ყველა გოგონა ოცნებობს იმ დღეზე, როცა თავისი ოცნების სადედოფლო კაბას მოირგებს. იმისათვის, რომ ქორწინების ცერემონიამ ყოველგვარი ხარვეზის გარეშე ჩაიაროს, აუცილებელია ყველა დეტალი იდეალურად იყოს გათვლილი.
ჩვენი დღევანდელი რჩევები პატარძლის საქორწინო ფეხსაცმელს შეეხება. ქორწილის დღეს პატარძალს უამრავი რამის კეთება უწევს, ყველაზე მცირე დისკომფორტსაც კი შეუძლია მთელი დღე ჯოჯოხეთად აქციოს, ამიტომ ამ დღისთვის განსაკუთრებით კომფორტული ფეხსაცმელი უნდა შევარჩიოთ.
ის, რომ ფეხსაცმელი ნატურალური ტყავისა ან ნებისმიერი სხვა ხარისხიანი მატერიისგან უნდა იყოს დამზადებული და აბსოლუტურად უნდა ეხამებოდეს სადედოფლო კაბას, ისედაც ცხადია. იგი ასევე მსუბუქიც უნდა იყოს და თუ ქართულ "ცეკვა–მუსიკა" ქორწილებს გავითვალისწინებთ, ფეხსაცმელს ძირი აუცილებლად დრეკადი უნდა ჰქონდეს.
დიდი ყურადღება მიაქციეთ ფეხსაცმლის ქუსლს, როგორც წესი სადედოფლო კაბებისთვის მაღალქუსლიან ფეხსაცმელს არჩევენ, თქვენ კი უნდა ეცადოთ, რომ მაღალი ქუსლი, რაც შეიძლება მყარი და მდგრადი იყოს. თავი აარიდეთ ე.წ. "შპილკა" ქუსლებს ან სათადარიგოდ აუცილებლად იქონიეთ ფეხსაცმელი უფრო დაბალი ქუსლით.
ქორწინების ცერემონიამდე აუცილებლად გაიარეთ სიარულის რეპეტიცია სახლში და დარწმუნდით იმაში, რომ თქვენ ამ ფეხსაცმელში თავს კომფორტულად გრძნობთ და ცხოვრების ყველაზე მნიშვნელოვან დღეს თქვენი სიარულის მანერაც ჰაეროვანი და მომაჯადოვებელი იქნება.
0 коммент.:
Отправить комментарий