ხშირად ვეკითხები საკუთარ თავს, რატომ და საითკენ გავრბივართ ასე სწრაფად, ცხოვრება ხომ ისედაც ხანმოკლეა, რატომ უნდა გავიუარესოთ ის? რატომ უნდა იყოს ასეთი ძნელი, პოლიტიკოსებთან საუბარი ისეთ საკითხებზე, როგორიცაა გლობალური დათბობა? აინშტაინის ტვინი არაა საჭირო იმისათვის, რომ მიხვდე, თუ ყველაფერი ასე გაგრძელდა, ამითი ჩვენ თვითონ დავზარალდებით, ფული აღარ გვიშველის იმ ჩვენივე ფულთან ერთად გავქრებით...
შენ შეიძლება მოახერხო ოკეანის გადაცურვა, მაგრამ შეიძლება ისეც მოხდეს, რომ ოკეანეში წყურვილით მოკვდე, ან შეიძლება იმ კაცივით დაგემართოს, რომელმაც ხორცის ცხელი ნაჭერი ჩაიდო პირში _ ის ვერ ყლაპავს ხორცს, რადგან იგი ცხელია. მაგრამ, ამავე დროს, უკანაც არ აგდებს, რადგან გაუმაძღარია. აი, სწორედ ასეთ სიტუაციაში ვიმყოფებით ჩვენ დღეს _ როდესაც "ოზონის ხვრელი" კიდევ უფრო გაფართოვდება, მილიარდები აღარ გვიშველის, სულ რაღაც ოცდაათიოდე წლის შემდეგ კი შეიძლება ორივეს სკაფანდრები გვეცვას და ასე ვეკონტაქტოთ ერთმანეთს, ან კიდევ როცა ზღვა სანაპირო ზოლს ერთიანად წალეკავს, შედარებით ზემოთ ავიბარგოთ, ჩაისუბანში შევხვდეთ ერთმანეთს და იქ ჩავატაროთ "საველე პრაქტიკები" "რევოლუციურ ვარდზე".
აფრიკელი მუსიკოსი, რიჩარდ ბონა ამბობს _ „პოლიტიკოსები, რომლებსაც ამოუწურავი ძალაუფლება გააჩნიათ, ბავშვებივით არიან. მათ მე ვირუსად აღვიქვამ, ისინი ვირუსებივით ანადგურებენ არემარეს და სანამ ყველაფერს არ შეჭამენ, არ მოისვენებენ...“
ხშირად გაღიზიანებას და უარყოფით დამოკიდებულებას იწვევს პრობლემები, რომლებიც გარემოში არსებობენ. გარემოს დაცვა და ბუნებაზე ზრუნვა ხომ ყველა ჩვენგანის ვალია. ეს თითქოსდა ყველამ კარგად ვიცით, მაგრამ აშკარაა, რომ პრაქტიკულად ამის განხორციელება ძალიან გვიჭირს. წმინდა მამა პაისი ათონელი აღნიშნავს, რომ კულტურა _ ეს კარგია, მაგრამ მან, რომ სიკეთე მოიტანოს, საჭიროა, თვით ადამიანის სული გახდეს კულტურული. სხვაგვარად კულტურა კატასტროფით დასრულდება "XX საუკუნის ადამიანები... რას არ მიაღწიეს მათ კულტურით და ცივილიზაციით. სამყარო ჭკუიდან გადაიყვანეს, დაანაგვიანეს ატმოსფერო, მათ ყველაფერი გააფუჭეს ამქვეყნად. ადრე ადამიანებს ომი სტანჯავდათ, დღეს მათ ცივილიზაცია სტანჯავთ. ადამიანი თავს ინადგურებს იმით, რასაც თვითონვე ქმნის".
გსმენიათ ეს სიტყვები?! ისინი ერთ-ერთ ინდიელ ბელადს ეკუთვნის: "როდესაც მოიჭრება უკანასკნელი ხე, მოიწამლება უკანასკნელი მდინარე, დაიჭერენ უკანასკნელ ჩიტს, მხოლოდ მაშინ მივხვდებით, რომ ფული არ იჭმევა..."
კობა ფარტენაძე, ეკოლოგი
0 коммент.:
Отправить комментарий