ძალიან დატვირთული და რთული დღის შემდეგ, მეგობარმა სახალისო ვიდეორგოლი გადმომიგზავნა. ვიდეო მართლაც ძალიან სასაცილო იყო და გავხალისდი, მუშაობის ხალისიც მომემატა და ენერგიაც. დავრწმუნდი, რა დიდი მნიშვნელობა აქვს იუმორს ცხოვრებაში და გადავწყვიტე, ამაზე სტატია მომემზადებინა.
იუმორის მნიშვნელობაზე ფსიქოლოგ გურამ ჩაგანავას ვესაუბრე: “იუმორი გვაძლევს საშუალებას გავიცინოთ და დროებით მაინც გავთავისუფლდეთ იმ პრობლემებისგან, რომლებსაც ვაწყდებით ყოველდღიურ ცხოვრებაში. იუმორის მნიშვნელობა არამხოლოდ შედეგშია, არამედ პროცესშიც, თვითონ პროცესიც არის სასიამოვნო”.
მოსაზრებას, _ პრობლემებს იუმორით უნდა შეხედო, ფსიქოლოგი არ იზიარებს _ “უკეთესია პრობლემას სერიოზულად თუ შევხედავთ, მაგრამ მათი გადაუჭრელობის შემთხვევაში არ უნდა ჩავიბეჭდოთ თავში, რომ გამოსავალი არ გვრჩება. საკუთარ წარუმატებლობას იუმორით თუ შეხედავ, ეს ძალიან დაგეხმარება საკუთარი თავისადმი რწმენის შენარჩუნებაში. ადამიანებს გვაქვს დიდი ამბიციები, პრეტენზიები, მაღალი თვითშეფასება და წარუმატებლობის შემთხვევაში ეს ყველაფერი იმსხვრევა, ამიტომ საკუთარი თავის მიმართ იუმორისტული დამოკიდებულება, სხვისი თვალით შეხედვა, გვაძლევს საშუალებას, ზედმეტად არ დავიკნინოთ თავი, წარმატების შემთხვევაში კი ზედმეტი განდიდებისგან დაგვიცავს”.
ზოგ შემთხვევაში კი იუმორი შეიძლება ზედმეტი იყოს. ფსიქოლოგი გვირჩევს, სწორად შევარჩიოთ გარემო _ “იუმორი არ უნდა იყოს დამაკნინებელი და ღირსების შემლახველი. როცა ამბობ რამე სასაცილოს, იმის იმედი უნდა გვქონდეს, რომ მოსაუბრეებიც განწყობილნი იქნებიან ამისთვის”.
პრობლემებისა და დატვირთული დღეების მიუხედავად კარგ განწყობაზე რომ ვიყოთ, ფსიქოლოგი გვირჩევს, გავითვალისწინოთ ამერიკულ კულტურაში არსებული “სმაილ თერაპია” _ გაიღიმე ნებისმიერ შემთხვევაში. ზოგჯერ შეიძლება არ ვიყოთ შესაბამის განწყობაზე, მაგრამ ასეთი ღიმილიც კი ხშირად რეალურ ემოციებში გადადის და მართლა იწვევს ღიმილს. გარდა ამისა, ცნობილი ფაქტია, რომ ადამიანებს მხიარული და ხალიასიანი პიროვნებები უფრო უყვართ, ვიდრე თავის თავში ჩაკეტილები და მუდმივად დაღვრემილები.
გურამ ჩაგანავა გირჩევთ, ყოველი დღე სარკის წინ გაღიმებით დაიწყოთ _ “ამ დროს შეიძლება მოგვწონდეს ან არ მოგვწონდეს საკუთარი თავი, მაგრამ ღიმილი პოზიტიურად განგვაწყობს. გარდა ამისა, მთელი დღის განმავლობაში რაც უფრო მეტს გავიღიმებთ, მით უკეთესად ვიგრძნობთ თავს, თუმცა აქაც ზომიერებაა საჭირო”.
ასევე, ერთ-ერთ ინტრნეტსაიტზე წავიკითხე, რომ ფლორიდაში, კარდიოლოგიის ინსტიტუტმა ჩაატარა კვლევა, რომლის თანახმად, ყოვედღიური სიცილი ისეთივე გავლენას ახდენს ორგანიზმზე, როგორც ფიზიკური ვარჯიშები. სიცილის ერთი წუთი ერთ წელ სიცოცხლეს რომ გვჩუქნის, ამაზე ყველამ იცის.
სიცილი გვეხმარება დაძაბულობის განმუხტვაში; ოჯახში, სამსახურში, ურთიერთობების კარგ კლიმატს ქმნის. რუსი მწერალი, ლევ ტოლსტოი წერდა _ “არაფერი ის არ აახლოებს ადამიანებს, როგორც კარგი, უდანაშაულო სიცილი”.
სამსახურის დატვირთული გრაფიკი ცოტათი რომ შეიმსუბუქოთ, რამდენიმე საათში ერთხელ მოიწყვეთ პატარა იუმორისტული შოუ _ მოძებნეთ სახალისო ვიდეორგოლები ან სტატიები და გაეცანით, მერწმუნეთ, ენერგია მაშინვე მოგემატებათ. მათ კი, ვისაც ინტერნეტზე ხელი არ მიუწვდებათ, ვურჩევ, შეიძინონ იუმორისტული ჟურნალები ან ”მე, ბებია, ილიკო და ილარიონის” ნებისმიერ გვერდს გადახედონ.
(ფოტოზე: თამო რუხაძე, ნინი კიკალიშვილი, ნინო თურმანიძე)
0 коммент.:
Отправить комментарий