გარდა იმისა, რომ ყოველდღე ფეხით რამდენიმე კილომეტრს დავდივართ, საოჯახო საქმის კეთებაც ძირითადად ფეხზე მდგომს გვიწევს, ეს ყველაფერი კი უარყოფით ზეგავლენას ახდენს ქვედა კიდურებზე. სწორედ ამიტომ მათ განსაკუთრებული მოვლა სჭირდება.
მთავარი მიზეზი, რამაც ფეხის დაზიანება შეიძლება გამოიწვიოს, არასწორად შერჩეული ფეხსაცმელია. მანდილოსნები ხშირად მაღალქუსლიან ფეხსაცმელს ატარებენ. მაღალქუსლიანი ფეხსაცმლის სისტემატურად ტარება კი ფეხის ტერფის დაზიანებას და ფორმის შეცვლას იწვევს. თუმცა არც ისაა სახარბიელო, როცა მოზარდებს ზამთარ-ზაფხულ კედები და ბოტასები აცვიათ. გარდა იმისა, რომ ამგვარი ფეხსაცმელი რევმატიზმს იწვევს და ხშირად ბავშვის გაცივების მიზეზი ხდება, იგი არ აძლევს კანს სუნთქვის საშუალებას, რასაც ფეხის ოფლიანობა მოსდევს.
ფეხის მოვლა, სწორად შერჩეული ფეხსაცმლის გარდა მოიცავს რამდენიმე ეტაპს: გასუფთავება, დარბილება-დატენიანება, მასაჟი და გიმნასტიკა.
ფეხების სისუფთავე ყველაზე მნიშვნელოვანია. კარგი იქნება თუ დღის ბოლოს 15-20 წუთით ფეხებს თბილ წყალში ჩააწყობთ. ეს სისხლის მიმოქცევას გააუმჯობესებს. ასევე კარგია წყალში 1 ს/კ სოდა და ცოტა ზღვის (ან უბრალო) მარილი ან გვირილას ნახარში გაურიოთ. თუმცა ანგეოლოგები გვაფრთხილებენ, რომ ქვედა კიდურების ვენების დაავადებების დროს ცხელი აბაზანები მავნებელია ჯანმრთელობისთვის, ისევე, როგორც მზეზე დიდხანს გაჩერება და სხვა ამგვარი პროცედურები.
ფეხებზე დაღლილობას მოგიხსნით ცივი აბაზანა, რომლის შემდეგაც ფეხები კარგად გაიმშრალეთ და მკვებავი კრემი წაისვით.
საკმაოდ სასიამოვნო და ამავე დროს აუცილებელი პროცედურაა ფეხების მასაჟი, რადგანაც ადამიანის ფეხზე ყველა ის აქტიური წერტილი გადის, რომელიც მთლიანად ჯანმრთელობაზეა პასუხისმგებელი. მასაჟის გეკეთება ფეხის გულიდან უნდა დაიწყოთ და მუხლამდე ახვიდეთ. პროცედურა 3-4 ჯერ გაიმეორეთ. შემდეგ სათითაოდ დაზილეთ ყოველი თითი ბალიშებიდან ძირისკენ, ხელის მოძრაობებით გაახურეთ ფეხის გულები. ამგვარი მასაჟების გაკეთება აბაზანის შემდეგაა რეკომენდებული.
ზაფხულში ბევრ ადამიანს აწუხებს ფეხების ოფლიანობა. ამის სამკურნალოდ 10 დღის განმავლობაში მიიღეთ მუხის ქერქის ან ლავანდის ნახარშის აბაზანები, შემდეგ ფეხები კარგად გაიმშრალეთ და გასუფთავებულ ფეხის კანზე წაისვით დამატენიანებელი კრემი.
თუკი ფეხის კანი გამოგიშრათ და ქუსლებზე ბზარები შენიშნეთ, გაჭერით შუაზე ლიმონი და წაისვით ფეხის ქუსლებზე. ეს პროცედურა რეკომენდებულია იდაყვებზე გაუხეშებული კანის დასარბილებლადაც.
0 коммент.:
Отправить комментарий