ამ სტატიის დაწერა ერთმა უსიამოვნო შემთხვევამ მაიძულა _ ქუჩაში მოხუცებულ მამაკაცს გული წაუვიდა, ირგვლივ ხალხი მოგროვდა და რით დახმარებოდნენ, არავინ იცოდა.
მანამ, სანამ სასწრაფო დახმარება მოვა, გულწასულ ადამიანს აუცილებლად უნდა გაეწიოს პირველადი დახმარება და ეს არც ისე რთული საქმეა. უპირველეს ყოვლისა, უნდა იცოდეთ გულწასვლის სიმპტომები. ეს უმტკივნეულო პროცესია, თავიდან თავბრუ გეხვევათ და თვალები გიბნელდებათ, შუბლზე ცივი ოფლი გასხამთ, კიდურები კი გიბუჟდებათ და გიცივდებათ, ამ დროს ყურები გიგუბდებათ და გარშემომყოფების ხმაური ზუზუნს ემსგავსება. ამ დროს მთავარია პანიკაში არ ჩავარდეთ. მართალია, ცუდად გესმით, მაგრამ ჯერ კიდევ აზროვნებთ და ხვდებით, რომ მეტი ჰაერი გჭირდებათ _ სწორედ ამიტომ გულწასული ადამიანის ირგვლივ ხალხის თავმოყრა არ არის რეკომენდებული _ გარდა ჩახუთულობისა, ეს შიშსაც იწვევს. როგორც კი შეატყობთ, რომ წონასწორობის შენარჩუნება გიჭირთ, ეცადეთ სადმე დაწოლა მოასწროთ, რომ არ წაიქცეთ და არ დაზიანდეთ.
ექიმი ირმა შოთაძე გირჩევთ, რომ გულწასული ადამიანი აუცილებლად მოათავსოთ ჰორიზონტალურ მდგომარეობაში (დააწვინოთ ზურგზე), შეუხსნათ ღილები (აზღუდი), რომ სუნთქვა გაუადვილდეს, სახეზე დააფინოთ ცივი წყლით დასველებული პირსახოცი ან ნებისმიერი ხელთ არსებული ნაჭერი. კარგი იქნება ნიშადურის სპირტს ან ვალერიანის წვეთებსაც თუ დააყნოსინებთ. მაგრამ იმ შემთხვევაში, თუ ახლოს მსგავსი არაფერი გაქვთ, სამედიცინო ინტერნეტგამოცემების მიხედვით, შეგიძლიათ გულწასულს ცხვირთან ძმრით ან ოდეკოლონით დასველებული ბამბა მიუტანოთ.
გონზე მოსვლის შემდეგ ორგანიზმში მაინც შეიმჩნევა სისუსტე, ამიტომ კარგი იქნება თუ დაზარალებულს ცხელ ჩაის ან ყავას დაალევინებთ.
გულწასვლა შესაძლოა გამოიწვიოს წნევის მკვეთრმა ვარდნამ, უეცარმა შეშინებამ, ტკივილით გამოწვეულმა შოკმა, სიცხემ და ჩახუთულობამ, მაგრამ ყველაზე ხშირად ეს მაინც შიშის ნიადაგზე ვითარდება, სისხლის დანახვა და რაიმეზე გადამეტებული ნერვიულობა ხშირად ხდება გულწასვლის მიზეზი. ასე რომ, თუკი სუსტი გული გაქვთ და წინ ეროვნული გამოცდები გელით ან სისხლის ანალიზზე მიდიხართ და სისხლის დანახვა არანაირ სიამოვნებას არ გგვრით, აუცილებლად იქონიეთ თან ვალერიანის წვეთები და გვერდით, რომელიმე ჯანიანი მეგობარი.
0 коммент.:
Отправить комментарий