დღეს საკმაოდ იშვიათად შეხვდები მხატვრული ლიტერატურის მოყვარულ ბავშვს. მე-4 კლასელი მარიამ თურმანიძე გამონაკლისია. მას პატარაობიდანვე მშობლები ბევრს უკითხავდნენ და როცა სკოლაში შევიდა, მან უკვე იცოდა წერა-კითხვა. პირველი ზღაპარი, რომელიც მარიმ დამოუკიდებლად წაიკითხა, “წითელქუდა” იყო. მერე კითხულობდა ქართულ ხალხურ ზღაპრებს, საბავშვო ისტორიას, საყმაწვილო ბიბლიას და ენციკლოპედიას. განსაკუთრებით უყვარს ნოდარ დუმბაძის _ “მე, ბებია, ილიკო და ილარიონი”.
მარიამის დედის, ირმა სირაბიძის თქმით, მარიამს უკვე იმდენად უყვარს კითხვა, რომ თვითონ ითხოვს ამა თუ იმ წიგნის ყიდვას. თავის ყულაბაში შეგროვილი ფულითაც მხოლოდ წიგნებს ყიდულობს.
მარი ხშირად იყენებს კომპიუტერსაც, თამაშობს, ახალ წიგნებს ეძებს და რაოდენ გასაკვირიც არ უნდა იყოს, უახლეს ინფორმაციებსაც ეცნობა. მარის ორი პატარა დაიკო ჰყავს: ანა და თეკლა. მათაც ძალიან უყვართ ზღაპრები და თუ ძილის წინ მშობლებმა არ წაუკითხეს, არ იძინებენ.
ქალბატონი ირმა ფიქრობს, რომ კითხვისადმი ინტერესს განაპირობებს მშობლებს დამოკიდებულება წიგნისადმი. მშობლები უნდა შეეცადონ, პატარაობისას რაც შეიძლება ბევრი წაუკითხონ ბავშვს, რათა ადრეული ასაკიდანვე გააღვივონ მასში წიგნისადმი ინტერესი. გარდა ამისა კარგი იქნება, თუ ბავშვს შევთავაზებთ ისეთ წიგნს, რომლის მიხედვით გადაღებული ფილმი აქვს ნანახი. ფილმები დიდ შთაბეჭდილებას ახდენენ ბავშვზე და შესაბამისად წიგნის წაკითხვაც მოუნდება. როგორც წესი, წიგნი უფრო საინტერესოა, ვიდრე მის მოტივებზე გადაღებული ფილმი. ამიტომ პატარები ტელევიზორიდან ნელ-ნელა წიგნზე გადაერთვებიან.
სასურველია ბავშვის პირველი წიგნები იყოს ფერადი ილუსტრაციებით გაფორმებული და საინტერესო. კარგი იქნება, თუ პატარას წიგნების მაღაზიაში მივიყვანთ და მივცემთ საშუალებას, თვითონ აირჩიოს სასურველი წიგნი, ეს უფრო გაზრდის მის ინტერესს.
0 коммент.:
Отправить комментарий