კანის მოვლა ყველა ასაკში აუცილებელია, მით უმეტეს 50 წელს გადაცილებული ქალბატონებისთვის, როცა კანის უჯრედებში, ისევე როგორც მთელ ორგანიზმში, მკვეთრი ცვლილებები მიმდინარეობს და შედეგი სახის კანზე აქტიურად აისახება. ამ თემაზე სილამაზის სალონ “იმიჯის” კოსმეტოლოგი, ციური თურმანიძე გვესაუბრა:
“ადამიანის ზოგადი ჯანმრთელობის _ კუჭ-ნაწლავის, ნაღვლის ბუშტის, ღვიძლის მდგომარეობა აისახება სახის კანზე. ჯანმრთელი სახის კანის შესანარჩუნებლად საჭიროა ვიცხოვროთ ჯანსაღი ცხოვრების წესით. ნებისმიერი ტიპის კანს ყველა ასაკში სჭირდება: გაწმენდა, დატენიანება, კვება. მაკიაჟის ქვეშ აუცილებელად დამცავი კრემი უნდა წავისვათ, სასურველია С ვიტამინის შემცველი. გარდა ამისა, უნდა მივიღოთ ჩ ვიტამინის შემცველი პროდუქტები. ასევე, აუცილებელია ძილის წინ მაკიაჟის მოშორება”.
როგორც კოსმეტოლოგი ამბობს, 50 წელს გადაცილებულ ქალებს ძირითადად კანის სიმშრალე და ლაქები აწუხებთ. ამ ასაკში კანს ნაკლებად აქვს ცხიმის გამომუშავების უნარი, ამიტომ კანს უნდა დავეხმაროთ და გამოვიყენოთ მკვებავი კრემები და ნიღბები, რომლებშიც აუცილებელად უნდა შედიოდეს ზეითუნი ან გლიცერინი. დღის მკვებავს უფრო გარეგანი ეფექტებისგან დამცავი ფუნქცია აქვს, ღამის შედარებით ცხიმიანია. თუმცა, ორივე მათგანი მხოლოდ 10-15 წუთით უნდა გავიჩეროთ და შემდეგ ქაღალდის ხელსახოცით მოვიწმინდოთ, მით უმეტეს ძილის წინ.
კანის მოვლისთვის მჭადის ფქვილიც გამოიყენება. მჭადის ფქვილი წყალში ან/და საპონში უნდა გახსნათ და სახეზე 10 წუთით გაიჩეროთ, შემდეგ ხელის წრიული მოძრაობით უნდა ჩამოიბანოთ. თუმცა, როგორც კოსმეტოლოგი ამბობს, ამას უფრო ზედაპირული და ხანმოკლე ეფექტი აქვს, ასე სახის კანის მხოლოდ უცებ ფორმაში მოყვანაა შესაძლებელი.
რაც შეეხება ნიღბებს, შესაძლებელია მათი როგორც სახლში დამზადება, ასევე შეძენაც შესაბამის მაღაზიებში. როგორც ციური თურმანიძე ამბობს, ბაზარზე მზა ნიღბების დიდი არჩევანია. მაღაზიებში ასევე იყიდება სპეციალური თიხებიც, რომლებიც წყალში ან კვერცხის ცილაში უნდა გახსნათ და ისე დაიდოთ სახეზე. კოსმეტოლოგი გირჩევთ ე.წ. “ჰერკულესის” გამოყენებასაც, რომლითაც უამრავი სახის ნიღაბის მომზადებაა შესაძლებელი: ზეითუნგარეული, კვერცხის ცილით ან გულით, ან სულაც უბრალოდ ჰერკულესის ფაფა, ყოველგვარი დანამატების გარეშე.
პიგმენტური ლაქების მოსაშორებლად ნებისმიერ ნიღაბში ჩაამატეთ ლიმონის წვენი.
ნაოჭებისადმი მიდრეკილი კანისთვის კი ეფექტურია ცივი და ცხელი წყლის კომპრესები. ერთ ჭიქა წყალში, შეურიეთ ერთი სუფრის კოვზი მარილი, დაასველეთ პირსახოცი და დაიდეთ სახეზე, ცოტა ხნის შემდეგ ცივი წყალი შეისხურეთ ან ყინულის მასაჟები გაიკეთეთ. ეს პროცედურა ერთდროულად რამდენჯერმე გაიმეორეთ, შემდეგ სახე გაიწმინდეთ სკრაბით და ბოლოს წაისვით მკვებავი.
სახის კანი ჯანსაღად რომ გამოიყურებოდეს, ასევე ეფექტურია კვერცხის გულისა და თაფლის ნიღაბი. ასევე ცხელი შოკოლადის ნიღაბიც, _ გაადნეთ შავი მწარე შოკოლადის რამდენიმე ფილა და დაიდეთ სახეზე.
ციური თურმანიძე: `გაითვალისწინეთ, რომ ყველა სახის ნიღაბი სახეზე მხოლოდ 15-20 წუთით უნდა გააჩეროთ და შემდეგ ოთახის ტემპერატურის წყლით ჩამოიბანოთ. გარდა ამისა, ნიღაბი არაჟანისებური უნდა იყოს. კარგი ეფექტი აქვს თეთრი თიხის, კაკაოსა და ცივი მწვანე ჩაის ნაზავს, ასევე იოგურტისა და გამდნარი თეთრი შოკოლადისგან დამზადებულ ნიღაბს. კარგია შემდეგი ნიღაბიც: აურიეთ ერთმანეთში თითო სუფრის კოვზი კაკაო, თაფლი, რძე და “ჰერკულესი”, გაიჩერეთ 10-15 წუთით. სასურველია ასევე პილინგის პროცედურების ჩატარებაც, რაც სხვადასხვა მეთოდით მკვდარი უჯრედების მოცილებას გულისხმობს. პროცედურების ჩატარება მხოლოდ სალონშია შესაძლებელი. კანის მოვლა არ წარმოადგენს პრობლემას, მთავარია, ეს ჩვევად ჩამოგვიყალიბდეს და ყოველ დღე საკუთარ თავს 20 წუთი დავუთმოთ”.
0 коммент.:
Отправить комментарий