ხშირად სწორედ ეს ერთი შეხვედრა იძლევა პასუხს კითხვაზე _ ღირს თუ არა ურთიერთობის გაგრძელება. ამიტომ, ყველა ადამიანი ცდილობს, პირველ პაემანზე დადებითი შთაბეჭდილება დატოვოს. ამ შეხვედრას ბევრ დროსა და ყურადღებას ვუთმობთ, რის გამოც ხშირად არაბუნებრივად გამოვიყურებით.
რამდენიმე ადამიანს ვკითხე რჩევა იმაზე, თუ როგორ უნდა მოვიქცეთ პირველ პაემანზე, რომ ყველაფერი ერთი შეხვედრით არ დამთავრდეს და ურთიერთობა გაგრძელდეს.
დეა ნიქაბაძე გოგონებს ურჩევს, იყვნენ მაქსიმალურად მოწესრიგებულნი და დახვეწილნი. “თავისუფლად იყავით, არ შეიბოჭოთ, თუმცა მასაც აცალეთ საუბარი… შეეცადეთ მაქსიმალური ინფორმაცია მიიღოთ მისგან, რათა მიხვდეთ, გსურთ თუ არა მასთან ურთიერთობის გაგრძელება. არ ისაუბროთ ყოფილ შეყვარებულებზე, ყოველი ახალი ურთიერთობა სუფთა ფურცლიდან უნდა იწყებოდეს და არ უნდა იყოს დაფუძნებული ძველზე”.
ბიჭმა ქალს თავი რომ მოაწონოს, უნდა შეეცადოს იყოს საინტერესო, ყურადღებიანი _ მიაჩნია დეას, სასურველია წინასწარ გაიგოს რა მოსწონს მის რჩეულს. “შეიძლება პაემანზე ისაუბროს მის ღირსებებზე, მაგრამ არა გადაჭარბებულად. უნდა იყოს ზრდილობიანი, ხუმრობაც უნდა შეეძლოს. პირველ პაემანზე ნუ წამოიწყებს საუბარს მისი ყოფილი შეყვარებულების შესახებ და ნუ ეტყვის კომპლიმენტს _ რა ლამაზი თვალები გაქვს, ძალიან ჰგავხარ ჩემს მეხუთე შეყვარებულს. ეს ტოვებს იმის შთაბეჭდილებას, რომ სერიოზულს არაფერს გრძნობს ჩემ მიმართ და მეც მისი “მორიგი” ვარ.”
დეა ამბობს, რომ თუ პაემანი წარმატებული აღმოჩნდა და მოეწონე საწინააღმდეგო სქესის წარმომადგენელს, გაგრძნობინებს კიდეც, გეტყვის უამრავ კომპლიმენტს, შეეცდება, უფრო მეტი გაიგოს შენზე _ “თუ უცებ სხვა საქმე გამოუჩნდა და სხვა დროს ნახვას შეგპირდა, ე.ი. რაღაც ვერ არის კარგად”.
სტუდენტი ნათია მჟავანაძე კი გოგონებს ურჩევს, ზედმეტად არ გაიპრანჭონ და არ აგრძნობინონ, რომ ჭკუას კარგავენ მასზე _”ეს შემდგომ ურთიერთობაზე ცუდად მოქმედებს. და საერთოდაც, მამაკაცს წინააღმდეგობის შემთხვევაში უფრო უყვარდები. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ ყურადღება საერთოდ არ მიაქციოთ, უყურადღებობა ნებისმიერ ადამიანს აღიზიანებს, ასეთ შემთხვევაში მით უმეტეს.
მართალია პირველი პაემანი მნიშვნელოვანია, მაგრამ მისი წარმატება თუ წარუმატებლობა არ განსაზღვრავს ურთიერთობის გაგრძელება-არგაგრძელებას. შეიძლება პაემანი წარმატებული იყოს, მაგრამ სიყვარულმა არ გაამართლოს და პირიქით. მაგალითად, ჩემი პირველი პაემანი არც თუ ისე დიდი ხნის წინ იყო, ყველაფერმა კარგად ჩაიარა, მორიგი პაემანიც შედგა, მაგრამ გრძნობამ არ გაამართლა, ასე რომ, ეს არ განსაზღვრავს ყველაფერს”.
