კემპინგი - ექსტრემალების სტიქია


საქართველოში უამრავი ადგილია, სადაც სასიამოვნო და ემოციებით დატვირთული ლაშქრობების მოწყობაა შესაძლებელი. ამავე დროს, მინიმალური ხარჯებით შეიძლება თითქმის მთელი საქართველო (და არა მხოლოდ საქართველო) შემოიარო. კემპერების უმრავლესობა ეგრეთ წდებული "ავტოსტოპითმოგზაურობს, რაც საკმაოდ კომფორტულია და, ამასთან ფულის დაზოგვის საუკეთესო საშუალებაცაა.

კემპერობისას თან უნდა ატარო რამდენიმე ნივთი. ამ დროს აუცილებელი ელემენტია კარავი, საძილე ტომარა და მოხერხებული ზურგჩანთა. გარდა ამისა, უამრავი ნივთი საჭირო ველურ ბუნებაში თავის გასატანად, მაგალითად: ფარანი, საწვიმარი ლაბადა, ასანთი, დანა, სასურველია დეტალური რუკა და ათასი სხვა წვრილმანი.

მოგზაურობის დროს მნიშვნელოვანია ისეთი დეტალების ცოდნა, როგორ უნდა შეარჩიო კარვის გასაშლელი ადგილი. თუ იგი სწორად ვერ შეარჩიე, შესაძლოა დილით სახსრების უსიამოვნო ტკივილმა გაგაღვიძოს, უამინდობის შემთხვევაში კი _ სისველემ შეგაწუხოს.

ლაშქრობისას ისიც გასათვალისწინებელია, რომ ცივილიზაციისგან შორს ხარ და, შესაბამისად, არც სამედიცინო დახმარებაა ხელმისაწვდომი. მაგრამ ასეთი დეტალები მაინც მეორეხარისხოვანია იმ შეგრძნებებთან, რომლებიც მსგავს ექსტრემალურ თავგადასავლებს მოაქვს...

ლაშქრობა კოცონის გარეშე წარმოუდგენელია, მის ირგვლივ ყოველთვის საინტერესო ამბების კორიანტელია... კოცონი საუკეთესო საშუალებაა როგორც გასათბობად და სადილის მოსამზადებლად, ისე ფიქრისთვის, სხვა ადამიანებთან დასაახლოვებლად...

კემპერების უმრავლესობას მხეცებთან დაკავშირებული საფრთხეებიც იზიდავს, მაგრამ ლაშქრობის მთავარი ხიბლი მაინც იმაშია, რომ ასეთ დროს სულ სხვა კუთხით სცდი საკუთარ თავს, უფრო რეალურად აფასებ საკუთარ შესაძლებლობებს.

მოკლედ, კემპინგი თავისუფლების, ექსტრემის მოყვარული ადამიანების სტიქიაა და თუ გინდა, რომ ერთხელ მაინც შეიგრძნო ნამდვილი ადრენალინი, აუცილებლად უნდა გაატარო ღამე კარვით, ველურ ბუნებაში.


სალომე გეგეშიძე


0 коммент.:

Отправить комментарий