მართალია, ამ სამკაულის სახელწოდება _ "ფეხის სამაჯური" აბსურდულად ჟღერს, მაგრამ თავად ნივთი იმდენად ლამაზი და კოხტაა, რომ ამაზე ყურადღების გამახვილება არც ღირს.
ფეხის სამკაულის ტარება უფრო აზიური ტრადიციაა, თუმცა დღეს მას მსოფლიოს ყველა ქვეყანაში ატარებენ. დიდი მნიშვნელობა ენიჭება იმასაც თუ, რომელ ფეხზე უკეთია იგი მანდილოსანს და რა სახისაა სამკაული. მაგალითად, სამაჯური მარჯვენა ფეხზე არატრადიციული ორიენტაციის მანდილოსნებს უკეთიათ. სამაჯური მარცხენა ფეხზე კი ადრე მსუბუქი ყოფაქცევის სტატუსს ანიჭებდა მფლობელს. თუმცა არა საქართველოში, ჩვენთან ეს ყველაფერი აზიიდან შემოვიდა, სადაც იგი უბრალოდ აზიელი მოცეკვავე ქალების აუცილებელი ატრიბუტია.
მოკლედ, სამკაული ფეხზე _ მარჯვნივ იქნება იგი თუ მარცხნივ, გაბედული ნაბიჯია და მისი ტარება მხოლოდ ახალგაზრდა გოგონებისთვისაა მიზანშეწონილი (ტარების უფლება ასაკოვან მანდილოსნებსაც აქვთ, მაგრამ ასაკთან მიმართებაში ეს შეიძლება ცოტა არასერიოზულად და ვულგარულად გამოჩნდეს).
ორი სახის ფეხის სამკაული არსებობს: არადრეკადი, მეტალის წვრილი ნახევარრგოლი, რომელიც ხელით საკმაოდ რთული გასაკეთებელია და მეორე, დრეკადი, რომელსაც შემდეგნაირად ამზადებენ: წვრილ ჯაჭვზე ასხამენ პატარა მეტალის კულონებს (სწორედ ეს სამკაულები გამოსცემენ მუსიკალურ ჟღარუნს აზიური ცეკვებისას). კულონი შეიძლება თქვენი ცხოვრების უმნიშვნელოვანეს მომენტებს გამოხატავდეს, მაგალითად, კულონი გასაღების ფორმით _ ახალ ბინას, სათამაშოს კულონი _ ბავშვის შეძენას. ამგვარი შინაარსობრივი დატვირთვის მქონე კულონები აუცილებლად ერთი სტილისა უნდა იყოს. მათი შეძენა შეგიძლიათ როგორც ძვირფასი მეტალის მაღაზიებში, ისე უბრალო ძაფების მაღაზიებშიც. სამკაული შეიძლება უბრალოდ ფერადი ბუსებისგანაც ააწყოთ, მთავარია, ბუსების ფერები სამოსს ეხამებოდეს. იმ შემთხვევაში, თუ ხელსა და ყელზე ხის სამკაული გიკეთიათ, ფეხის სამაჯურიც ხის ბუსებისგან უნდა იყოს აწყობილი.
როგორც უკვე ვთქვით, საქართველოში ამ სამკაულს არანაირ სიმბოლურ მნიშვნელობას არ ანიჭებენ. ასე რომ, შეგიძლიათ თამამად ატაროთ იგი. მით უმეტეს, ზაფხულში _ გარუჯულ კანს და ფერად მარაოს ძალიან უხდება დამატებით რაიმე ბრჭყვიალა აქსესუარი.
0 коммент.:
Отправить комментарий