თანამედროვე, დაძაბული ცხოვრების რიტმიდან გამომდინარე, სულ უფრო და უფრო ხშირად გვიწევს ვისარგებლოთ სწრაფი კვების ობიექტებით _ დრო და ფინანსები რომ დავზოგოთ.
ამბობენ, რომ სისტემატურად სწრაფი კვების ობიექტების “მონახულებამ” შეიძლება ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემები შეგვიქმნას. ამ მოსაზრების შესახებ საოჯახო მედიცინის რეგიონალური ცენტრის ექიმი, ნინო კვაჭაძე გვესაუბრა _ “სწრაფი კვება მავნებელია ორგანიზმისთვის. ამ ობიექტებში დამზადებული საკვები გაჯერებულია გადამუშავებული ცხიმით, შეიცავს კანცეროგენებს, რაც ვნებს კუჭ-ნაწლავს. იწვევს წონის მომატებას, რაც ხდება გულ-სისხლძარღვთა დაავადებებისა და შაქრიანი დიაბეტის მიზეზი. სწრაფი კვების უარყოფითად მოქმედება გამოიხატება გულძმარვით, წამოქარვებებით, კუჭ-ნაწლავის მოქმედების დარღვევით, თავის ტკივილებით და ა.შ. ფიზიკურად და გონებრივად დატვირთული ადამიანის ორგანიზმი უნდა იკვებებოდეს რეგულარულად, ანუ დღეში სამჯერ კონკრეტულ საათებში და თუ არის საშუალება, ორჯერ უნდა წაიხემსოს”.
სტუდენტი, სოფო სურმანიძე, ხშირად იკვებება სწრაფი კვების ობიექტებში, რადგან დღის განმავლობაში სახლში მისვლას ვერ ახერხებს _ “ვიცი, რომ ასე კვება ჯანმრთელობისთვის არ არის კარგი. რა თქმა უნდა, სახლში დამზადებული სადილი მირჩევნია, თუმცა იშვითად ვახერხებ სახლში სადილობას”.
მოუცლელ და საქმიან ადამიანებს ექიმი ურჩევს: “სახლში ნატურალურ პროდუქტებზე დაამზადონ ე.წ. ბუტერბროდი და პატარა პლასტმასის კონტეინერით წაიღონ სამსახურში ან სასწავლებელში, დაამატონ ერთი ჭიქა ცხელი ყავა ან ჩაი და ასე წაიხემსონ. თუ არც ამის საშუალება აქვთ, უნდა მიმართონ ნორმალურ დაწესებულებებს, სადაც გემრიელ და სასარგებლო საკვებს მიირთმევენ.”
ერთი შეხედვით ეს შეიძლება რთულად განსახორციელებელი მოგეჩვენოთ, სინამდვილეში კი საკმაოდ ადვილია. მე მეგობრებთან ერთად უკვე დავიწყე სამსახურში “საგზლით” მოსვლა, თუ ამას ვერ ვახერხებ, რამდენიმე წუთით სახლში მივდივარ და იქ ვსადილობ, თქვენც იმავეს გირჩევთ. თუკი თანამშრომლებთან მარტო ჭამის გერიდებათ, დაარწმუნეთ ისინიც სწრაფი კვების მავნებლობაში (თუნდაც ამ სტატიით!) და მათაც ურჩიეთ სამსახურში საგზლის მოტანა.
ჯანმრთელობას გისურვებთ!...
0 коммент.:
Отправить комментарий