯარო სკოლის ლოგოპედი ნანი ჟღენტი საუბრობს.
როგორც წესი, ბავშვი ერთი წლის ასაკიდან იწყებს ლაპარაკს, თუმცა ეს პროცესი შეიძლება დაგვიანდეს. ქალბატონი ნანის თქმით, ამაში საგანგაშო არაფერია: `ოთხი-ხუთი წლის ბავშვი უკვე გამართულად უნდა გამოთქვამდეს ბგერებს. ჩვენ ვცდილობთ, ბგერათა დარღვევა სკოლამდელ ასაკშივე გამოვასწოროთ, რადგან პატარებს უვითარდებათ დიზგრაფია _ ანუ ბგერის არასწორად გამოთქმისას იმავე შეცდომას უშვებენ წერის დროსაც~.
ბგერათა დარღვევის (ენაჩლუნგობის) დროს, არტიკულაციური ვარჯიშების პარალელურად, ლოგოპედები იყენებენ სარკეს. ბავშვი საკუთარ არტიკულაციას თვალს ადევნებს სარკეში და როცა მას უხსნიან, თუ რა მდგომარეობაში უნდა იყოს ენა ამა თუ იმ ბგერის წამოთქმისას, იგი იმეორებს, იმახსოვრებს და რამდენიმე გაკვეთილის შემდეგ პრობლემა სრულებით ქრება.
გაცილებით რთულია ლოგონევროზთან (ენის დაბმა) დაკავშირებული პრობლემის მოგვარება. ნანი ჟღენტი: `ლოგონევროზს ხშირად იწვევს უეცარი შიში. ამ დროს ირღვევა სუნთქვის რიტმი. ამიტომ ამ პრობლემის აღმოსაფხვრელად ბავშვებთან სუნთქვითი ვარჯიში ტარდება. ენის დაბმისას არანაკლებ მნიშვნელოვანია რიტმიც, რომლის აღქმის უნარსაც სპეციალური ვარჯიშებით უბრუნებენ ბავშვებს. დაუშვებელია ამ დროს ბავშვის ნერვიულობა, მას უნდა შევუქმნათ მშვიდი გარემო, ასევე არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაამახვილოს სკოლაში მასწავლებელმა ამ პრობლემაზე ყურადღება, რომ ბავშვი არ დაკომპლექსდეს და საქმე არ გართულდეს.
ლოგონევროზი ტვინთან დაკავშირებული პრობლემაა და ამ დროს ბავშვს ხშირად ესიზმრება კოშმარები, რომელთა მოშორებაშიც მას ნევროპათოლოგი უნდა დაეხმაროს. ანუ ლოგოპედი, მასწავლებელი და მშობელი აუცილებლად უნდა თანამშრომლობდნენ ერთმანეთთან~.
როგორც ლოგოპედი ამბობს, ამ პრობლემაზე ყურადღება ადრეული ასაკიდან უნდა გამახვილდეს, რათა მარტივად გასწორდეს მეტყველება. რაც შეეხება მკურნალობის ვადებს, ქალბატონი ნანის თქმით, ენაჩლუნგობა შესაძლოა ოთხი მეცადინეობის შემდეგაც კი გამოსწორდეს, ლოგონევროზი (ენაბლუობა) კი უფრო რთული პრობლემაა და მის გამოსწორებას შესაძლოა გაცილებით დიდი დრო დასჭირდეს.
იმ შემთხვევაში, თუ პატარას მეტყველებაში თანკბილვა (კბილების წყობა) უშლის ხელს, აუცილებელია ორთოდონტის კონსულტაცია.
ყველაზე მთავარი, მიუღებელია ბავშვებთან ენამოჩლექით საუბარი, პატარებს გამართულად უნდა ესაუბროთ, რითაც მათ სწორ მეტყველებას შეაჩვევთ.
1 коммент.:
გამარჯობათ,შვიდი წლის ბიჭი გამოთქმისას ოდნავ არბილებს ასო ,რ"-ს,
რას გვირჩევთ?
როგორ დაუკავშირდეთ ნანი ჟღენტს?
Отправить комментарий