ე.წ. "გენერალური უბორკის” დროს ან უბრალოდ, სახლის დალაგებისას მტვრიანი ჭაღის გაწმენდა ერთ-ერთი რთული პროცედურაა, რადგანაც ამ საქმის კეთება ზოგჯერ ჭერში გამოკიდებულს გვიწევს. ასეთ დროს ყველაზე მთავარი უსაფრთხოებაა. მართალია, ძალიან რთულია ერთმანეთზე შემომდგარ სკამებზე წონასწორობის შენარჩუნება, მაგრამ თუკი სკამების კონსტრუქციას სწორად გათვლით და საქმეში მთელ თქვენს პლასტიკურობასა და მოქნილობას ჩართავთ, ყველაფერი გამოგივათ.
ყველაზე რთული გასაწმენდი ბროლის ჭაღია ან ნებისმიერი სხვა ჭაღი, რომელიც ბევრი პატარა ნაწილებისგან შესდგება. იმის მიხედვით, თუ რამდენადაა ჭაღი დამტვერილი, არსებობს წმენდის ორი გზა: მშრალი და სველი. თუკი ბროლზე მტვრის თხელი ფენაა, იგი შეგიძლიათ მტვრის საწმენდი, ფაფუკი ჯაგრისით გაწმინდოთ ან უბრალო შალით და სპეციალური საწმენდი ტილოთი, რომელიც თურქულ მაღაზიებში 3 ლარად იყიდება და შესანიშნავად აპრიალებს შუშის ნებისმიერ ზედაპირს. წმენდისას აუცილებლად მიაქციეთ ყურადღება, რომ შუშის დეტალები ერთმანეთს არ ეხებოდეს, რათა არ დაიბზაროს.
როცა ჭაღი ძალიან დამტვერილია, მის გასარეცხად წყალი და სპეციალური სარეცხი საშუალება გჭირდებათ. თუ ჭაღის კონსტრუქცია იძლევა იმის საშუალებას, რომ იგი დაიშალოს, დაშალეთ ნაწილებად და გარეცხეთ პლასტმასის თასში, ცივი წყლით, რომელშიც ჭურჭლის სარეცხი საშუალება `ფაირყ~ იქნება გახსნილი, შემდეგ სუფთა წყლით გარეცხეთ, ფრთხილად გაამშრალეთ და ისევ ააწყვეთ. გამშრალებისას ხელზე რბილი ქსოვილის ხელთათმანები ჩამოიცვით, ანაბეჭდებით რომ არ დაისვაროს ბროლი, ან მშრალ ტილოზე დაალაგეთ ნაწილები და დაელოდეთ მის გაშრობას.
ჭაღის დეტალების დიდი ხნით წყალში გაჩერება არ არის რეკომენდებული, რადგან პატარა რკინის დეტალები, რომლებიც კონსტრუქციისთვისაა გამოყენებული, შესაძლებელია დაიჟანგოს.
მეტალის ჭაღი კი უბრალოდ სველი ტილოთი უნდა გააპრიალოთ. თუ ჭაღის დაშლა შეუძლებელია, იგი სველი ტილოთი გაწმინდეთ, ან შეაპკურეთ მინის საწმენდი საშუალება, რომელიც სპრეის სახით იყიდება და შემდეგ რბილი ქსოვილით გაამშრალეთ.
თუ არ გსურთ, რომ ოთახში მოულოდნელი ფეიერვერკი იხილოთ,გარეცხვის შემდეგ ჭაღი საგულდაგულოდ გაამშრალეთ. ნუ დაგავიწყდებათ, იგი პირდაპირ კავშირშია ელექტროენერგიასთან!
0 коммент.:
Отправить комментарий