რა ზიანის მოყენება შეუძლია კოღოს ნაკბენს? _ ამის გასარკვევად საოჯახო მედიცინის რეგიონალურ ცენტრს მივმართე. ექიმებმა მითხრეს, რომ სერიოზული დაავადებების გადამდები კოღოები ჩვენთან აღარ არიან. იშვიათ შემთხვევაში თუ მაინც გამოვლინდა მსგავსი რამ, ადვილად იკურნება. “ბათუმში გავრცელებული კოღოების ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს შეშუპება, ტკივილი და ქავილი. თუმცა კოღოს ნაკბენი მალე უნდა გაქრეს. გარდა ამისა, ნაკბენმა შეიძლება გამოიწვიოს ალერგიული რეაქცია. ამ დროს აუცილებლად უნდა მიმართოთ ექიმს”, _ ამბობს ანა ანთაძე.
როგორც ერთ-ერთ აფთიაქში გვითხრეს, კოღოს ნაკბენისთვის საუკეთესოა “პანთენოლი”, რომელიც 13-15 ლარი ღირს. ბავშვებისთვის სასურველია “ალერგოსანის” მალამო გამოვიყენოთ, _ ფასი ხუთ ლარამდეა. ასევე, არსებობს აეროზოლები (მაგალითად, “ანტისოლი”, ფასი _ 11 ლარი), რომლებიც აფრთხობს კოღოებს და მათი გამოყენების შემდეგ ისინი “აღარ გვეკარებიან”. კოღოებს აფრთხობს ასევე მიხაკის სუნი და ძმარი.
ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე განთავსებული რჩევის მიხედვით, კოღოს ნაკბენისგან გამოწვეული უსიამოვნო შეგრძნების მოხსნა შესაძლებელია ნაკბენზე “კორვალოლის” წასმით, ასევე პიტნის ნაყენით ან მისი ფოთლით.
კოღოებისგან თავდაცვა შესაძლებელია სპეციალური საშუალებებითაც, რომლებიც ბაზრობაზე ან სუპერმარკეტებში შეგიძლიათ შეიძინოთ. მაგალითად სპირალით ან ელექტროაპარატურით, რომელშიც უნდა მოათავსოთ სპეციალური სითხე ან ფირფიტა, იგი დაწვისას გამოყოფს სუნს, რომელიც აფრთხობს კოღოებს. როგორც ბაზრობაზე მითხრეს, ყველაზე ეფექტური სწორედ ეს უკანასკნელია, განსაკუთრებით კი რუსული წარმოების “რაპტორი” (раптор), არსებობს როგორც ფირფიტები, ასევე სითხე. ბაზარზე სპირალის ღირებულება ორიდან სამ ლარამდეა, ხოლო ელექტროაპარატები სითხესთან ან ფირფიტასთან ერთად 7-დან 10 ლარამდე ღირს.
გარდა ამისა, საკმაოდ ეფექტურია კოღოს საწინააღმდეგო ბადეები, რომლებსაც სპეციალურ ჩარჩოში სვამენ და შემდეგ ფანჯრებზე ამაგრებენ.
ერთ-ერთ ინტერნეტსაიტზე ისიც ამოვიკითხე, რომ მამრი კოღოები არ იკბინებიან, მხოლოდ მდედრები აწუხებენ ადამიანებს და არა უმიზეზოდ _ შთამომავლობის შესანარჩუნებლად ადამიანის ან ცხოველის სისხლი მათთვის აუცილებელია. მათთვის ხელსაყრელია ნოტიო გრილი ამინდი, ვერ იტანენ სიცხეს, 26 გრადუსსზე მეტს... მოკლედ, უნდა გადაწყვიტოთ, იბრძოლოთ კოღოების გასანადგურებლად თუ დაეხმაროთ შთამომავლობის შენარჩუნებაში.
0 коммент.:
Отправить комментарий