ცნობილია, რომ ძაღლი ადამიანის საუკეთესო მეგობარია. როგორც ზოომაღაზიის მეპატრონე _ მარგარიტა გოგიშვილი ამბობს, “სწორად აღზრდილი ძაღლი ადამიანის მეგობარი, მცველი და შვილიც შეიძლება გახდეს”.
ძაღლის სწორად აღზრდისთვის აუცილებელია სწორი კვება. მარგარიტა გვირჩევს, რომ უკეთესია ძაღლს ბუნებრივი საკვები (ხორცი) ვაჭამოთ. თუკი ამის შესაძლებლობა არ გვაქვს, უნდა შევურჩიოთ ხარისხიანი საკვები. როგორც კინოლოგმა _ დათო ჩიტაიშვილმა გვითხრა, ძაღლის საკვები ხარისხის მიხედვით სამი სახისაა: ეკონომკლასი, პრემიუმი და სუპერპრემიუმი _ “რაც უფრო მაღალი ხარისხისაა საკვები, მით უფრო მეტია მასში ვიტამინები, ცხიმები და პროტეინი”. საკვების შერჩევისას აუცილებელია ძაღლის ასაკის გათვალისწინებაც. დათო ჩიტაიშვილის თქმით, ყველაზე ხარისხიანი საკვები არის “პროპაკი”.
რაც შეეხება საკვების რაოდენობას, ეს ძაღლის ჯიშზეა დამოკიდებული. იმისათვის, რომ ძაღლი იყოს ჯანმრთელი, აუცილებელია ვეტერინარის ჩარევით პატარაობაშივე ორჯერ მიიღოს ჭიის წამალი და ორჯერვე გაუკეთდეს ვაქცინა. ბოლო ვაქცინაციიდან ექვსი კვირის გასვლის შემდეგ შეიძლება ძაღლის დაბანა, გასეირნება და ა.შ. ძაღლი ჰიგიენას პატარაობიდანვე უნდა მივაჩვიოთ, თავის დროზე დავვარცხნოთ, ვაბანაოთ. იმ ჰიგიენური საშუალებებით, რაც ჩვენს ბაზარზე იყიდება, რეკომენდებული არაა ძაღლი ხშირად ვაბანაოთ. ყოველი დაბანის შემდეგ კი აუცილებელია ერთ ვედრო წყალში გავხსნათ 200 გრამი ვაშლის ძმარი და ძაღლი გადავბანოთ. ეს დაიცავს მის კანს.
მარგარიტა გოგიშვილი ამბობს, რომ ძაღლის შეძენა ჯიშისა და წარმომავლობის გაურკვევლად ქმნის იმის საშიშროებას, რომ ძაღლი ვინმეს დააშავებს. “ძაღლი ექვსი თვის ასაკამდე უნდა ჰყავდეს პატრონს, შემდეგ კი მიაბარეთ კინოლოგს, განსაკუთრებით დიდი ჯიშის და ოჯახის ძაღლები, რათა მათ ზომიერი აგრესია ჰქონდეთ” _ გვირჩევს დათო ჩიტაიშვილი. კინოლოგთან წვრთნაში შედის ისეთი ბრძანებების სწავლება, როგორიცაა ჯოხის მოტანა, თათის მიწოდება და ა.შ. მწვთნელისგან ძაღლის წაყვანის შემდეგ აუცილებელია გადაბარების პროცესი, რათა ძაღლი კვლავ მიეჩვიოს პატრონს.
მარგარიტა გოგიშვილის რჩევით, ექვს თვემდე ასაკის ძაღლი არ უნდა დავაბათ, რადგან ეს მასში აგრესიას იწვევს. ლეკვს უნდა მივცეთ საშუალება იაროს იქ, სადაც უნდა _ “საერთოდ, ძაღლს 33-ჯერ უფრო კარგი სმენა აქვს, ვიდრე ადამიანს და როცა უყვირით, ეს მასზე მოქმედებს. ამიტომ, ძაღლს ხშირად თუ დატუქსავთ, მშიშარა გაიზრდება.
0 коммент.:
Отправить комментарий