სვირინგი სხეულის გაფორმების ერთ-ერთი უძველესი ტრადიციაა, იგი სპეციალური ნემსებით, მღებავი პიგმენტის კანის უჯრედებში შეყვანით სხეულზე მუდმივი ნახატის ამოტვიფრას ნიშნავს. რა თქმა უნდა, ყველა ნახატს თავისი დატვირთვა აქვს.
სვირინგი ძირითადად ორი სახისაა: მუდმივი და დროებითი. სტალინის ქუჩის 19 ნომერში სალონ პარადისე-ში სვირინგს თემურ ჩხიკვაძე აკეთებს. როგორც თემური ამბობს, მასთან სვირინგს ძირითადად ბიჭები იკეთებენ. უშუალოდ დახატვის პროცედურა დაახლოებით ორ საათს გრძელდება. სვირინგის ფასი 20 ლარიდან იწყება და სირთულისა და ზომის მიხედვით განისაზღვრება.
სვირინგის გაკეთებისას (ისევე, როგორც პირსინგის), აუცილებლად შეამოწმეთ ნემსების სისუფთავე. ნახატის ამოტვიფრიდან ერთი საათის შემდეგ, ინფექცია რომ არ განვითარდეს, სვირინგი დაიბანეთ და გაიმშრალეთ.
გოგონები, როგორც წესი, იშვიათად იკეთებენ მუდმივ სვირინგს, ამიტომ მათ, სალონი Schwarzkoff-ი, დროებით სვირინგს სთავაზობს. დროებითი სვირინგი ორგვარია, ორკვირიანი – რომელიც სპეციალური საღებავით კეთდება და რომლის ფასიც 30 ლარიდან იწყება და ოთხწლიანი – რომელიც ნემსით კეთდება და მისი ფასი 150-200 ლარამდეა. ვიზაჟისტ მადონა ჩიჩხაშვილის თქმით, მათთან უსაფრთხოების ზომები სრულად დაცულია.
რაც შეეხება დროებითი სვირინგის მოვლას, როგორც სალონში გვითხრეს, მისი მობანა ამოსვირინგებიდან ერთი კვირის განმავლობაში არ შეიძლება, ამასთანავე კანი მუდმივად ნოტიო უნდა იყოს და ზედ "ბორო პლუსის" კრემი უნდა წაისვათ.
სალონ სცჰწარზკოფფ-შივე აკეთებენ ოთხწლიან ტატუაჟს, იგი სახეზე მაკიაჟის – ტუჩისა თუ თვალის კონტურის ტატუირებას გულისხმობს.
სვირინგის გაკეთება სხეულის ნებისმიერ ადგილას შეიძლება, მაგრამ არსებობს ადგილები, სადაც კანი გაცილებით უფრო თხელია. ასეთ ადგილებში სვირინგის გაკეთება უფრო მტკივნეულია. საერთოდ ტკივილს ყველა ინდივიდუალურად შეიგრძნობს. მთავარია, განეწყოთ ამ ყველაფრისთვის და არ დაგავიწყდეთ, რომ: სანამ ამ ნაბიჯს გადადგამთ, კარგად დაფიქრდით, საერთოდ, გჭირდებათ ეს თქვენ თუ არა. სვირინგმა შესაძლებელია ერთგვარი პრობლემებიც შეგიქმნათ, მაგალითად საზოგადოებაში გავრცელებული სტერეოტიპების გამო, მით უმეტეს საქართველოში, შესაძლოა სამსხურში დასაქმებაზეც კი გითხრან უარი. მაგრამ თუ მაინც გადაწყვიტეთ მისი გაკეთება, გახსოვდეთ, რომ სვირინგი ეს ის დეტალია, რომელიც ცხოვრების ბოლომდე გაგყვებათ, ამიტომ ნახატის შერჩევისას კარგად დაფიქრდით!
0 коммент.:
Отправить комментарий