გიორგი ჯაბნიძე კი პირველ პაემანზე გარეგნობას აქცევს ყურადღებას _ “ვფიქრობ, პირველი შეხვედრა ნაკლებად რომანტიკული უნდა იყოს, თუმცა მიუხედავად იმისა, რა ურთიერთობა ჩამოყალიბდება შემდეგში, რადგანაც დაუნიშნე პაემანი, რადაც არ უნდა დაგიჯდეს, უნდა აგრძნობინო, რომ შენთვის მნიშვნელოვანია. ამავდროულად, შენს დადებით თვისებებსაც უნდა გაუსვა ხაზი, რათა დარწმუნდეს, რომ კარგი ადამიანი ხარ. მართალია, მათემატიკური სიზუსტით ვერ დაგეგმავ, გაამართლებს თუ არა ურთიერთობა, მაგრამ თავმოყვარეობის ამბავიცაა, რომ პირველი პაემანი წარმატებული იყოს. პირველმა პაემანმა როგორც არ უნდა ჩაიაროს, ქალი ყოველთვის ელოდება ფრაზას _ მომდევნო შეხვედრა როდის გვექნება. პირველივე პაემანზე დასაშვებია პირველი კოცნაც, თუმცა ამას გულწრფელობა უნდა ახლდეს თან.”
მიუხედავად იმისა, რომ ჩემი რესპონდენტების მოსაზრებები პირველი პაემანის შესახებ სხვადასხვაა, ფსიქოლოგი რუსუდან კეჭაყმაძე ამბობს, რომ არსებობს რამდენიმე თვისება, რაც კვლევების მიხედვით ორივე სქესის წარმომადგენლებისთვის ერთნაირად მნიშვნელოვანია და დიდი ყურადღება ექცევა პირველივე შეხვედრისას _ სითბო, ყურადღება, გაგებისა და პრობლემების გაზიარების უნარი და ა.შ. ამ თვისებების არ ქონა, განსაკუთრებით კი ყურადღების, არის ის ფაქტორი, რაც აფუჭებს ქალისა და მამაკაცის ურთიერთობას. ცუდად მოქმედებს დაგვიანებაც. როცა პაემანზე 15 წუთზე მეტხანს ვიგვიანებთ, ე.ი. ეს შეხვედრა და ადამიანი, ვისაც უნდა შევხვედროდით, არ არის ჩვენთვის მნიშვნელოვანი.
რუსუდან კეჭაყმაძე: “საერთოდ, თუ პირველი შთაბეჭდილება უარყოფითია, შემდეგი შეხვედრები უფრო გააღრმავებს მას. საჭიროა ბევრი დრო და დიდი ძალისხმევა, რათა პირველი შთაბეჭდილება შეიცვალოს, იქნება ის დადებითი თუ უარყოფითი. თუმცა, ეს არ ნიშნავს იმას, რომ შთაბეჭდილების შეცვლა შეუძლებელია, თუ ორ ადამიანს რაღაც სიტუაციაში მოუწევთ ერთად ყოფნა და უკეთესად გაიცნობენ ერთმანეთს, აზრის შეცვლის დიდი შანსია.”
თუ გინდათ არ გასცეთ საკუთარი თავი და სიმპათიები პირველივე შეხვედრაზე არ გამოამჟღავნოთ, რუსუდან კეჭაყმაძე გირჩევთ, აკონტროლოთ ჟესტი და მიმიკა _ “თმის წვალება, ბეჭდის ტრიალი და სხვა მსგავსი ჟესტები ნერვიულობაზე ან კეკლუცობაზე მიუთითებს, შეეცადეთ, გააკონტროლოთ თავი. თუმცა კონტროლი ძალიან რთულია, სწორედ ამიტომაა ვერბალური ინფორმაცია უფრო სანდო. თუმცა, ძალიან ცოტას შეუძლია ჟესტებისა და მიმიკის სწორად გაშიფვრა”.
იმედია, რჩევები პირველი პაემანის სწორად წარმართვაში დაგეხმარებათ, თუმცა, თუ ყველაფერი ისე არ განვითარდა, როგორც გინდოდათ, ხელს ნუ ჩაიქნევთ, შესაძლებელია ეს სულაც არ იყოს შემდგომი ურთიერთობის საფუძველი. წარმატებებს გისურვებთ!..
0 коммент.:
Отправить комментарий