გიორგი თევდორაძეს დრამერობის 14-წლიანი გამოცდილება აქვს. ის ამ წლების განმავლობაში სხვადასხვა ქართულ მეტალჯგუფში ("Driada", "Monsters Opera" "ბეთლემი" და სხვა.) უკრავდა. დამწყები დრამერებისთვის რჩევების მისაცემად სწორედ გიორგის მივმართეთ.
"დამწყებმა დრამერმა, რომელსაც ძვირადღირებული დრამის შეძენისთვის ფული არ აქვს, უმჯობესია სპეციალური რეზინის ფირფიტაზე ივარჯიშოს. ეს მაჯების გახსნაში ეხმარება", _ ამბობს გიორგი. რიტმის ასაყოლებლად, სულ ცოტა, უნდა გქონდეს "ხეტი" (რომელიც ორი მეტალის თეფშისგან შედგება), "ბაზბოჩკა" (ფეხის პედლიანი დრამი) და "რაბოჩი".
თანამედროვე ჯაზის, როკის უმრავლესი მიმართულებისა და მეტალისთვის, აუცილებელია ორი ბაზბოჩკა, თუმცა ჯაზში ყველაფერი დასაშვებია.
გიორგის თქმით, რაც უფრო მძიმეა მუსიკა, მით უფრო დატვირთულია დრამი, მაგალითად, მეტალში დრამი, შეიძლება ითქვას, წამყვან ფუნქციას ასრულებს. საუკეთესო დრამი კი, რომლის შეძენაც საქართველოშია შესაძლებელი, "Tama" და "Sonor"-ია.
დასარტყამი ინსტრუმენტის ჯოხებიც სხვადასხვაა, მაგალითად, როკისა და მეტალის დაკვრისას გაცილებით უფრო სქელი ჯოხები გამოიყენება, ვიდრე ჯაზისა და სხვა მუსიკისთვის. პლასტმასისთავებიანი ჯოხებით ჯაზროკს უკრავენ, არსებობს "Unplug"-ის, ანუ აკუსტიკური ჯოხები, ხის წვრილი (ჩვეულებრივი) და სქელი ჯოხები. გიორგის თქმით, სავარჯიშოდ კარგია მძიმე ჯოხები, შემდეგ უკვე ჩვეულებრივი ჯოხებით დაკვრაც მარტივდება.
ბათუმში დასარტყამი ინსტრუმენტის ჩამოტანა მუსიკალური მაღაზია _ "აკუსტიკის" მეშვეობით არის შესაძლებელი. გაცილებით უფრო დიდი არჩევანია თბილისში. მაგალითად, მაღაზია "მიფასი"-ში, როგორც მათ ვებკატალოგში _ mifasi.ge-ზეა მითითებული, "Tama"-ს ფირმის დრამის სრული კომპლექტი 1773 ლარი ღირს. ამავე საიტის საშუალებით შეგიძლიათ "მიფასი"-ს ოპერატორებს (სოფოსა და შაკოს) გაესაუბროთ და თქვენთვის საინტერესო ყველა დეტალი გაარკვიოთ.
0 коммент.:
Отправить комментарий