მომავალ მამებს

ორსულობის პერიოდში ქალი ზედმეტად მგრძნობიარე და ემოციურია. უხასიათობა, აღგზნებადობა, დეპრესიაც კი _ ამ ყველაფრის მიზეზი ორსულის ორგანიზმში მიმდინარე ჰორმონალური ცვლილებებია. ასეთ დროს მთავარი მხარდაჭერა ქალმა სწორედ მეუღლისგან უნდა იგრძნოს.

იმისათვის, რომ მომავალმა დედამ იგრძნოს, რომ იგი ისეთივე ძვირფასი და სასურველია თქვენთვის, როგორიც აქამდე იყო, თქვენ მეტი მოთმინება და გაათმაგებული მზრუნველობა უნდა გამოიჩინოთ მის მიმართ.

გაუფრთხილდით მის გრძნობებს _ თუ თქვენ მეუღლე ადრე საერთოდ არ იყო სენტიმენტალური და ბოსის შენიშვნებზეც კი არ მოსდიოდა გული, ახლა იგი პატარა ბავშვივით მგრძნობიარეა და შესაძლოა, მულტფილმების ყურებისას, ან უბრალოდ უპატრონო ლეკვის დანახვაზეც კი აქვითინდეს. ამიტომ ეცადეთ, რომ იგი მუდამ კარგ ხასიათზე იყოს _ გაანებივრეთ სასიამოვნო საჩუქრებით, სამსახურიდან დაბრუნებისას კი აუცილებლად მიართვით რაიმე ტკბილეული;

მომავალი დედები ხშირად გაღიზიანებულები არიან, ამიტომ შეუქმენით მათ მაქსიმალურად სასიამოვნო ატმოსფერო. რელაქსაციისთვის შესანიშნავი საშუალებაა წყნარი, სასიამოვნო მუსიკის მოსმენა, საღამოობით კი ერთად გასეირნება;

იმის გამო, რომ მამაკაცები კარგად ვერ ერკვევიან ფეხმძიმობის ყველა ნიუანსში, ცოლ-ქმრულ ურთიერთობაში ხშირად ჩნდება ერთგვარი ხარვეზი, გაუგებრობის სახით. მომავალ დედას არ უნდა აგრძნობინოთ, რომ თქვენ მისი უცნაურობები გაწუხებთ, უმჯობესია წაიკითხოთ კონკრეტული ლიტერატურა ნაყოფის განვითარებისა და მშობიარობის შესახებ, ასე უფრო გაგიადვილდებათ იმის გაგება, თუ რას გრძნობს და რას განიცდის თქვენი ორსული მეუღლე;

ორსულობის დროს ქალს ბევრი ფიქრი უტრიალებს თავში. განიცდის, რომ იგი ძველებურად კარგ ფორმაში ვეღარაა, რომ კარგავს მომხიბლველობას _ ამიტომ ყველანაირად ეცადეთ, დაარწმუნოთ, რომ იგი ცდება. აჩუქეთ მას ყვავილები, ძველებურად დაპატიჟეთ კინოში და არ დაგავიწყდეთ კომპლიმენტები, რასაც ყველა მანდილოსანი იმსახურებს, განსაკუთრებით კი ორსული;

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს მეუღლეს, განსაკუთრებით ორსულობის ბოლო თვეებში, დახმარება სჭირდება. და არა მხოლოდ საშინაო საქმეებში, არამედ ჩაცმასა და გახდაშიც;

ხშირად ისაუბრეთ თქვენი პატარას კეთილდღეობაზე და თქვენი ოჯახის შესანიშნავ მომავალზე, ასეთი სასიამოვნო აზრები დადებითად მოქმედებენ როგორც თქვენს ფეხმძიმე მეუღლეზე, ისე ბავშვის განვითარებაზე.

ასე რომ, მომავალო მამებო, მოთმინება მოიკრიბეთ! :)

0 коммент.:

Отправить комментарий