ბალზამინი

ამჯერად გადავწყვიტეთ განსაკუთრებული ყვავილის მოვლის შესახებ მოგითხროთ, რომელსაც ჭავჭავაძის ქუჩის დასაწყისში მდებარე ყვავილების ბაზრობაზე წავაწყდით _ მცენარე პატარა წითელი ყვავილებით. როგორც გამყიდველმა მითხრა, მასბალზამინი” ჰქვია და მისი განსაკუთრებულობა იმაში მდგომარეობს, რომ იგი წელიწადის ყველა დროს ყვავილობს, ზამთარშიც კი.

ბალზამინი, როგორც მაღაზიაში გვითხრეს, მარტივად მრავლდება _ ფრთხილად მოატეხეთ ყვავილს პატარა ტოტი და წყლით სავსე ჭიქაში გააჩერეთ მანამ, სანამ ფესვებს არ გამოიღებს. მას შემდეგ, რაც ტოტს ფესვები გამოუვა, შეგიძლიათ ჩარგოთ ქოთანში. თუკი ქოთანში ნიადაგისთვის ფხვიერ მიწასთან ერთად დიდი ოდენობით დამწვარ ნაკელს ჩაყრით, ეს ხელსაყრელი პირობა იქნება ბალზამინისთვის, რათა იმ წელსვე აყვავილდეს.

როგორც ყვავილების ბაზრობაზე გვითხრეს, ბალზამინი ნაკლებად პრეტენზიულია და მისი მოვლა ადვილია. ისე ყურადღებაც საჭიროა _ ამ მცენარეს არ უყვარს სიცხე, ამიტომ მწველ მზეს უნდა მოვარიდოთ და ცხელ დღეებში რამდენჯერმე მოვრწყოთ. გრილ ამინდში ბალზამინისთვის წყლის დღეში ერთხელ დასხმაც საკმარისია.

ბალზამინის შესახებ უფრო მეტი ცნობების მოსაპოვებლად ინტერნეტშიც შევიხედე და გავიგე, რომ მისი ბევრი სახეობაა გამოყვანილი, რომლებიც სიმაღლით, ფორმითა და ფერით განსხვავდებიან ერთმანეთისგან. იქვე წერია, რომ ბალზამინს შესაძლოა გაუჩნდეს პეპელა, ამ შემთხვევაში დაზიანებული ღერო უნდა გადაჭრათ. ახალი, ჯანსაღი ღერო კი თავისით ამოვა.

ეს პატარა, ლამაზი ყვავილი ბაზრობაზე სამიდან ხუთ ლარამდე ღირს.

0 коммент.:

Отправить комментарий