ზოგისთვის მაგიდაზე დაყრილი მარილი ჩხუბის მანიშნებელია, ზოგისთვის კი _ უბრალოდ, ცრურწმენაა. თუკი თქვენ ადამიანთა იმ კატეგორიას მიეკუთვნებით, ვისთვისაც მსგავსი მოვლენები "რაღაცის მომასწავებელია", საინტერესო იქნება, სხვა დანარჩენი მინიშნებების გაგება და იმის ცოდნაც თუ, როგორ ავიცილოთ თავიდან ნაწინასწარმეტყველევი "ბოროტება", მაგალითად, მაგიდაზე დაყრილი მარილი ჩხუბს აგაცილებთ, თუ მას მარცხენა მხარს იქით გადაყრით, ან ცოტა წყალს დაასხამთ ზედ.
ამ "ნიშნების" შესახებ თითქმის ყველა ნაცნობი დავკითხე და აი "მარგალიტებიც":
თუ გზაზე მიმავალს წინ შავმა კატამ გადაგირბინა, ეს საქმის წარუმატებლობაზე მიანიშნებს და აუცილებლად უნდა გადაუხვიო გზიდან;
საპნისა და პილპილის ხელიდან გამორთმევამ სიმწარე იცის, ასევე უარყოფითი ნიშანია ცხვირსახოცის ჩუქებაც _ ამბობენ, ასეთი საჩუქრის მიღებისას აუცილებლად ფული უნდა გადაიხადოო;
ოჯახის ბიუჯეტისთვის საზიანოა მაგიდის ხელით ან ქაღალდით გადაწმენდა;
სადილამდე დაცემინება კარგი ამბების მოლოდინს ნიშნავს.
კიდევ ორი, ძალიან გამოსადეგი რჩევა ცრუმორწმუნეებისთვის _ თუ მთელი თვის მანძილზე საქმეები ცუდად მიგდით, ამბობენ, ამას საათის შეცვლა შველისო და კიდევ, პაემანი კარგად ჩაივლის, თუ რაიმე მრგვალი ფორმის სამკაულს გაიკეთებთ.
კიბეზე ან ტროტუარზე მარჯვენა ფეხით აბიჯება, წარმატებულ დღეს და საქმეში წარმატებას გპირდებათ.
ჯანმრთელობისთვის მავნებელია კედელზე მიყუდებული კიბის ქვეშ გავლა და ბინძურ წყალთან ან კანალიზაციასთან დგომა.
კიდევ ერთი, ცოტა სასაცილო წესი: როცა ფულს გაასესხებთ, ხელში დაჟანგული ლურსმანი უნდა გეკავოთ _ ფული მალე დაგიბრუნდებათ.
ხალხში ყველაზე გავრცელებული ფინანსებთან დაკავშირებული ცრურწმენებია. მაგალითად, მარჯვენა ხელის ქავილი შემოსავალის ნიშანია, მარცხენასი კი _ გასავლის,ზარალის.
გეცოდინებათ ალბათ, რომ ყველაფერ უარყოფითს თავისი დადებითი მხარე აქვს, ჰოდა, თუკი ჭიქაში ან თეფშში ბუზი ჩაგივარდათ, გიხაროდეთ _ საჩუქარს მიიღებთ.
ზოგჯერ, როცა ყურები გიხურს, ამბობენ, რომ გლანძღავენ _ თურმე, როცა მარჯვენა ყური გიხურს, შენზე სიმართლეს ლაპარაკობენ, ხოლო როცა მარცხენა გიხურს, მაშინ გჭორავენ.
თუ კოშმარი დაგესიზმრა, ადგომისთანავე ფანჯარაში უნდა გასძახოთ _ `საითაც ღამე, იქა სიზმარიც~ ან მთელი სიზმარი ონკანის გამავალ წყალს მოუყევით.
ამ ყველაფერზე შეიძლება გაეცინოს კიდეც ადამიანს, მაგრამ მაინც, როგორც კოელიოს ერთ-ერთი გმირი ამბობს: `განძთან სწორედ ის ნიშნები მიგიყვანს, რომლებითაც ყოველი ჩვენგანის გზაა მონიშნული. მთავარია, იმის წაკითხვა შეძლო, რაც შენთვისაა დაწერილი~. ვინ იცის, იქნებ ციდან, მტრედის მიერ ნაბოძები `საჩუქარი~ არამარტო მაისურის გარეცხვას, არამედ დიდ წარმატებასაც მოასწავებდეს.
0 коммент.:
Отправить комментарий