”დაკონსერვებული” მოგონებები

ზაფხული უკვე მიილია და ხავერდოვანი სეზონით ვცდილობთ მის გახანგრძლივებას. შემდეგ კი დადგება ძალიან გრძელი და ცივი ზამთარი. ამ დროს თუ დრო და ფინანსური მდგომარეობა გვაძლევს საშუალებას, "თბილ ქვეყნებში" გამგზავრება საუკეთესო ვარიანტია. იმათ კი, ვისაც ამის საშუალება არ აქვთ, ერთ-ერთი საიტი ზაფხულის `დაკონსერვებას~ ურჩევს.

დასასვენებლად გამგზავრებულებს, ალბათ ხშირად შეგიგროვებიათ ბევრი სამახსოვრო და ერთი შეხედვით, გამოუსადეგარი ნივთი. იქნება ეს სხვადასხვა ზომისა თუ ფორმის კენჭები, ნიჟარები, გირჩები, ყვავილები და სუვენირები, რომლებსაც გულმოდგინე ინახავთ. სწორედ მათი გამოყენებით საინტერესო და ორიგინალური ნივთების დამზადების ხერხებია საიტზე განთავსებული.

ყველაფერი ძალიან მარტივად კეთდება. აიღეთ რამდენიმე სხვადასხვა ზომის თავსახურიანი მინის ქილა და თქვენ მიერ შეგროვილი სამახსოვრო ნივთები, სურვილისამებრ ფოტოებიც. თავიდან გადაანაწილეთ სუვენირები თემატურად. დაჯგუფება სხვადასხვა მეთოდით შეიძლება: წლების, ქალაქების, ადგილების და მოვლენების მიხედვით, მთავარია, თითოეულ სუვენირთა ჯგუფს თავისი იდეა ჰქონდეს. მოიფიქრეთ სლოგანი ან მხიარული სათაური თითოეული ჯგუფისთვის.

გადაალაგეთ სუვენირები სხვადასხვა ქილაში, შეგიძლიათ გამოიყენოთ სპეციალური გასაფორმებელი ფერადი კენჭები და სხვა საშუალებები, ყველაფერი თქვენს ფანტაზიაზეა დამოკიდებული. საბოლოოდ, გარდა იმისა, რომ ნივთების გადალაგებისას კვლავ გაიხსენებთ სასიამოვნო მომენტებს, მიიღებთ ორიგინალურ სუვენირებსაც, რომლითაც თქვენი სახლის მორთვას შეძლებთ.

ყოველთვის, როცა გვერდით ჩაუვლით თქვენს ნახელავს, სასიამოვნო საზაფხულო-სამივლინებო განწყობით დაიმუხტებით და ერთფეროვანი სამუშაო დღეები არც ისე მოსაწყენად მოგეჩვენებათ.

0 коммент.:

Отправить комментарий