ლანჩი ზღვაზე

ზღვაზე, რამდენიმესაათიანი ყოფნის შემდეგ, ალბათ ყველას გიგრძვნიათ საშინელი შიმშილი და ყოველთვის, როცა 30 თეთრი ღირებულების სიმინდში 2 ლარს იხდი, ან 50 თეთრი ღირებულების კოკა-კოლაში ლარს, ფიქრობ, რომ ჯობდა, რამე გემრიელი სახლიდან წამოგეღო. რატომაც არა! განსაკუთრებით მაშინ, თუ საბანაოდ ბავშვები მიგყავს. ყოველთვის მომგებიანია და თანაც უსაფრთხო ბავშვებისთვის საკვები სახლიდან წაიღო, რადგან იცი ამ საკვების დამზადების თარიღი, წარმოების ადგილი და შემადგენლობაც.

რჩევები იმის შესახებ, თუ რა სახის ლანჩი ჯობია ზღვაზე პატარების წასახემსებლად, ლია ჯინჭარაძემ მოგვაწოდა. როგორც გვითხრა, თავად მას პატარებისთვის ხშირად დააქვს ზღვაზე ხილი და სხვადასხვა სახის ბუტერბროტი ყველით ან სოსისით. "ასევე არგია ხაჭაპური და ნებისმიერი მშრალი ანუ უკრემო ორცხობილა, რომელიც არ მოთენთავს პატარას, ხშირად კრემიანი ნამცხვრის სიმსუყის გამო ბავშვებს ღებინების შეგრძნება უჩნდებათ _ ლანჩი ზღვაზე რაც შეიძლება მსუბუქი უნდა იყოს".

ლია ჯინჭარაძე გირჩევთ, რომ ზღვაზე არ წაიღოთ ხორცის ნაწარმი, ნებისმიერი სახის კონსერვი და, რა თქმა უნდა, არც წვნიანი. `სხვა თუ არაფერი, დიდი რისკია იმისა, რომ სულელურ მდგომარეობაში აღმოჩნდეთ და პატარებსაც კი შერცხვეთ თქვენთან დაჯდომა".

რაც შეეხება წყალს, უმჯობესია გაყინული წაიღოთ, "დანიშნულების ადგილთან" მისვლამდე რომ არ გათბეს.

ოჯახური ლანჩის შემდეგ ნურც სისუფთავეს დაივიწყებთ _ გარდა იმისა, რომ პატარებს ცუდ მაგალითს აძლევთ, გარშემომყოფების რისხვასაც ვერსად წაუხვალთ.

ასევე მუდამ უნდა გახსოვდეთ საკვებთან მიმართებაში ოქროს წესი _ საკვების მიღების შემდეგ აუცილებლად დაიცადეთ დაახლოებით ნახევარი საათით და მხოლოდ შემდეგ დაუბრუნდით აქტიურ დასვენებას წყალში.


0 коммент.:

Отправить комментарий