სისუფთავესა და აკურატულობას შვილი პატარაობიდანვე უნდა მიაჩვიოთ, გემოვნებისა და სტილის ჩამოყალიბება კი, უკვე შემდეგი ეტაპია.
ბავშვები უკვე 6 წლის ასაკიდან იწყებენ საკუთარ იმიჯზე ფიქრს და ხშირად მათი აზრი მშობლებისას არ ემთხვევა. ასეთ დროს `ჭირვეულის სცენები~ თავიდან რომ აიცილოთ, შემდეგი რჩევები უნდა გაითვალისწინოთ.
პატარებმა შეიძლება რომელიმე სამოსის ჩაცმაზე უარი იმ მიზეზით განაცხადონ, რომ იგი მოდური არაა, თქვენ გაგიკვირდებათ, რა დროს 6 წლის ბავშვის მოდურობააო, მაგრამ პატარები ამ ასაკიდან უკვე «დიდობის» სტადიაში გადადიან, იწყებენ სხვა ადამიანების შეფასებას და ახალი მეგობრის გაცნობისას, მისი მთავარი ორიენტირი ვიზუალურობაა. სწორედ ამიტომ მაქსიმალურად უნდა ეცადოთ, რომ მასაც ისეთივე ფერადი და მოდური სამოსი ეცვას, როგორიც «სხვა დანარჩენ ბავშვებს ეზოში». ყოველი ბავშვი მომავალში პიროვნებაა, ამიტომ მის სურვილებს პატივი უნდა სცეთ, საკმარისია მის იდეებს მშობლებმა სწორი მიმართულება მისცენ, რომ კომპრომისსაც მიაღწიონ.
განსაკუთრებული ყურადღება უნდა მიაქციოთ ბავშვის ფეხსაცმელს, იგი აუცილებლად მაღალი ხარისხისა და ამინდის შესაფერი უნდა იყოს. ყოველდღიური ტარებისთვის სასურველია შეუძინოთ ფეხსაცმელი მომრგვალებული ცხვირით, რომელშიც ფეხის თითები თავისუფლად ექნება. ფეხსაცმელს ოდნავ შემაღლებული ქუსლი უნდა ჰქონდეს, რადგანაც სწორძირიანი ფეხსაცმელი ბრტყელტერფიანობას ავითარებს.
ასევე დიდი მნიშვნელობა აქვს ტანსაცმლის ფერსაც, მაგალითად წითელი ფერი ენერგიულობით და გაბედულობით ხასიათდება, თუმცა ამ ფერის სიჭარბემ შესაძლო ბავშვის აღზნება და აგრესია გამოიწვიოს. წითელი ფერი რეკომენდებულია იმ ბავშვებისთვის, რომლებსაც აკლიათ თავდაჯერებულობა; ფიზიკურად სუსტი და ნერვული ბავშვებისთვის მისაღები ნარინჯისფერია; ყვითელი ფერის სამოსი აუცილებელია ყველა ბავშვის გარდერობში იყოს, იგი მათ ხალისსა და ზეიმის განწყობას მატებს, ცისფერი კი ამშვიდებს, ხსნის ფიზიკურ და ფსიქოლოგიურ დაძაბულობას, ვარდისფერი ქალურობისა და სინაზის ფერადაა მიჩნეული, თუმცა ეს მხოლოდ სტერეოტიპია და არაფერია იმაში საზიანო, რომ პატარა ბიჭის გარდერობში, 1-2 ვარდისფერი პერანგიც იყოს; თეთრი სისუფთავისა და გულწრფელობის ფერია, ამ ფერის სამოსი ადამიანმა ნებისმიერ ასაკში უნდა ატაროს.
ბავშვებთან სამოსის შერჩევის გარდა კიდევ ერთი და მეტად რთული პროცედურა არსებობს _ სამოსის ჩაცმა. დილაობით პატარები სკანდალებს აწყობენ ტანსაცმლის ჩაცმაზე, ამიტომ საღამოობით ერთად უნდა დაგეგმოთ, თუ რას ჩაიცმევს იგი დილას და წინასწარ გაამზადოთ ტანსაცმელი. ეცადეთ, შესთავაზოთ ნაკლები ვარიანტი, ასე უფრო გაუადვილდება არჩევანის გაკეთება და თქვენც ნაკლებ დროს დახარჯავთ.
ხშირად პატარებს ზაფხულის თხელი ტანსაცმელი მოსწონთ, ამინდს კი დიდ ყურადღებას არ აქცევენ და პირიქით, იმის გამო, რომ მათ რომელიღაც ქუდი ან სვიტერი ძალიან მოსწონთ, ზაფხულის პაპანაქება სიცხეშიც კი ატარებენ მას. ამიტომ არ დაგავიწყდეთ ზამთარში ზაფხულის ტანსაცმლის გადამალვა და პირიქით.
თუკი ბავშვის, რომელიმე ტანსაცმელი ძალიან გეძვირებათ, შეუკერეთ ან მოუქსოვეთ იგივე მოდელი, ეს გაცილებით იაფი დაგიჯდებათ. თუმცა ბავშვის სამოსზე ეკონომია ნამდვილად არ ღირს, განა პატარებზე ძვირფასი გაგვაჩნია რამე?!
ბავშვი და ტანსაცმელი
10:56
iako.lifestyle
0 коммент.:
Отправить комментарий